ახალი ამბები

დავით უსუფაშვილი: ვუერთდები ნადია სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნას

14 მარტი, 2016 • 1129
დავით უსუფაშვილი: ვუერთდები ნადია სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ უერთდება ნადია სავჩენკოს გათავისუფლოების შესახებ მოთხოვნას.

“სოლიდარობას ვუცხადებ სრულიად უკრაინელ ხალხს, უკრაინის მთავრობას, რადას წევრებს და ჩემს კოლეგას, ბატონ ვოლოდიმირ გროისმანს ამ რთულ ვითარებაში. მართალია, რთულია, გჯეროდეს დღევანდელი რუსეთის სასამართლო სისტემის სამართლიანობის, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ საერთაშორისო საზოგადოების უპრეცედენტოდ ძლიერი პოზიცია გავლენას იქონიებს ნაჩქარევად დაანონსებულ საბოლოო განაჩენზე”, – აცხადებს უსუფაშვილი.

ნადია სავჩენკოს საქმეზე რუსეთის სასამართლო გადაწყვეტილებას 21-22 მარტს გამოაცხადებს.

ნადია სავჩენკოსათვის რუსეთის პროკურატურა 23 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. მას ბრალად ორი რუსი ჟურნალისტისა და რუსეთის რამდენიმე მოქალაქის მკვლელობა ედება. სავჩენკო აღმოსავლეთ უკრაინაში მოხალისეთა დანაყოფში პილოტად მსახურობდა. ის რუსმა სამართალდამცავებმა 2014 წლის ივნისში დააკავეს და 20 თვეზე მეტია პატიმრობაში იმყოფება.

უკრაინელი მფრინავის მხარდასაჭერად აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. მოსკოვში გამართულ აქციაზე 8 მარტს 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი ასეთი აქცია თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთანაც გაიმართა.

9 მარტს “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ნადია სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით დეკლარაციის ტექსტი შეადგინა.

სავჩენკოს მხარდასაჭერი დეკლარაციის პროექტი შეიმუშავა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომლითაც საქართველოს პარლამენტის სხვა ფრაქციებს მიმართავს, რათა პარლამენტმა მიიღოს აღნიშნული დეკლარაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი