ახალი ამბები

პატიმრებს ხელნაკეთი ნივთების ონლაინ გაყიდვა შეეძლებათ

18 აპრილი, 2016 • 1502
პატიმრებს ხელნაკეთი ნივთების ონლაინ გაყიდვა შეეძლებათ

მსჯავრდებულს, რომელიც პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით ეწევა ინდივიდუალურ საქმიანობას, უფლება ეძლევა პენიტენციური დაწესებულების ხელშეწყობით მოახდინოს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია.

შესაბამის ცვლილებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დღეს, 18 აპრილს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებებში დღემდე არაერთი მსჯავრდებული დაკავებულია ინდივიდუალური საქმიანობით. კერძოდ, ამზადებენ სხვადასხვა ტიპის ნაკეთობებს (ჯვრები, მინანქრისა და თექის ნაწარმი და სხვა.) :

“არსებული საკანონმდებლო ჩანაწერი არ იძლევა საშუალებას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ნამუშევრების რეალიზაციის. შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს საშუალება ექნება, დაამზადოს პენიტენციური დაწესებულების კონტროლით სხვადასხვა ნაკეთობები და მოახდინოს მისი რეალიზაცია. მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, სავარაუდოდ, ონლაინ მაღაზიის მეშვეობით მოხდება ნამუშევრების გაყიდვა და რეალიზაციით მიღებული თანხა პირდაპირ ჩაირიცხება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საბანკო ანგარიშზე,”- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციისა და ამ მიზნით ინდივიდუალური საქმიანობის წესს, ასევე იმ ინდივიდუალური საქმიანობების ჩამონათვალს, რომელსაც შეიძლება პენიტენციურ დაწესებულებაში ეწეოდეს მსჯავრდებული, განსაზღვრავს მინისტრი. მსჯავრდებულისათვის აღნიშნული უფლების შეზღუდვა დისციპლინური სახდელის ერთ- ერთ სახედ განისაზღვრება და შეზღუდვის ზედა ზღვარი სამი თვეა. ამასთან, აღნიშნული უფლების შეზღუდვა არ შეეხებათ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს. გარდა ამისა, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დასაქმება შესაძლებელია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან/და მის გარეთ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ საწარმოში.

კანონპროექტის მიხედვით, ვიდეოპაემნით სარგებლობა უფასო ხდება. შესაბამისად,  კოდექსიდან ამოღებული იქნება ვიდეოპაემნის საფასურის გადახდის მარეგულირებელი ნორმები.

პარლამენტი კანონპროექტს მესამე მოსმენით  მომდევნო სასესიო კვირაში განიხილავს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი