ახალი ამბები

გოგი თოფაძე უარყოფს, რომ თინა ხიდაშელს არჩევნების გაყალბებაში დასდო ბრალი

11 თებერვალი, 2016 •
გოგი თოფაძე უარყოფს, რომ თინა ხიდაშელს არჩევნების გაყალბებაში დასდო ბრალი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გოგი თოფაძე ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ თინა ხიდაშელისთვის მას საგარეჯოს მაჟორიტარული არჩევნების გაყალბებაში ბრალი არ დაუდია და “საქართველოსა და მსოფლიოს” ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინტერვიუს ეს ჩანაწერი სიმართლეს არ შეესაბამება.

“მთელი ჩემი ინტერვიუ ჩაწერილია. მოკითხეთ მაგის ავტორს. მე ეგ არ მითქვამს. კითხეთ იმას, ვინც ეგ დაწერა”, – უთხრა ნეტგაზეთს თოფაძემ.

რაც შეეხება იმას თუ რა თქვა ინტერვიუში დეპუტატმა სინამდვილეში, იგი განმარტავს:

“ის, რომ ჯარი ჩაიყვანა იქ, ამაზე მთელი საქართველო ლაპარაკობდა და ეგ იყო ნათქვამი”.

ამის შემდეგ მან დამატებით შეკითხვებს აღარ უპასუხა.

“წესით და რიგით, ხიდაშელმა, მინისტრის კაბინეტში კი არა, დაკითხვებზე უნდა იაროს, რადგან შარშან, ოქტომბერში, საგარეჯოს რაიონში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გააყალბა და ამ საქმისთვის თავდაცვის სამინისტროს რესურსი გამოიყენა; ესეც არ იკმარა და ბიულეტენების დათვლაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ამ უმსგავსობის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელშიც განათავსა. დღემდე ვერ გამიგია, რასთან გვაქვს საქმე: სიბრიყვესთან თუ თავხედობასთან. ხიდაშელმა თავისი უკანონო ქმედებით მთელ კოალიციას თავი მოსჭრა და ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა”, – “საქართველო და მსოფლიოს” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუს მიხედვით, ამ განცხადებას აკეთებს გოგი თოფაძე.

ნეტგაზეთი ესაუბრა გაზეთის რედაქტორს, ასევე ინტერვიუს ავტორს. ორივე მათგანი აცხადებს, რომ ისინი ჯერ თვითონ თოფაძესთან დააზუსტებენ საკითხს და რეაგირებას შემდეგ მოახდენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი