ახალი ამბები

გია ვოლსკი ქორწინების საკონსტიტუციო ცვლილებაზე რეფერენდუმს არ გამორიცხავს

29 მარტი, 2016 • 2026
გია ვოლსკი ქორწინების საკონსტიტუციო ცვლილებაზე რეფერენდუმს არ გამორიცხავს

თუ პარლამენტი ქორწინების თაობაზე ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონის პროექტს არ დაამტკიცებს, “ქართული ოცნება” საკითხს რეფერენდუმზე გაიტანს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” გია ვოლსკიმ განუცხადა:

“თუ საკმარისი ხმები არ მოგროვდება, რეფერენდუმზე უნდა დადგეს საკითხი და საზოგადოებამ გადაწყვიტოს, საჭირო არის,თუ არა ამ დამატების შეტანა კონსტიტუციაში, რათა კონსტიტუცია და სამოქალაქო კოდექსი შესაბამისობაში იყოს,”- ამბობს  ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, გია ვოლსკი.

ვოლსკი ვარაუდობს, რომ რეფერენდუმის შემთხვევაში მოქალაქეების თანხმობას მიიღებენ:

“ვფიქრობ, საზოგადეობა მხარს დაუჭერს და საზოგადოებამდე სწორად უნდა იქნას ინფორმაცია მიტანილი.”

პარლამენტში ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით, ქორწინება არის ქალისა და კაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება.

საკონსტიტუციო ცვლილებებს “რესპუბლიკური პარტია” მხარს არ უჭერს. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის აზრით, ქორწინებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება პოლიტიკური შეცდომაა .

კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტის შეტანის უფლება აქვთ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს და არანაკლებ 200000 ამომრჩეველს.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ანუ 113 დეპუტატი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი