ახალი ამბები

კვირიკაშვილი: არ შეიძლება ქვეყანამ 7-8 თვე იცხოვროს წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში

8 აპრილი, 2016 • 1226
კვირიკაშვილი: არ შეიძლება ქვეყანამ 7-8 თვე იცხოვროს წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა მოგვიანებით მიიღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო კამპანიის გამოცხადებასა და ე.წ. მრიცხველის ჩართვაზე.

ეს განცხადება მან 8 აპრილს მთავრობის სხდომაზე გააკეთა. სხდომა ჟურნალისტებისთვის დახურულია. პრემიერის კომენტარი პრესსამსახურმა გაავრცელა.

პრემიერს არ დაუკონკრეტებია, არჩევნების დანიშვნის თაობაზე სამართლებრივ აქტებს დაუბრუნებს თუ არა პრეზიდენტს ხელმოწერის გარეშე.

საუბარია 2016 წლის ოქტომბერში დანიშნულ საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 5 აპრილს განაცხადა, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს დანიშნა. მან 6 აპრილს გაუგზავნა მთავრობას ორი სამართლებრივი აქტი კონტრასიგნაციისთვის. თუმცა 6 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა, რომ განკარგულება არჩევნების დანიშვნის თაობაზე ძალაში 8 აგვისტოდან შევა. ეს იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო კამპანია ამ დროიდან დაიწყება.

არჩევნებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები  ბუნდოვანს უწოდებენ არჩევნების შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის 8 აგვისტოს ამოქმედებას, რადგანაც საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  7 აპრილს განაცხადა, რომ მთავრობამ პრეზიდენტს უკან უნდა დაუბრუნოს განკარგულება საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ, სადაც ძალაში შესვლის თარიღად 8 აგვისტო არის განსაზღვრული. საია აცხადებს, რომ პრეზიდენტის ეს განკარგულება წინააღმდეგობაშია საარჩევნო კანონმდებლობასთან.

„ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნების უფლება, რომ დამატებით 7 და 8 მილიონი ლარი გადავიხადოთ მხოლოდ იმის გამო, რომ დღეიდან ჩავრთოთ ეს მრიცხველი [საარჩევნო კამპანიის]. დღეს მიმდინარეობს მსჯელობა ფინანსურ და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ჩართულია ცენტრალური საარჩევნო კომისია მსჯელობის პროცესში და კონსულტაციების შედეგად მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდიდან ჩაირთვება ე.წ. მრიცხველი. არ შეიძლება ქვეყანამ 7-8 თვე იცხოვროს წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში, ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი საკითხები და აქ არანაირი დამატებითი კითხვები არ არსებობს,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 8 აპრილს მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, არჩევნების თარიღი არ შეიცვლება, არჩევნები გაიმართება 8 ოქტომბერს და ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. კვირიკაშვილის განმარტებით, საარჩევნო თარიღი პრეზიდენტთან კონსულტაციისა და სერიოზული მსჯელობის შედეგად შეირჩა:

“არავისთვის იქნება ცუდი, რომ წინასწარ დაგეგმოს გარკვეული აქტივობები. მათ შორის სტუმრებს სჭირდებათ, რომ დაგეგმონ საკუთარი კალენდარი. იმაში, რომ ჩვენ წინასწარ ვიცოდეთ, როდის იქნება არჩევნები, მე მგონი, კარგის მეტი არაფერი არ არის”.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განმარტა, რატომ განსაზღვრეს არჩევნების თარიღად 8 ოქტომბერი და არა ოქტომბრის ბოლო:

“მოგეხსენებათ, მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში, შესაძლებელია, გაიმართოს მეორე ტური. თუ ჩვენ ოქტომბრის ბოლოსთვის გადავწევდით თარიღს, დაახლოებით ერთი თვე სჭირდება მეორე ტურამდე მისვლას და შესაძლოა ეს იყოს მაღალმთიანი რეგიონების შემთხვევაში პრობლემა საარჩევნო უბნებთან მისვლის კუთხით”.

კანონმდებლობის შესაბამისად პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის გადაცემული საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 10 დღის ვადაში გააქვს მთავრობის სხდომაზე განსახილველად. თუ მთავრობა თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრემიერ-მინისტრი ხელს აწერს მას, რითაც კონტრასიგნაცია დასრულებულად ჩაითვლება. ჯერჯერობით უცნობია მთავრობის გადაწყვეტილება, ფორმალურად დაეთანხმება თუ არა კონტრასიგნაციისთვის გაგზავნილ სამართლებრივ აქტებს არჩევნების დანიშვნის შესახებ. მთავრობას ამისთვის ვადა 19 აპრილამდე აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი