ახალი ამბები

საია: მთავრობამ განკარგულება არჩევნების დანიშვნის შესახებ პრეზიდენტს უკან უნდა დაუბრუნოს

7 აპრილი, 2016 • 1625
საია: მთავრობამ განკარგულება არჩევნების დანიშვნის შესახებ პრეზიდენტს უკან უნდა დაუბრუნოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მთავრობამ უნდა იხელმძღვანელოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონით და პრეზიდენტს უკან დაუბრუნოს განკარგულება საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ, სადაც ძალაში შესვლის თარიღად 8 აგვისტო არის განსაზღვრული.

საია აცხადებს, რომ პრეზიდენტის ეს განკარგულება წინააღმდეგობაშია საარჩევნო კანონმდებლობასთან.

საქმე ეხება გიორგი მარგველაშვილის განკარგულებას, რომლის თანახმადაც, პარლამენტის მორიგი არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე 5 აპრლს განაცხადა, 6 აპრილს კი ეს აქტი კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს უკვე გადაეგზავნა. პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებით, განკარგულება ძალაში 8 აგვისტოდან შევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, არჩევნების თარიღის 6 თვით ადრე გამოცხადება პროგნოზირებადი პოლიტიკური გარემოს ხელშეწყობასა  და საარჩევნო კამპანიის უკეთ დაგეგმარების მიზანს ემსახურება, მათივე განმარტებით, განკარგულების ძალაში შესვლა 2016 წლის 8 აგვისტოდან სახელწიფო ბიუჯეტიდან მრავალმილიონიანი ხარჯის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

საია აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის არგუმენტები მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას:

“აღნიშნული გადაწყვეტილებით იქმნება რისკი, რომ კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ, ხელოვნურად მოხდეს წინასაარჩევნო კაპანიის დაწყების თარიღის გადავადება. ვინაიდან, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანია იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე. შესაბამისად, პრეზიდენტის განკარგულების ის ჩანაწერი, რომელიც აქტის ძალაში შესვლის თარიღად განსაზღვრავს 8 აგვისტოს, წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კანონმდებლობასთან.

აქვე აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის თანახმად, მთელი რიგი რეგულაციები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ სამართლიანი და თანაბარი წინასაარჩევნო გარემო (მეგ. ადმინისტრაციული რესურსის გამოყებების წესები და პოლიტიკური პარტიების უფლებები და ვალდებულებები) ამოქმედებას იწყებს სწორედ არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქცის გამოქვეყნების მომენტიდან. შესაბამისად, კამპანიის დაწყების თარიღის გაურკვევლობას შეუძლია არსებითად უარყოფითი გავლენა  მოახდინოს წინასაარჩევნო გარემოზე,”- აცხადებს საია.

ორგანიზაციის განცხადებით, მთავრობამ  განსაზღვრული უფლებამოსილებით და მოტივირებული შენიშვნებით განკარგულება უკან უნდა დაუბრუნოს  საქართველოს პრეზიდენტს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი