ახალი ამბები

პროფკავშირებმა დიპლომატებთან ერთად სამოქმედო გეგმა დასახეს

21 სექტემბერი, 2011 • 1282
პროფკავშირებმა დიპლომატებთან ერთად სამოქმედო გეგმა დასახეს

 

დღეს საქართველოს პროფკავშირებმა საქართველოში აკრედიტებული დილპომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის, „ჰერკულესის“ თანამშომლების გაფიცვასთან დაკავშირებით განვითრებული მოვლენები დეტალურად გააცნეს. შეხვედრის დროს, რომელიც პრესისთვის დახურული იყო, მხარეებმა სამოქმედო გეგმა დასახეს, რომელიც დღეს, 16:00 საათზე, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

 

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელებთან საქართველოს პროფესიული კავშირებისა და საქართველოში არსებული არასამათვრობო ორგანიზაციების შეხვედრის მიზანი ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის, „ჰერკულესის“ თანამშრომელთა გაფიცვასთან დაკავშირებით მოვლენების ქრონოლოგიურად გაცნობა იყო.

შეხვედრის დაწყებამდე სასტუმრო “ამბასადორთან” (სადაც შეხვედრა უნდა გამართულიყო) რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა პლაკატები მიიტანეს წარწერებით– “Georgia Modern Slavery Country”, “Libertarian Order Kills Workers Rights”. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის პლაკატები შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

შეხვედრის დასაწყისში ვრცელი პრეზენტაცია “ჰერკულესის” თანამშომელთა გაფიცვასთან დაკავშირებულ დეტალებზე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა წარმოადგინა.

მან ქარხანაში თანამშრომელთა მიმართ რეპრესიებსა და განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე ისაუბრა.

პეტრიაშვილის თქმით, „ის, რასაც საქართველოს პროფკავშირები აქამდეც აცხადებდა არაერთგზის, მაგრამ ბევრისთვის დაუჯერებელი რჩებოდა, ქუთაისის მოვლენებმა ნათლად დაადასტურა – საქართველოს პროფკავშირებზე სარიოზული ზეწოლა ხორციელდება“.

„ამ შეხვედრას ჩვენ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დიპლომატიურ კორპუსს, საზოგადოებას შევახსენოთ ამ მაგალითის ფონზე, რომ მსგავსი შინაარსის ფაქტებიც არსებობს. გარდა ამისა, მხოლოდ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ინფორმირებულობას არ ექნება არანაირი აზრი, თუკი საბოლოოდ რაიმე სამოქმედო გეგმას არ დავსახეთ“, –განაცხადა პეტრიაშვილმა.

შეხვედრაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა მოვლენები სამართლებრივი კუთხით შეაფასა.

მოხსენებით გამოვიდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი სოფიო ბენაშვილიც.

ყველა მომხსენებლის გაცხადებით, მათ მიაჩნიათ, რომ ქუთაისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ცალსახა იყო სამართალდამცავთა მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება და თითოეული ასეთი ფაქტი სისიხლის სამართლის საქმის დაწყების საფუძველია.

აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ: აშშ–ს, გერმანიის, ნიდერლანდების, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, უნგრეთის, ესტონეთის, ლიტვის, შვედეთის, შვეიცარიისა და ისრაელის საელჩოების წარმომადგენლები. ასევე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

დიპლომატიური კორპუსის გარდა, პროფკავშრების მიერ ორგანიზებულ შეხვედრას საქართველოში არსებული 12 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის– სახალხო დამცველი, საია, საერთაშორისი გამჭვრივალობა–საქართველო, სამართლიანი არჩევნები, მრავალეროვანი საქართველო, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და ფონდი ღია საზოგადოება –საქართველო.

შეხვედრის ნაწილი, სადაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან უნდა ესაუბრათ, პრესისითვის დახურული იყო.

საელჩოების წარმომადგენლებმა კომენტარი არც შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.

საბოლოო განცხადებას სამომავლო სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე დაისახა, საქართველოს პროფკავშირები დღეს, 16:00 საათზე გააკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი