ახალი ამბები

“მრეწველებთან” “ოცნების” ალიანსი – რა საფრთხეს ხედავენ თავისუფალი დემოკრატები

21 ნოემბერი, 2016 • 2539
“მრეწველებთან” “ოცნების” ალიანსი – რა საფრთხეს ხედავენ თავისუფალი დემოკრატები

პ/გ “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” ბიუჯეტიდან 300 ათას ლარს მიიღებს იმის მიუხედავად, რომ ამ პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 0.78% მიიღო და პარლამენტში მხოლოდ ერთი წევრი შეიყვანა, მაგრამ 6-წევრიანი ფრაქციის შექმნა მოახერხა “ქართული ოცნების” დახმარებით.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონით პარტია, რომელიც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებული იყო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და რომლის წევრიც არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად, თუ იგი შექმნის საპარლამენტო ფრაქციას, ბიუჯეტიდან 300 000 ლარს მიიღებს.

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე ვარაუდობს, რომ ამ კონფიგურაციით მისი პარტია, რომელმაც 8 ოქტომბრის არჩევნებში ხმების 4.65% მიიღო, წარმომადგენელს დაკარგავს ცესკოში. საქმე ის არის, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ცესკოს 7 წევრს ნიშნავენ ის პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად, დაფინანსებას იღებენ  საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ხოლო თუ ასეთი პარტია 7-ზე მეტია, მაშინ თითო წევრს ნიშნავს 7 სხვებზე მეტი დაფინანსების მიმღები პარტია. თუ რამდენიმე პარტიას აქვს თანაბარი დაფინანსება, უპირატესობა ენიჭება არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიას.

შავგულიძე შიშობს, რომ ცესკო დააჯამებს მრეწველების მიერ 2014 წლის თვითმმართველობისა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მიღებულ საბიუჯეტო დაფინანსებას, რითაც ის გადაუსწრებს “თავისუფალი დემოკრატების” მაჩვენებელს.

 

“სამწუხაროდ, ეს არის გამოკვეთილი გენერალური ხაზი ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი პარტიის (ამ პარტიის ხელით ანხორციელებს) ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის საზიანო: ერთია ის, რომ ინსტიტუციური მმართველობა მოიშალა ჩვენს ქვეყანაში, ხოლო მეორე, თანმიმდევრულად იდევნება დასავლური ორიენტაციის პოლიტიკური ძალები და ქართულ პოლიტიკაში შესაძლებლობა ეძლევათ შემოვიდნენ, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, არადასავლური, ანუ პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკური ძალები”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

შავგულიძეს ეჭვს ისიც უძლიერებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში სიმონ ნოზაძე თავდაპირველად წარდგენილი იყო, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, ხოლო მოგვიანებით გახდა “მრეწველების” კანდიდატი. იგი ერთადერთია, რომელმაც მაჟორიტარულ არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატი დაამარცხა.

”თავისუფალი დემოკრატები” ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მოუწოდებენ, არ მოაწეროს ხელი შესაბამის განკარგულებას. ჟვანია კი ჯერჯერობით პარლამენტიდან ოფიციალურ წერილს ელოდება იმის თაობაზე, რომ შექმნილია ფრაქცია “მრეწველები – ქართული ოცნება”.

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და მმართველი გუნდის ერთ–ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი ვერ ხედავს პრობლემას იმასთან დაკავშირებით, რომ “თავისუფალი დემოკრატების” ადგილს ცესკოში “მრეწველთა” წარმომადგენელი დაიკავებს. მისი თქმით, ეს ფრაქცია შექმნილია ისეთი ადამიანებისგან, ვისაც პარტიული ნიშნით შესაბამისი სულისკვეთება აქვთ, ხოლო “მრეწველების” საპარლამენტო ფრაქციისთვის ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებს და ამით ცესკოში წევრის დანიშვნით კანონსაწინააღმდეგო არაფერი ხდება.

“ეს ადამიანი [სიმონ ნოზაძე] შეიძლება მაშინ მუშაობდა ისეთ ორგანოებში, რითაც მისი პარტიულობა კატეგორიულად დაუშვებელი იყო. ცესკოს ყველა მასალაში და საბოლოო შემაჯამებელ ოქმში ეს ადამიანი დარეგისტრირებულია ისე, როგორც მან მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ანუ მრეწველთა პარტიიდან. აქედან გამომდინარე, შეიძლება თავიდან იყო უპარტიო, ვინაიდან მუშაობდა ისეთ დაწესებულებაში, და შემდეგ ყველა დოკუმენტში იგი არის მოხსენიებული და თვითონაც არის…. გარდა დასახელებისა, ამ ადამიანებს აქვთ განწყობა, აქვთ დამოკიდებულება და არიან მრეწველები თავისი არა მარტო სახელით, არამედ დამოკიდებულებით პოლიტიკის საკითხის მიმართ და ქვეყნის განვითარების თემებზე. ასე რომ, აქ არანაირი დარღვევა იქნება,” – ამბობს ვოლსკი.

საარჩევნო ბლოკის  “თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლო” ერთადერთი დეპუტატი პარლამენტში, სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ კანონის შესაბამისად, მას აქვს ფრაქციის შექმნის უფლება, ხოლო პარტიის დაფინანსებას და დანარჩენ საკითხებს ცენტრალური საარჩევნო კომისია გადაწყვეტს.

“მოხდა ისე, რომ “მრეწველების” საარჩევნო ბლოკისგან მხოლოდ მე შევედი პარლამენტში, მაგრამ კანონი ითვალისწინებს, რომ თუკი თანამოაზრეებს გამონახავს რომელიმე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატი, მას შეუძლია ფრაქციის შექმნა. აქ უმთავრესია ის, რომ არჩევნების წინ, როდესაც დაიშალა კოალიცია და “მრეწველები” გამოეყვნენ კოალიციას, პარტიის ლიდერებმა, ზურაბ ტყემალაძემ და გოგი თოფაძემ დააანონსეს, რომ არჩევნების შემდეგ შესაძლოა განხილულიყო საკითხი უმრავლესობის შემადგენლობაში გაწევრიანების ან კოალიციაში შესვლის შესახებ. ეს ყველაფერი მოხდა ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე,” – აცხადებს ნოზაძე.

სიმონ ნოზაძე ამბობს, რომ უკვე 5 წელია გოგი თოფაძის თანამოაზრეა, თუმცა პარტის წევრი მხოლოდ 2016 წლის არჩევნების წინ გახდა, რადგან მანამდე თანამდებობა უშლიდა ხელს პარტიაში გასაწევრიანებლად:

“2012 წლის ივნისში პარტია “მრეწველობა გადაარჩენს საქართველომ” ჩემი კანდიდატურა დააყენა კოალიციაში მაჟორიტარი დეპუტუტატობისთვის, თუმცა იმ მომენტში უპირატესობა სხვა კანდიდატს [ვალერი გელაშვილს] მიანიჭეს, რომელიც შემდეგ მოხვდა პარლამენტში. 2016 წლის 1 სექტემბრამდე არ მქონდა პარტიაში გაწევრიანების უფლება იმიტომ, რომ ვიყავი მოქმედი ოფიცერი. სექტემბრის დასაწყისში, როდესაც ჩატარდა პოლიტსაბჭო, განვაცხადე, რომ შევუერთდებოდი მათ და არჩევნების წინ რამდენიმე კვირით ადრე პარტიის წევრი გავხდი.

სიმონ ნოზაძე ამბობს, პირველ ეტაპზე, მმართველი გუნდის წევრებთან კონსულტაციები მისი პარტიის ლიდერებმა დაიწყეს, ხოლო დეტალების შეთანხმების შემდეგ ისიც ჩაერთო საქმეში და თანამოაზრე დეპუტატებთან გამართა შეხვედრები. მისი თქმით, ფრაქციის შემქნისას მუშაობდა პოლიტიკური პლატფორმისა და წესდების დაზუსტებაზე:

“კანონმდებელმა ასე ჩადო და კანონი ფიქრობს, რომ ეკუთვნის პარტიას დაფინანსება და ასე გადაწყვეტს ცესკო, ალბათ. ეს სავსებით სამართლიანია იმიტომ, რომ კანონმდებლობაში ასე წერია. თუ რაიმე პრეტენზიები გვაქვს კანონთან, ეს სხვა საკითხია.”

ნოზაძის განცხადებით, კოალიციაში ყოფნისას “მრეწველთა” ნააზრევი თავისუფალი ეკონომიკის შექმნის თაობაზე მმართველი გუნდისთვის საინტერესო იყო და ახლაც საინტერესოა. შესაბამისად, გოგი თოფაძის პარტიის ერთადერთი წარმომადგენელი პარლამენტში მიიჩნევს, რომ თუკი მის ფრაქციას ეყოლება წევრი საარჩევნო კომისიებში, ამაში არაფერი იქნება დასაძრახი.

30 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხაშურის N43 მაჟორიტარულ ოლქში პარტია “თოფაძე-მრეწველების” წარმომადგენელმა სიმონ ნოზაძემ ხმათა 61.55% მიიღო, ხოლო “ქართული ოცნების” კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა – 38.45%. 

მასალების გადაბეჭდვის წესი