ახალი ამბები

„კვლავ რჩება საკითხები, რომლებიც შეშფოთებას იწვევს“ — ECRI-ის ანგარიში

22 ივნისი, 2023 • 1144
„კვლავ რჩება საკითხები, რომლებიც შეშფოთებას იწვევს“ — ECRI-ის ანგარიში

ევროპული კომისია საქართველოში რასიზმისა და შეუწყნარებლობის შესახებ რიგით მეექვსე მოხსენებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მიუხედავად რიგ სფეროებში პროგრესისა, კვლავ რჩება საკითხები, რომლებიც შეშფოთებას იწვევს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას ზოგიერთ ქმედებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა მთავრობის პოლიტიკოსების მხრიდან, რაც ქმნის შეშფოთების საფუძველს, რადგან ECRI-ის შეფასებით, ამით ადვილად შეიძლება შეილახოს სახალხო დამცველის, როგორც ინსტიტუტის სანდოობა, დამოუკიდებლობა და რეპუტაცია.

ანგარიში მოიცავს 2018 წლიდან 2023 წლის მარტამდე პერიოდს. სახალხო დამცველის პოზიციაზე მოქმედი ომბუდსმენი ლევან იოსელიანი სწორედ 2023 წლის მარტში დანიშნა პარლამენტმა.

რაც შეეხება ლგბტქ+ პირებს, ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოში არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ერთნაირსქესიანი პარტნიორობის დასარეგისტრირებლად.

ამასთან, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლების ორგანოებს არ განუხილავთ არსებული კანონმდებლობა იმ მიზნით, რომ შეეფასებინათ, სხვა რა სახის პრობლემებს აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთნაირსქესიანი წყვილები უფლებებზე თანასწორი წვდომისათვის:

ECRI აცხადებს, რომ არ არსებობს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი მთავრობის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაბამის ორგანიზაციათა წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელშიც შესაძლებელი იქნებოდა ლგბტი თანასწორობის საკითხებზე დისკუსია:

„მიუხედავად ECRI-ის რეკომენდაციისა მის ბოლო მოხსენებაში, ჯერ კიდევ არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული კრიტერიუმები, რა პირობების შესრულებაა საჭირო სქესის ლეგალური აღიარებისათვის“, — წერია დოკუმენტში.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სიძულვილის ენა ლგბტი პირების მიმართ, განსაკუთრებით ონლაინ სივრცეში, მზარდი პრობლემაა და არა მხოლოდ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ავრცელებს, არამედ, ამავდროულად, ბიძგს აძლევს დისკრიმინაციასა და ძალადობას.

დოკუმენტის ავტორები აცხადებენ, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არსებობს რასისტული და ლგბტი თემის საწინააღმდეგო სიძულვილის ენის მონიტორინგის ქმედითი სისტემა.

ამასთან, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ დღემდე არ შეფასებულა, რა გავლენა მოჰყვა სხვადასხვა ტრენინგაქტივობას სამართალდამცავების, პროკურორებისა და მოსამართლეებისათვის სიძულვილით ჩადენილი დანაშაულების თემაზე.

მეტიც, ECRI აცხადებს, რომ პოლიციაში ჯერ კიდევ არ არსებობს საგანგებო განყოფილება, რომელიც სპეციფიკურად რასისტული და ლგბტი-ფობიური სიძულვილით ჩადენილ დანაშაულზე იმუშავებს.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ჯერ კიდევ უკიდურესად არასაკმარისია ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების დონე ქვეყანაში მცხოვრებ იმ ისტორიულ ეთნიკურ უმცირესობებში, რომელთათვისაც ქართული მშობლიური ენა არ არის:

„ოფიციალური სახელმწიფო ენის სრულყოფილად არცოდნის გამო, ეს ადამიანები სრულიად არათანაბარ პირობებში ხვდებიან სოციალური ინტეგრაციისა და ინკლუზიის თვალსაზრისით“, — ვკითხულობთ ანგარიშში.

ამ საკითხთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, ECRI-ის განცხადებით, თავი იჩინა ასევე COVID-19-ის წინააღმდეგ მიღებული ზომების კონტექსტში, როცა ინფორმაცია, განსაკუთრებით დასაწყისში, ყოველთვის არ იყო მყისიერად ხელმისაწვდომი უმცირესობათა ენებზე, იმ არეალებშიც კი, სადაც ეთნიკური უმცირესობები მჭიდროდ სახლობენ.

ამასთან, ECRI-ის შეფასებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ჯერ კიდევ არ შეუცვლია თავისი 2015 წლის პოლიტიკა, რომელიც ფოკუსირებულია „სახელმწიფოს შიდა და საერთაშორისო უსაფრთხოების დისკურსზე“, როცა საქმე ეხება საქართველოს მოსახლეობის რელიგიურ მრავალფეროვნებას.

გარდა ამისა, ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ერთმანეთთან არ თანამშრომლობენ და კონსტრუქციულ ურთიერთობას არ ამყარებენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრის რელიგიათა საბჭო.

მოხსენებაში ECRI მოითხოვს, რომ ხელისუფლების ორგანოებმა მიიღონ ზომები რიგ სფეროებში და ამისათვის იძლევა შემდეგ რეკომენდაციებს:

  • ხელისუფლების ორგანოებმა უზრუნველყონ, რომ პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით, მთავრობის წევრებმა, თავი შეიკავონ ისეთი კომენტარებისაგან, რაც არყევს სახალხო დამცველის ინსტიტუტის სანდოობას, რეპუტაციასა და დამოუკიდებლობას. ამასთან, ECRI კვლავ იმეორებს თავის რეკომენდაციას, რომ ხელისუფლების ორგანოებმა მკაფიოდ უნდა დაარეგულირონ პირის ახალი სქესის ოფიციალური აღიარების პირობები;
  • საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა უნდა დანერგონ რასისტული და ლგბტი თემის წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის ენის მონიტორინგის ქმედითი სისტემა, რომელიც დაეყრდნობა სახალხო დამცველისა და შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების ექსპერტიზას, მათ შორის, ლგბტი თემის მხრიდან და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ევროპის საბჭოს მხარდაჭერა;
  • ხელისუფლების ორგანოებმა შეაფასონ, რა გავლენა აქვს ტრენინგებს, რომლებიც ჩაუტარდათ იმ სამართალდამცავებს, პროკურორებსა და მოსამართლეებს, რომლებიც მუშაობენ სიძულვილით ჩადენილ დანაშაულებზე და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებები შეიტანონ;
  • საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა მნიშვნელოვნად გაზარდონ ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების საათები უმცირესობათა სკოლებში, დაწყებით და საშუალო საფეხურზე.

ECRI მოუწოდებს ხელისუფლების ორგანოებს, ჩამოაყალიბონ უწყებათაშორისი კომიტეტი, რათა შესრულდეს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმების თანასწორობის მიმართულება.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ეს კომიტეტი უნდა მოიცავდეს წარმომადგენლებს სახალხო დამცველის ოფისიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და სამოქალაქო საზოგადოების შესაბამისი ორგანიზაციებიდან, რომლებიც წარმოადგენენ ECRI-თვის საყურადღებო ჯგუფებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ECRI იძლევა მკაცრ რეკომენდაციას, რომ ხელისუფლების ორგანოებმა თავიანთი პოლიტიკა რელიგიის სფეროში მიმართონ არადისკრიმინაციულ პრინციპზე და რელიგიური შემწყნარებლობის განვითარებაზე, ინკლუზიისა და ინტეგრაციის პერსპექტივიდან გამომდინარე.

ანგარიშს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.


ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI), დაარსებული ევროპის საბჭოს მიერ, არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მონიტორინგს უწევს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას და სპეციალიზებულია შემდეგ საკითხებზე: რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, დისკრიმინაცია (რასის, ეთნიკური/ეროვნული წარმომავლობის, ფერის, მოქალაქეობის, რელიგიის, ენის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე), ქსენოფობია, ანტისემიტიზმი და შეუწყნარებლობა. ის შედგება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი წევრებისაგან, რომლებიც ინიშნებიან თავიანთი მორალური ავტორიტეტისა და აღიარებული გამოცდილების საფუძველზე რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის საკითხებში.

წესდებით დადგენილ საქმიანობათა ფარგლებში, ECRI ახორციელებს მონიტორინგს ქვეყნების მიხედვით, რითაც აანალიზებს ვითარებას თითოეულ წევრ სახელმწიფოში რასიზმისა და შეუწყნარებლობის თვალსაზრისით და იძლევა წინადადებებსა და შეთავაზებებს გამოვლენილ პრობლემათა დაძლევისათვის. ECRI-ის მონიტორინგი ქვეყნების მიხედვით თანაბრად შეეხება ევროპის საბჭოს თითოეულ სახელმწიფოს. სამუშაო სრულდება 5 წელიწადში ერთხელ.

ანგარიშების წარმოდგენის პირველი ეტაპი დასრულდა 1998 წლის ბოლოს, მეორე – 2002 წლის ბოლოს, მესამე – 2007 წლის ბოლოს, მეოთხე – 2014 წლის დასაწყისში, ხოლო მეხუთე დასრულდა 2019 წლის ბოლოს. მეექვსე ეტაპზე მუშაობა დაიწყო 2018 წლის ბოლოს. ანგარიშების მომზადების სამუშაო მეთოდები მოიცავს დოკუმენტების ანალიზს, შესაბამის ქვეყანაში ვიზიტს და შემდეგ კონფიდენციალურ დიალოგს ამ ქვეყნის ხელისუფლების ორგანოებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი