ახალი ამბები

კოსტა სანიკიძეზე თავდასხმაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

21 ნოემბერი, 2023 • 2771
კოსტა სანიკიძეზე თავდასხმაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

მომღერალ კოსტა სანიკიძეზე თავდასხმაში ბრალდებულ გიორგი გველესიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა დღეს, 21 ნოემბერს მიიღო.

“აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საპროცესო საფუძვლები არსებობს, რომლებიც ჩვენს შემთხვევაში სახეზე იყო – როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები, მტკიცებულებითი სტანდარტი, რის საფუძველზეც ჩვენ მივმართეთ სასამართლოს [შუამდგომლობით]. სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნება აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა”, — განაცხადა პროკურორმა სოფო ბარაბაძემ.

მისი განმარტებით, მუშავდება რამდენიმე ვერსია და მკვლელობის მოტივების შესახებ გამოძიების განმავლობაში გახდება ცნობილი.

ბრალდებულმა სხდომაზე განაცხადა, რომ არ უნდოდა მისი ინტერესები იმ ადვოკატს დაეცვა, ვინც სხდომაზე იყო წარმოდგენილი. გველესიანმა მოსამართლეს სთხოვა, აეცილებინა ადვოკატი, თუმცა მიზეზების შესახებ არ უსაუბრია. ადვოკატმა მოსამართლეს უთხრა, რომ გველესიანის დასაცავად თავად გველესიანის ოჯახმა დაიქირავა და მისთვის მოულოდნელი იყო ბრალდებულის პოზიცია. შექმნილი ვითარების გამო სხდომა რამდენიმე საათით გადაიდო.

გველესიანმა სანიკიძის მკვლელობა ორი დღის წინ, 19 ნოემბერს სცადა. პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევას სანიკიძის დედის თვალწინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი