ახალი ამბები

“ჰერკულესიდან” დათხოვნილი მეტალურგი პროფკავშირებში

23 მარტი, 2012 •
“ჰერკულესიდან” დათხოვნილი მეტალურგი პროფკავშირებში

პროფკავშირის ოფისის გახსნა ქუთაისში
პროფკავშირის ოფისის გახსნა ქუთაისში

დღეს ქუთაისში, ჭავჭავაძის #33-ში, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირის რეგიონული ოფისი გაიხსნა, რომელსაც ქუთაისის ქარხანა “ჰერკულესიდან” დათხოვნილი მეტალურგი ირაკლი იობიძე უხელმძღვანელებს.

იობიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცა. იობიძე მეტალურგიული ქარხნიდან დაითხოვეს და სამსახურში დღემდე არ აღუდგენიათ.

„აქამდე რომ ყოფილიყო ოფისი, უფრო კარგი შედეგი გვექნებოდა, ალბათ. თუმცა ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, გავაკეთეთ. ეს ოფისი ყველა დარგის წარმომადგენელს დაეხმარება. ჩვენ დავეხმარებით სასარჩელო განცხადების შედგენაში, სასამართლო პროცესზე დავუნიშნავთ ადვოკატს და სხვა,” – აცხადებს ირაკლი იობიძე.

ოფისის პრეზენტაციას “ჰერკულესის” ქარხნის მუშებიც ესწრებოდნენ. ერთ-ერთი მუშის თქმით, რომელიც ქარხანაში ახლაც მუშაობს, ისინი ქარხანაში გამეფებული უკანონობის გამო გაწევრიანდნენ პროფკავშირში: 

„ყველამ კარგად იცის, რა ხდებოდა ქარხანაში. ჩვენ იძულებულები ვიყავით, გავწევრიანებულიყავით პროფკავშირში, რათა სამართლებრივად გვებრძოლა იმ უკანონობის წინააღმდეგ, რაც იქ იყო. რამდენიმე თანამშრომელი არ აღადგინეს სამსახურში. გვიბარებდნენ პროკურატურაში, თუმცა ბოლო პერიოდში შედარებით სიმშვიდეა.“

რეგიონული ოფისი ქუთაისში დღეს პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა გახსნა:

„შეიძლება ბევრმა ქუთაისელმა არ იცოდეს “ჰერკულესის” ქარხნის შესახებ, იმაზე, თუ როგორ მოექცა სახელმწიფო მუშებს, მაგრამ იციან ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ჩვენ ყველა მეგობარ ორგანიზაციას გავაგებინეთ, რა მოხდა. ამ თემაზე ევროპის ორ გავლენიან გამოცემაშიც დაიბეჭდა სტატია. მინდა გითხრათ, რომ ბრძოლა არ დამთავრებულა. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მუშები ქარხანაში დააბრუნონ,“ – ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი.

პეტრიაშვილის თქმით, ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანა “ჰერკულესში”, ტყიბულის მაღაროებში, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში განვითარებულმა მოვლენებმა, რაც განპირობებული იყო ამ ქარხნებში დასაქმებულთა არასათანადო შრომითი პირობებით, აქტუალური გახადა დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვა.

“ფაქტია, რომ ადამიანებს ჭირდებათ პროფესიული კავშირები, ჭირდებათ ორგანიზება, ჭირდებათ იურიდიული მომსახურება. ეს ოფისი უსასყიდლოდ მოემსახურება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს იმერეთის რეგიონში,“ – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

საქართველოს მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის ხელმძღვანელის თამაზ დოლაბერიძის თქმით, “ოფისში დასაქმებული კვალიფიციური იურისტები დახმარებას გაუწევენ ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად იმისა, სად მუშაობს ის, ვისაც შეექმნება შრომით-სამართლებრივი პრობლემა სამსახურში, იქნება ეს ხელფასის დაგვიანება, უკანონო გათავისუფლება თუ ნებისმიერი სხვა რამ.“

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ქუთაისის ოფისი მთელ იმერეთის რეგიონს მოემსახურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი