ახალი ამბებისაზოგადოება

პაპავა: რექტორის არჩევნები ვერ ჩაივლის მთავრობის ჩარევის გარეშე

19 აპრილი, 2016 • 1712
პაპავა: რექტორის არჩევნები ვერ ჩაივლის მთავრობის ჩარევის გარეშე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის რანგში ვლადიმერ პაპავამ დღეს ბოლო, შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ ახალი რექტორის არჩევნები მთავრობის ჩარევის გარეშე ვერ ჩაივლის:

„იმიტომ ვერ ჩაივლის, რომ დაინტერესება უნივერსიტეტის ბედით არის მაღალი, ხოლო პოლიტიკური კულტურა ქვეყანაში საკმაოდ დაბალია. როცა ქვეყანაში არის დაბალი პოლიტიკური კულტურა, ნუ გაგვიკვირდება ნურაფერი“, – განაცხადა პაპავამ.

მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე იმ ზეწოლაზეც ისაუბრა, რომლის შესახებაც „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა:

„როდესაც ცნობილი გახდა, რომ გარკვეული პირების კანცლერის თანამდებობაზე კენჭისყრა უნივერსიტეტისთვის იყო მიუღებელი, ამის შესახებ მე ვაწვდიდი ინფორმაციას ჩემ ზემდგომ უწყებებს. ისინი, სამწუხაროდ, ამას სერიოზულად არ აღიქვამდნენ. მათი მხრიდან იყო – ეს შეთანხმებულია, ეს ასე უნდა იყოს. საბოლოო ჯამში, დავზარალდით ყველა“.

კითხვაზე, იყო თუ არა ეს უწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რექტორმა განაცხადა, რომ ამ სამინისტროს გარდა ქვეყანაში მრავალი უწყება არსებობს და განათლების საკითხების გადაწყვეტა მარტო განათლების სამინისტროს კომპეტენცია არაა.

პრესკონფერენციაზე თსუ-ის რექტორმა საკუთარი მუშაობა შეაჯამა და იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომლებიც უნვიერსიტეტში მისი რექტორობის დროს განხორციელდა. რექტორის თქმით, იმ პროექტების უმრავლესობა, რომლის განხორციელებაც უნვიერსიტეტში ვერ მოხერდხა, უსახსრობის გამო ჩაიშალა. ვლადიმერ პაპავას თქმით, მან განცხადებით არაერთხელ მიმართა სხვადასხვა უწყებებს პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნით. რექტორის თქმით, ამ მოთხოვნით მან კიდევ ერთხელ გაუგზავნა წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს. მისი თქმით, ის ფინანსები, რაც ამჟამად უნივერსიტეტს გააჩნია, არაა საკმარისი მისი სათანადო განვითარებისთვის.

ვლადიმერ პაპავა თსუ-ის რექტორის თანამდებობას რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის შემდეგ დატოვებს. არჩევნები ხვალ, 20 აპრილს, გაიმართება და მასში მონაწილეობას საარჩევნო კოლეგია მიიღებს. კოლეგია უნივერსიტეტის პერსონალითაა დაკომპლექტებული. მის შემადგენლობაში შედის დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც მარტის თვის პირველ ნახევარში უნივერსიტეტში გამართული სტუდენტთა ჯგუფების საპროტესტო აქციების დასრულების შემდეგ, ვლადიმერ პაპავამ აკადემიურ საბჭოს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა. საბჭომ პაპავას განცხადება დააკმაყოფილა, თუმცა მოვალეობის შემსრულებლის არჩევამდე პაპავა კვლავ რექტორი იქნება.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში შემდეგი კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას: დარეჯან თვალთვაძე (თსუ პროფესორი, რექტორის მოადგილე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულების სრული პროფესორი), ალექსანდრე ჩხიტაური (თსუ-ს პროფესორი, სამართლის დოქტორი, რექტორის თანაშემწე სამართლებრივ საკითხებში) და გიორგი ანდრიაძე (თეოლოგიის დოქტორი, საქართველოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე).

მასალების გადაბეჭდვის წესი