ახალი ამბები

ISFED: საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადებამ სამართლებრივი გაუგებრობები წარმოშვა

6 აპრილი, 2016 • 1905
ISFED: საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადებამ სამართლებრივი გაუგებრობები წარმოშვა

არასამთავრობო ორგნიზაცია “სამართლიანი არჩევნები” საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ საქართველოს პარლამენტის არჩევნების ოფიციალური თარიღის გამოცხადების საკითხს ეხმიანება. ISFED მიიჩნევს, რომ ეს პროცესი წარიმართა სპონტანურად და არათანამიმდევრულად, რამაც სამართლებრივი გაუგებრობები წარმოშვა.

მათი განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ცალსახა და ნათელი იყოს საკითხი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით, რასაც არაერთი საკანონმდებო რეგულაციის ამოქმედება უკავშრდება:

“მიგვაჩნია, რომ „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ ცალსახად არის განსაზღვრული, რომ ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია და მასთან დაკავშებული წესები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა, თუ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით არჩევნების თარიღის დანიშვნის აქტის გამოქვეყნებისთანავე იწყება. შესაბამისად, გაუგებრობას ქმნის გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, კამპანიის დაწყების თარიღად 8 აგვისტო განისაზღვრა და არა არჩევნების თარიღის დანიშვნის გადაწყვეტილების ოფიციალური გამოქვეყნება,” – წერია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

მათი განცხადებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 108-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება კალენდარული წლის ოქტომბერში, ხოლო არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა:

“არჩევნების დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა გადაეცემა პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის. პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის გადაცემული საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 10 დღის ვადაში გააქვს მთავრობის სხდომაზე განსახილველად. თუ მთავრობა თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრემიერ-მინისტრი ხელს აწერს მას, რითაც კონტრასიგნაცია დასრულებულად ჩაითვლება.”

ISFED-ი აცხადებს, რომ კონტრასიგნაციის პროცესის დასრულებისთანავე, არაუგვინეს მომდევნო დღისა, საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

“საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე იწყება წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია). უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება უკავშირდება არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებას და არა მისი ძალაში შესვლის თარიღს,” – წერია მათ განცხადებაში.

შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივ აქტის კონტრასიგნაციის შემთხვევაში, არჩევნები დანიშნულად ჩაითვლება და წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) რეჟიმი აქტის გამოქვეყნებისთანავე ავტომატურად ამოქმედდება.

წინასაარჩევნო პერიოდში სამართლებრივი გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, ISFED-ი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გააკეთონ ოფიციალური განმარტებები, კანონის რომელი ნორმის საფუძველზე არის შესაძლებელი წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყება 8 აგვისტოს და არა ორგანული კანონით, “საქართველოს საარჩევნო კოდექსით” დადგენილი წესით – არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორი განკარგულება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ კონტრასიგნაციისათვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს უკვე გაეგზავნა.

პრეზიდენტის განკარგულებების მიხედვით, მორიგი საპარლამენტო არჩევნები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ორივე განკარგულება ძალაში 8 აგვისტოდან შევა. პრეზიდენტმა არჩევნების დანიშვნის შესახებ განცხადება 5 აპრილს გააკეთა. მან ასევე თქვა, რომ არჩევნების დანიშვნის თაობაზე კოტრასიგნაციისათვის შესაბამისი დოკუმენტაცია გაეგზავნება საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

მასალების გადაბეჭდვის წესი