ახალი ამბები

EMC: უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები უნივერსიტეტის ფარგლებს გასცდა

14 მარტი, 2016 • 1198
EMC: უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები უნივერსიტეტის ფარგლებს გასცდა

EMC ეხმიანება თსუ-ში დღეს განვითარებული მოვლენების შემდეგ შექმნილ კრიზისულ მდგომარეობას და აცხადებს, რომ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები უნივერსიტეტის ფარგლებს გასცდა.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კრიზისიდან პროცესების გამოყვანისა და განათლების პოლიტიკის სისტემურად შეცვლის მიზნით სახელმწიფომ დროული და ქმედითი პოლიტიკა უნდა გაატაროს.

EMC მთავრობას მოუწოდებს:

” • უნივერსიტეტის შენობაში სხვადასხვა ჯგუფებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტების განმეორების რისკების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღოს ეფექტური ზომები (მათ შორის, უნივერსიტეტის შენობაში საკმარისი საპოლიციო ძალების მობილიზების გზით) უნივერსიტეტის შიგნით და მის გარეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და შესაძლო ძალადობრივი ინცედენტების აღკვეთის მიზნით.

• საკანონმდებლო ორგანომ გამოხატოს პოლიტიკური ნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უშიშროების სამსახურების საქმიანობას შეისწავლის და უზრუნველყოფს არსებულ უკანონო და რეპრესიული პრაქტიკების აღმოფხვრას;

• უმაღლესი განათლების სისტემაში გამოვლენილი ფუნდამენტური ხარვეზების გათვალისწინებით, მთავრობამ გამოხატოს მზადყოფნა უმაღლესი განათლების სისტემის არსებით რეფორმირებაზე, მათ შორის, თვითმართველობის არსებული სისტემის გარდაქმნაზე; ასევე EMC მიიჩნევს, რომ თსუ-ს რექტორმა და სხვა მმართველობითმა ორგანოებმა უზრუნველყონ მონაწილეობითი და დემოკრატიული პროცესის შექმნა, სადაც შესაძლებელი იქნება სტუდენტური ჯგუფების მიერ დაყენებული მოთხოვნების სათანადო განხილვა,”- აღნიშნულია ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაში.

EMC აგრძელებს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს და დეტალურ შეფასებებს მოგვიანებით წარმოადგენს.

უნივერსიტეტში მიმდინარე აქციას თვალი შეგიძლიათ ადევნოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი