ახალი ამბებისაზოგადოება

ფეროშენადნობთა ქარხნის მუშების თქმით, გაფიცვა ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლის გამო არ შედგა

9 მაისი, 2016 • 2015
ფეროშენადნობთა ქარხნის მუშების თქმით, გაფიცვა ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლის გამო არ შედგა

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშები აღარ გაიფიცებიან. მუშები იმერეთის მეტალურგიული პროფკავშირის ორგანზიებით 9 მაისიდან უვადო გაფიცვას გეგმავდნენ. თუმცა, როგორც ისინი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებენ, ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლისა და დაშინების შედეგად გადაწყვიტეს, რომ გაფიცვა აღარ შედგება. კომპანიაში ზეწოლის ფაქტს უარყოფენ.

როგორც მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე და საწარმოს თანამშრომელი კახა მაჩიტიძე აცხადებს, მუშების გაფიცვის შეჩერების ოფიციალურ მიზეზად 10 მაისს ქარხნის მფლობელი კომპანიის “ჯორჯიან მანგანეზის” დირექტორის ვოლოდიმირ ლოზინსკის ზესტაფონში ვიზიტი სახელდება; მისი თქმით, ლოზინსკი მზად არის, პროფკავშირების მიერ მომზადებული საგაფიცვო მოთხოვნები მუშებთან ერთად განიხილოს და ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომ ქარხანა მუშაობას არ შეწყვეტს.

“იმ დღიდან, როდესაც გაფიცვის შესახებ ადმინისტრაციაში წერილი შევიტანეთ, ადმინისტრაციის წევრები დადიოდნენ ქარხანაში და მუშებს ემუქრებოდნენ. მუშებს უებნებოდნენ, რომ თუ ისინი გაიფიცებოდნენ, დაკარგავდნენ სამსახურს და ვერ მიიღებდნენ ხელფასს. საბოლოოდ მოიგონეს, რომ დირექტორი ჩამოვა და დაადასტურებს, რომ ქარხანა არ გაჩერდება და იმუშავებს. ისე ჩანს, ვითომ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, მაგრამ გაფიცვის შეჩერების რეალური მიზეზი არის ის, რომ მუშები დააშინეს,” – აცხადებს კახა მაჩიტიძე.

მაჩიტიძის განცხადებით, მუშებს ქარხნის ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის მოადგილე დიტო ყიფიანი, ადამიანური რესურსების სამსახურის უფროსი გოჩა ჭანტურიძე, მთავარი ინჟინერი ვასო გველესიანი და საამქროს უფროსი ვასო არევაძე სამსახურის დატოვებით ემუქრებოდნენ. ამას ადასტურებს ქარხნის ერთ-ერთი მუშაც, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა:

“დიტო ყიფიანი და გოჩა ჭანტურიძე, ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ იყვნენ მოსული და ხალხს უთხრეს გარკვევით, რომ,ვინც გაფიცვაზე გავა, ისინი ხელფასს ვერ მიიღებენ. ზეწოლას ჰქონდა სისტემური სახე. ახლა ველოდებით დირექტორს, რომ ჩამოვიდეს და მოაგვაროს პრობლემა. რომ გვაშინებდნენ და გვემუქრებოდნენ, ეს ყველამ იცის აქ – ეს არის მათი მეთოდი,” – აცხადებს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომელი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

მაჩიტიძის თქმით, გაფიცვის დაანონსებამდე მოლაპარაკებები დაახლოებით 11 თვე მიმდინარეობდა და ამან მუშებისათვის სასურველი შედეგი ვერ გამოიღო:

“მოლარაკებები აქამდეც იმართებოდა, მაგრამ- უშედეგოდ. ადმინისტრაციას არ აქვს სურვილი, რამე შეცვალოს. ხვალიდნელი შეხვედრაც როგორ წარიმართება, წინასწარ ვიცით.”

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზში” კი აცხადებენ, რომ დაანონსებული გაფიცვა, მუშათა არასკმარისი მხარდაჭერის გამო ჩაიშალა. მუშებზე ზეწოლის შესაძლო ფაქტს კომპანიაში გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ მუშების მონათხრობი სიმართლეს არ შეესაბამება.

“ჯორჯინ მანგანეზის” ინფორმაციით, კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებთან და პროფკავშირების მოთხოვნათა 8 პუნქტიდან ექვსს განიხილავს.

პროფკავშირს ქარხნის მფლობელ კოპანია “ჯორჯიან მანგანეზთან” შემდეგი მოთხოვნები აქვს:

  1. შეწყდეს პროფკავშირის წევრების დევნა და მუქარა
  2. ყოველწლიურად განხორციელდეს ხელფასების ავტომატური ინდექსაცია საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით
  3. ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობად განისაზღვროს 30 სამუშაო დღე და დამატებილი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაო ადგილზე დასაქმებულებისთვის 10 კალენდარული დღის ოდენობით.
  4. გაუქმდეს კომპანიის გეგმა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის იძულებით სპეციალურ რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით.
  5. ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების გაზრდილი ოდენობით ანაზღაურება (კოეფიციენტი 1,5), უქმე დღეებში ნამუშევარი საათების ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ტარიფით ანაზღაურება.
  6. გაფორმდეს კოლექტიური ხელშეკრულება.

კომპანია არ განიხილავს მოთხოვნებში მუშების, გოჩა კვინტრიშვილისა და კახა მაჩიტიძის შესახებ დასმულ 2 პუნტქს, რადგან ეს, მათი განცხადებით, საწარმოში არსებული რამდენიმე პროფკავშირიდან ერთ-ერთის წევრების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენების მოთხოვნაა და “არა საწარმოს მთელი კოლექტივის წინაშე მდგარი რაიმე არსებითი პრობლემის გადაჭრის მცდელობა.”

ასევე,  „ჯორჯიან მანგანეზის” გენერალური დირექტორის, ვოლოდიმირ ლოზინსკის განცხადებით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა საწარმოში გავრცელებული ინფორმაცია საწარმოს სპეციალურ რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი