დღეს, 14 მარტს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა კონსტიტუციური კანონის პროექტი “საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ”, რომლის მიზანი “კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის უფრო მკაფიო ფორმულირებაა.”
ინიციატივის მიხედვით, “ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას.”
“არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია, კონსტიტუციური ნორმა ჩამოყალიბდეს უფრო მკაფიო და ნათელი ფორმულირებით, რაც ნათლად გამოხატავს ნორმის შინაარსს და მოხსნის ამ ნორმის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებულ კითხვებსა და წუხილებს საზოგადოების დიდ ნაწიში,”- აღნიშნულია კანონპროექტის განამრტებით ბარათში.
კონსტიტუციურ კანონის პროექტს ხელს 80 დეპუტატი აწერს.
საკონსტიტუციო ცვლილებეს “რესპუბლიკური პარტია” მხარს არ უჭერს. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის აზრით, ქორწინებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება პოლიტიკური შეცდომაა .
კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტის შეტანის უფლება აქვთ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს და არანაკლებ 200000 ამომრჩეველს.
კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.
კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ანუ 113 დეპუტატი.
მოვლენათა ქრონოლოგია
- საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
- 2012 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქრისტიანულ-დემოკრატიულმა მოძრაობამ მოამზადა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა კონსტიტუციის 36-ე მუხლის ცვლილებას შემდეგი რედაქციით: “სახელმწიფო აღიარებს მამაკაცისა და ქალის ქორწინებას, რომელიც ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.“ ქდმ-მ ამ ინიციატივის მხარდასაჭერად მაშინ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ეს ინიციატივა ასევე გახდა ჰომოფობიაზე დისკუსიის საფუძველი.
- 2014 წელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა ინიციატივით, კონსტიტუციაში შეეტანათ ჩანაწერი, რომ “ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა” [სავარაუდოდ მას მხედველობაში ჰქონდა ქორწინება, რადგანაც “ოჯახი” საერთოდ არ გვხდება კონსტიტუციაში”. მაშინ ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოჯახის დეფინიციის კონსტიტუციით გამყარების ინიციატივა განხილული და მოწონებულია კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ.
- 2016 წლის 27 იანვარს მოქალაქე გიორგი ტატიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, რომელიც ქორწინებას მხოლოდ ქალსა და კაცს შორის აღიარებს.
- 2016 წლის 7 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი ტატიშვილისთვის დაცვის გამოყოფის თხოვნით. ეკლესიამ განაცხადა, რომ ტატიშვილი არის ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელი და რადგანაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უარყოფითად არის განწყობილი “ასეთ კანონთან მიმართებაში”, არის საშიშროება, რომ გარკვეული ძალების მიერ ეს მდგომარეობა იქნას გამოყენებული პროვოცირებისათვის და გიორგი ტატიშვილის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. შსს სამინისტრო არ ავრცელებს ინფორმაციას, გამოუყვეს თუ არა დაცვა გიორგი ტატიშვილს საპატრიარქოს თხოვნის საფუძველზე;
- 2016 წლის 8 თებერვალს ლგბტ ორგანიზაციები ქორწინების თანასწორობასთან დაკავშირებით გიორგი ტატიშვილის ინიციატივას გაემიჯნენ და განაცხადეს, რომ გიორგი ტატიშვილს არ ჰქონია ლგბტ თემთან საკანონმდებლო ინიციატივაზე დისკუსია და იგი მოქმედებს არა ლგბტ ადამიანების, არამედ საკუთარი სახელით. მათი აზრით, ინიციატივა ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით პროვოკაციულია და ლგბტ ადამიანების უფლებების არა დაცვისკენ, არამედ მათი დაზარალებისკენ არის მიმართული.
- 2016 წლის 11 თებერვალს გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას მზად აქვს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში გადავა ქორწინების ის დეფინიცია, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსშია.