ახალი ამბები

კანონპროექტის სამუშაო ვერსიით, სტუდენტურ თვითმმართველობებს სტუდენტური კლუბები შეცვლის

12 აპრილი, 2016 • 1836
კანონპროექტის სამუშაო ვერსიით, სტუდენტურ თვითმმართველობებს სტუდენტური კლუბები შეცვლის

განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტის სამუშაო ვერსიის მიხედვით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში თვითმმართველობები გაუქმდება და მათ ნაცვლად სტუდენტური კლუბები შეიქმნება.

კანონპროექტის მიხედვით, რომელიც ჯერ არ არის დარეგისტრირებული პარლამენტში და სამუშაო დოკუმენტია, მოქმედი სტუდენტური თვითმმართველობები ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ მაშინ დაიშლებიან, როდესაც მათ გაუვათ უფლებამოსილების ვადა.

კანონპროექტის მიხედვით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 45-ე მუხლში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, უქმდება სტუდენტთა თვითმმართველობის ცნება, მის ნაცვლად შემოდის სტუდენტური კლუბების ინსტიტუტი, რომლის წევრებსაც ირჩევენ ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე, 2 წლის ვადით.

პროექტის მიხედვით, სტუდენტურ კლუბში, უნივერსიტეტის დებულებით დადგენილი წესით, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს აკადემიური უმაღლესი განათლების თითოეული საფეხურის სტუდენტი.

მოქმედი კანონმდებლობით, წარმომადგენლობით საბჭოში და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში შესაძლებელია მხოლოდ ბაკალავრიატის სტუდენტები ყოფილიყვნენ წარმოდგენილი, ხოლო კანონპროექტის მიხედვით, წარმომადგენლობით საბჭოში და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში აკადემიური უმაღლესი განათლების თითოეული საფეხურის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტის ყოფნის შესაძლებლობას უშვებს.

სტუდენტს უფლება არ ექნება, ერთდროულად აირჩიონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობით საბჭოსა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში.

იმ  სტუდენტს, რომელსაც შეუწყდება სტუდენტის სტატუსი ან 6 თვეზე მეტი ვადით სტუდენტის სტატუსი შეუჩერდება, შეუწყდება სტუდენტური კლუბის წევრის სტატუსიც. სტუდენტისათვის სტუდენტური კლუბის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, სტუდენტური კლუბის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში შეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად ამავე ვადით.

სტუდენტური კლუბების ჩართულობა სტუდენტური ცხოვრების დაგეგმვასა და განხორციელებაში იმით გამოიხატება, რომ სასწავლო წლის დაწყებიდან 2 თვის ვადაში შეიმუშავებენ სტუდენტური აქტივობების წლიური სამოქმედო გეგმის პროექტებს და წარუდგენენ სტუდენტურ საბჭოს დასამტკიცებლად.

ასევე, მონაწილეობენ სტუდენტური აქტივობების ერთიანი წლიური სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელების პროცესში, შეიმუშავებენ წინადადებებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სისტემის გასაუმჯობესებლად, სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლების, აკადემიური და საუნივერსიტეტო ფუნქციების ეფექტურად შესრულების მიზნით და წარუდგენენ სტუდენტურ საბჭოს განსახილველად.

სტუდენტური კლუბების მართვის ორგანო იქნება სტუდენტური საბჭო, რომელიც შედგება თითოეული სტუდენტური კლუბის მიერ ფარული კენჭისყრით არჩეული სტუდენტური კლუბების წევრებისაგან.

თითოეული სტუდენტური კლუბი სტუდენტურ საბჭოში თავისი შემადგენლობიდან აირჩევს თანაბარი რაოდენობის წარმომადგენელს, მაგრამ არაუმეტეს სამისა. სტუდენტური საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. სტუდენტური საბჭოს წევრები აირჩევიან ორი წლის ვადით.

სტუდენტური საბჭოს საქმიანობას ორგანიზებას გაუწევს სტუდენტური საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც სტუდენტური კლუბების ერთიანი დებულებით დადგენილი წესით აირჩევს სტუდენტური საბჭო თავისი რიგებიდან 2 წლის ვადით. სტუდენტური საბჭო თავისი რიგებიდან ასევე აირჩევს სტუდენტური საბჭოს სპიკერს.

კანონპროექტის მიხედვით, სტუდენტური ღონისძიებების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხის განმკარგავი და მხარჯავი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულია. გამოყოფილ თანხასა და აქტივობებზე მონიტორინგს საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული განახორციელებს.

ცვლილების კიდევ ერთი ნაწილი იქნება სტუდენტის უფლება, შეიმუშაოს ინიციატივა სტუდენტურ აქტივობასთან დაკავშირებით და დაფინანსების მიღების მიზნით განსახილველად წარუდგინოს საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობით საბჭოს და ისარგებლოს დაწესებულების ფინანსური რესურსით, ხოლო სტუდენტი ვალდებული იქნება, სტუდენტური აქტივობის განხორციელებასთან დაკავშირებული შუალედური და წლიური ანგარიშები წარუდგინოს წარმომადგენლობით საბჭოს.

კანონპროექტი ავალდებულებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ თავიანთი წესდებები შესაბამისობაში მოიყვანონ შეთავაზებულ კანონპროექტთან და ასე წარუდგინონ სამინისტროს 2016 წლის 31 დეკემბრამდე.

კანონპროექტის მიხედვით, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აირჩევს არა საარჩევნო კოლეგია, როგორც ეს დადგენილია მოქმედი კანონით, არამედ აკადემიური საბჭო, რომელი მეტ ლეგიტიმაციას მისცემს მოვალეობის შემსრულებელს.

მოვალეობის შემსრულებელი არაუმეტეს 6 თვის ვადით იმუშავებს და უფლებამოსილება შეუწყდება ახალი რექტორის არჩევის შემდეგ. ასევე, იგი ვალდებულია, რომ უზრუნველყოს გამჭვირვალე და სამართლიანი არჩვენების ჩატარებისათვის პირობების მომზადება, წერია სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება ამ კანონპროექტის ამოქმედებამდე არჩეულ რექტორის მოვალეობის შემსრულებლებს, მათ მოქმედი კანონის მიხედვით აირჩევენ.

სამინისტრომ კანონპროექტის ეს სამუშაო ვერსია სტუდენტებსა და უნივერსიტეტების რექტორებს მიაწოდა იმ მიზნით, რომ სტუდენტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა სამინისტროს შენიშვნები მიაწოდონ.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ პრაქტიკა ცხადჰყოფს, რომ სტუდენტთა თვითმმართველობებს ირიბი შეხება აქვთ სტუდენტური პროექტების დაფინანსებასთან, რაც არათანაბარ პირობებში აყენებს უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებს.

ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობით საბჭოსა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში ერთი და იმავე პირის არჩევა შესაძლებელია, რამაც დაამკვირდა პრაქტიკა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოსა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში არიან არჩეული ერთი და იგივე სტუდენტები.

ასევე, იმისათვის, რომ რაც შეიძლება გაიხანგრძლივონ სტუდენტურ თვითმმართველობაში და უნივერსიტეტის მართვის ორგანოებში ყოფნის პერიოდი, სტუდენტები არიან ნაწილობრივ აკადემიურ დატვირთვაზე, რაც განაპირობებს სტუდენტთა არათანაბარ პირობებში ჩაეყნებას, აცხადებს სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი