ახალი ამბები

ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ კაცს პატიმრობა შეეფარდა

11 იანვარი, 2024 • 1272
ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ კაცს პატიმრობა შეეფარდა

კაცს, რომელსაც  ცივი იარაღის გამოყენებით ცოლის მოკვლა ედება ბრალად, აღკვეთის ღონისიძების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამასთან დაკავშირებით მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა კლინიკა “ჯეოჰოსპიტალსში”, ბრალდებული კაცის პალატაში იმსჯელა.

მიყენებული თვითდაზიანებების გამო კაცი ამ დრომდე კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.

“აღკვეთის ღონისძიების სახით გამოვიყენე პატიმრობა – ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩავთვალე, რომ არსებობდა საქმეზე როგორც ფაქტობრივი, მტკიცებულებითი, ისე ფორმალური, საპროცესო-სამართლებრივი საფუძვლები; არსებობდა როგორც დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საქმე, ისე საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების და მათ შორის მიმალვის საფრთხე”, – განაცხადა მოსამართლემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის მდგომარების გამო პროკურატურამ ბრალი არა პირადად მას, არამედ მის ადვოკატს, გიორგი მდინარაძეს გააცნო. მდინარაძის თქმით, ექიმების რეკომენდაციით ბრალდებულმა აღკვეთის სხდომის ჩატარებამდე არ იცოდა, რომ მის მიერ მიყენებული ჭრილობებით ქალი გარდაიცვალა. კაცმა ეს მხოლოდ დღეს, პროკურორისა და მოსამართლის კლინიკაში მისვლის შემდეგ გაიგო.

გიორგი მდინარაძე ამბობს, რომ კაცი არ შეწინააღმდეგებია პროკურატურის მოთხოვნას მისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ. თუმცა ადვოკატი განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ბრალდების აღიარებას. გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, ის ვერ იხსენებს მომხდარის გარკვეულ დეტალებს.

საქმის პროკურორის, გიორგი შაიშმელაშვილის თქმით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამ დრომდე ვერ მოხერხდა მისი გამოკითხვა. გარდა ამისა, ჩასატარებელია ექსპერტიზები. მოტივი ამ ინფორმაციებისა და უკვე გამოკითხულ მოწმეთა ჩვენების საფუძველზე დადგინდება.

პროკურატურის ვერსიით,  8 იანვარს ვარკეთილში კაცმა ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ცოლს, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. ქალი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ფაქტზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი