ნეტგაზეთი | ნინო გოგუაძე ქორწინების კონსტიტუციით განსაზღვრას მხარს არ უჭერს ნინო გოგუაძე ქორწინების კონსტიტუციით განსაზღვრას მხარს არ უჭერს – Netgazeti
Batumelebi | RU

ნინო გოგუაძე ქორწინების კონსტიტუციით განსაზღვრას მხარს არ უჭერს

ნინო გოგუაძე “თავისუფალი დემოკრატების” საპარლამენტო ფრაქციიდან ერთადერთია, ვინც ქორწინების თაობაზე მომზადებული კონსტიტუციური კანონპროექტის ინიცირებას მხარი არ დაუჭირა.

მიუხედავად  ლიდერების განცხადებისა, რომ ფრაქციისა და პარტიისთვის ქორწინება ქალისა და კაცის ნებაყოფლობითი კავშირია, გოგუაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას მხარი არ დაუჭირა. დეპუტატი ამბობს, რომ ქორწინება ადმინისტრაციული კოდექსით მკაფიოდ არის განსაზღვრული, როგორც ქალისა და კაცის კავშირი და კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთება აუცილებელი არ არის:

“კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის გაკეთება ჩემთვის პრორუსული დისკურსის გაგრძელება არის. [ქორწინების შესახებ] არარსებულ საფრთხეზე ვსაუბრობთ.”

გოგუაძე ამბობს, რომ კენჭისყრისას კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს:

“ჩემების [თავისუფალი დემოკრატების წევრების] არგუმენტი ვიცი, რომ რადგანაც მთელი ამბავია ატეხილი იმაზე, რომ თითქოს ევროპა გვაიძულებს ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების დაკანონებას, რაც სინამდვილეში ტყუილია, დავუჭიროთ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომ ამაზე საუბარი შეჩერდეს. მაგრამ, ჩემი აზრით, საჭირო არ არის არარსებულ საფრთხეზე გამარჯვება. მე კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის გაკეთებას მხარს არ დავუჭერ.”

კითხვას, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, იქნება თუ არა ეს ქორწინების თანასწორობის მიმართულებით უკან გადადგმული ნაბიჯი, დეპუტატი პირდაპირ პასუხს არ სცემს და ამბობს, რომ ასეთი გადაწყვეტილება ზოგადად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება:

“მე საერთოდ მგონია, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია იმიტომ, რომ ქართველებს მუდმივად რაღაცით აშინებენ. არარსებული საფრთხით აშინებენ და ეუბნებიან – თქვენი ცხოვრება ცუდად იმიტომ არის, რომ გარშემო რაღაც არსებობს და თუ ის დავამარცხეთ, ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.

ეს არაპოლიტიკური, ძალიან მძიმე დისკურსია, რომელიც ამ საზოგადოებას ყოველთვის ამყოფებს დაპირისპირებაში და ვერასოდეს წინ ვერ მივდივართ და ვერ ვვითარდებით. ამიტომ ყველანაირი მოგონილი დისკურსების შემოტანა, მიმაჩნია, რომ უკან გადადგმული ნაბიჯია, რომელიც გვაბრუნებს დაპირისპირებაში არარსებულ საფრთხეებთან, ფობიებთან და ასე შემდეგ,”- აღნიშნავს ნინო გოგუაძე.

“ქართულ ოცნების” მიერ მომზადებული ინიციატივის მიხედვით, “ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას.”

ამ საკონსტიტუციო კანონის პროექტის ინიცირებას ხელი ოთხმოცმა დეპუტატმა მოაწერა.   რესპუბლიკური პარტიის ფრაქციამ საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებას მხარი არ დაუჭირა, თუმცა პარტიის ორმა დეპუტატმა ინდივიდიულურ რეჟიმში ხმა მისცა ინიცირებას. ინიცირებას მხარი არ დაუჭირა “ნაციონალური მოძრაობის” არც ერთმა დეპუტატმა.

კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტის შეტანის უფლება აქვთ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს და არანაკლებ 200000 ამომრჩეველს.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ანუ 113 დეპუტატი.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, გია ვოლსკის განცხადებით, თუ 113 დეპუტატი ინიციატივს მხარს არ დაუჭერს, შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.