საზოგადოება

გრიფით უხარისხო, სამაგიეროდ იაფფასიანი

2 მარტი, 2011 • • 1414
გრიფით უხარისხო, სამაგიეროდ იაფფასიანი

სახელმძღვანელოების გრიფირების გამკაცრებულმა წესებმა შესაძლოა, სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხი დაწიოს და გამომცემლობები გააკოტროს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების შესახებ კონკურსი უკვე გამოაცხადა. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასებების ცენტრში საკონკურსო განაცხადის შესატანად გამომცემლობებს დრო 1 აპრილამდე აქვთ, თუმცა გამომცემლობების ნაწილი განაცხადის შეტანას კონკურსში მანამდე არ აპირებს, სანამ სამინისტრო მათ გრიფირების ახალი წესების შესახებ სრულ ინფორმაციას არ მიაწოდებს.

გაურკვევლობას გამომცემლებში განათლების მინისტრის ახალი ბრძანება – ”სახელმძღვანელოსთვის გრიფის მინიჭების წესის შესახებ” – იწვევს.

დოკუმენტის მიხედვით, სამინისტროსა და გამომცემლობებს შორის სახელმძღვანელოების ბაზარზე სრულიად ახალი ურთიერთობა ყალიბდება, თუმცა, ზუსტად როგორი იქნება ეს ურთიერთობა, ამაზე გამომცემლები და განათლების სფეროს სპეციალისტები ჯერ მხოლოდ ვარაუდით მსჯელობენ, რადგან ზუსტი დასკვნების გამოტანის საშუალებას, მათი თქმით, მინისტრის ბრძანება არ იძლევა. 

ბრძანების თანახმად, გამომცემლებმა საკონკურსო დოკუმენტაციასთან ერთად სამინისტროში წერილი უნდა წარადგინონ. წერილით გამომცემლობა ვალდებულია, კონკურსში გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს გამოყენების ნებართვა ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასებების ცენტრს გადასცეს. ბრძანების მიხედვით, სახელმძღვანელოს გამოყენების უფლებას გამომცემლობა ცენტრს ”ჩვეულებრივი” ან ”განსაკუთრებული” ლიცენზიის ხელშეკრულებით მისცემს. ცენტრს კი, თავის მხრივ, შეუძლია სახელმძღვანელოს გამოყენების უფლება, ასევე, ”ჩვეულებრივი” ან ”განსაკუთრებული” ლიცენზიის ხელშეკრულებით დაინტერესებულ პირს გადასცეს. ბრძანებაში მითითებული ხელშეკრულების  ერთადერთი პირობის თანახმად, დაინტერესებულმა პირმა საავტორო უფლების მფლობელს სახელმძღვანელოების რეალიზაციიდან მიღებული თანხის 10% უნდა გადაუხადოს (ანუ იმ თანხის 10%, რომელიც გამომცემლობას ამ სახელმძღვანელოების გაყიდვით შემოუვა).

ბრძანების ამ პუნქტის განხორციელების ერთ-ერთი სავარაუდო სცენარი ასეთია და იგი განათლების მინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა, რომელზეც მინისტრმა ჯერ კიდევ 2010 წლის 2 ნოემბერს ისაუბრა.

შაშკინის განმარტებით, გამომცემლობას ერთი კონკრეტული სახელმძღვანელოს ექსკლუზიური ფლობის უფლება აღარ ექნება. შაშკინის თქმით, გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს თანამესაკუთრე სახელმწიფო გახდება. ”თანამესაკუთრეობა”, გამომცემლების აზრით, სავარაუდოდ, ”ჩვეულებრივი” ლიცენზიის ხელშეკრულებით სახელმძღვანელოს ცენტრისთვის გადაცემას გულისხმობს.

თანამესაკუთრე გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს ”მაგიდაზე დააწყობს” და სტამბებს მათ დაბეჭვდას შეთავაზებს. შაშკინის თქმით, მთავარი აქ ისაა, რომ სახელმწიფო სახელმძღვანელოს დასაბეჭდად აუცილებლად რამდენიმე სტამბას გადასცემს, რაც, შაშკინის თქმით, სახელმძღვანელოს ფასს დაარეგულირებს.

”აქ იწყება უკვე კონკურენცია ფასში: ვინც უფრო იაფად დაბეჭდავს, მისი სახელმძღვანელო უფრო მეტი  გაიყიდება”, – ამბობს მინისტრი.

შაშკინმა მაშინ ჟურნალისტებთან საუბრისას ისიც თქვა, რომ სამინისტრო აუცილებლად დაიტოვებს უფლებას, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელი იქნება ცენტრმა სახელმძღვანელო მთლიანად, ანუ საავტორო უფლებით შეისყიდოს. ამ შემთხვევაში სახელმძღვანელოს  რეალიზაციის 10%-ს მბეჭდავი კომპანიები სამინისტროს გადაუხდიან.

ეს შემთხვევა, გამომცემლების აზრით, საკითხის განვითარების მეორე სცენარია და ცენტრისთვის სახელმძღვანელოს ”განსაკუთრებული” ლიცენზიის ხელშეკრულებით გადაცემას უკავშირდება. როგორც ბრძანებაშია განმარტებული, ”განსაკუთრებული” ლიცენზიის ხელშეკრულებით ცენტრისთვის სახელმძღვანელოს გადაცემაზე ვალდებულება გამომცემლობებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ, თუ ეს სახელმძღვანელო კომისიის მიერ ”გამორჩეულად საუკეთესოდ” შეფასდება. თუმცა, რა კრიტერიუმების მიხედვით ენიჭება სახელმძღვანელოს ”გამორჩეულად საუკეთესოს” სტატუსი, ამას ბრძანება არ განმარტავს. 

პრესკონფერენციაზე მინისტრმა სამინისტროს გადაწყვეტილების მიზეზებზეც ისაუბრა. მან განმარტა, რომ სახელმძღვანელოების ბაზარზე უამრავი მოთამაშე და ბევრი უხარისხო სახელმძღვანელოა. ამასთან, მინისტრის თქმით, ერთი კონკრეტული სახელმძღვანელოს დაბეჭვდის უფლებას ხშირად გამომცემლები ბოროტად იყენებენ და იმისთვის, რომ ამ სახელმძღვანელოზე ფასი აწიონ, ბაზარზე სახელმძღვანელოს დეფიციტს ქმნიან. სწორედ ამიტომ, სახელმძღვანელოებზე ფასების დასარეგულირებლად, სამინისტრომ სახელმძღვანელოების ბიზარზე ჩარევა გადაწყვიტა და გამომცემლებთან ურთიერთობის ფორმა დაადგინა.

ურთიერთობის დეტალები გაურკვეველი რჩება გამომცემელ ბაკურ სულაკაურისთვის. შეფასების გაკეთება იმაზე,  თუ რა შედეგებს მოიტანს გრიფირების ახალი წესი, უჭირს, რადგან ბრძანებაში არ არის საუბარი პირობებზე, რომელიც სამინისტროსა და გამომცემლობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩაიდება.

”ჩვენ გვეუბნებიან, რომ თუ გინდა, რომ გრიფი მიიღო, ხელი უნდა მოაწერო ხელშეკრულებას ცენტრთან, მაგრამ ხელშეკრულება როგორია, ეს არ ვიცით. რა პირობები იქნება ხელშეკრულებაში? შეიძლება ცენტრმა გამოიყენოს სახელმძღვანელო და გადამიხადოს, პირობითად ვამბობ, ერთი ლარი, შეიძლება გადამიხადოს მილიონი. გააჩნია, რა პირობებს დებენ ამ ხელშეკრულებაში”, – განმარტავს სულაკაური და დასძნეს, რომ კონკურსში განაცხადს მანამ არ შეიტანს, სანამ არ გაარკვევს, რა პირობებით სთავაზობს სამინისტრო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას.

ხელშეკრულების პირობები როდის გახდება ცნობილი, ეს ჯერ გაურკვეველია, თუმცა თუ მინისტრის მოსაზრებას დავეყრდნობით (”იმის უფრო მეტი გაიყიდება, ვინც ნაკლებად გაყიდის”),  გამომცემლობები, სავარაუდოდ, სახელმძღვანელოს ნაკლებ ფასში გაყიდვას შეეცდებიან, რამაც შესაძლოა ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, განათლების სფეროს სპეციალისტის სიმონ ჯანაშიას აზრით, გამომცემლების გაკოტრება და სახელმძღვანელოს ხარისხის შემცირება გამოიწვიოს.

ჯანაშია განმარტავს, რომ თუ გამომცემლობის მიერ მომზადებული სახელმძღვანელო დასაბეჭდად სხვას გადაეცემა, დიდი შანსია, რომ მან ეს სახელმძღვანელო იმაზე ნაკლებ ფასში გაყიდოს, ვიდრე გამომცემელს მისი მომზადება დაუჯდა, რადგან მას სახელმძღვანელოს შექმნის ხარჯები არ ექნება.

ანუ შედეგად შესაძლებელია სახელმძღვანელო თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად გაიყიდოს, რეალიზაციიდან მიღებული 10% კი გამომცემლობას არა თუ მოგების, არამედ იმ ვალდებულების შესასრულებლადაც არ ეყოს, რასაც დამატებით მას ბრძანება აკისრებს. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, გამომცემლებს ვალდებულება აქვთ, ყველა იმ მასწავლებელს, რომელიც მათ სახელმძღვანელოს გამოიყენებს, სასწავლო პროცესში საჩუქრად გადასცენ მასწავლებელის მეთოდური სახელმძღვანელო, ასევე გადაამზადონ ინგლისურის ის პედაგოგები, რომლებიც მათ მიერ მომზადებული ინგლისურის სახელმძრვანელოთი იხელმძღვანელებენ.  ამასთან ერთად ბრძანება გამომცემლებს ვალდებულებას აკისრებს, გრიფირების კონკურსში განაცხადის შეტანისას ყოველ სახელმძღვანელოზე გარკვეული თანხის გადახდონ.

გაურკვეველი რჩება ურთიერთობა ავტორსა და გამომცემლობას შორის. ძველი წესებით, გამომცემლები ავტორებს სახელმძღვანელოს რეალიზაციიდან მიღებული თანხის 15%–ს უხდიდნენ, ანუ იმაზე მეტს, ვიდრე ახლა გადაუხდიან გამომცემლებს დაინტერესებული პირები მათი სახელმძღვანელოების დაბეჭვდის შემთხვევაში. გამომცემლებისთვის გაურკვეველია, როგორ მოწესრიგდება მათი ურთიერთობა ავტორებთან. სავარაუდოდ, ავტორებს თანხა გამომცემლებმა თავიანთი 10 %-დან უნდა გადაუხადონ.

გამომცემლობა ”ლოგოს პრესის” ხელმძღვანელი ლაშა ბერაია ფიქრობს, რომ ბრძანებით სახელმძღვანელოს გამოყენების უფლება ცენტრს ავტომატურად კი გადაეცემა, თუმცა ამავე ბრძანებაში არ წერია, რომ, ასევე, ავტომატურად სამინისტრო  ამ სახელმძღვანელოებს დასაბეჭდად სხვას გადასცემს. ბრძანების მიხედვით, ამ უფლებას ცენტრი ”აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებებიდან გამომდინარე” გამოიყენებს.

როდის შეიძლება ”აუცილებელმა საზოგადოებრივმა საჭიროებამ” სახელმწიფოს ამის გაკეთება აიძულოს, ბრძნება ამ შემთხვევას არ განმარტავს, თუმცა ამ შემთხვევის განხორციელების სავარაუდო განმარტებას ლაშა ბერაია შეეცადა. 

ბერაია ამბობს, რომ სამინისტრომ ეს ბერკეტი მხოლოდ მაშინ შეიძლება გამოიყენოს, თუ გამომცემლები სახელმძღვანელოებზე ფასების ზრდას ხელოვნურად შეეცდებიან.

”შარშან მინისტრი ამბობდა, რომ გარკვეულმა გამომცემლებმა ვერ გააკონტროლეს ფასები, შედეგად სახელმძღვანელოებს ცეცხლის ფასი დაედოთ. მეც ვიცი, რომ ამ თვალსაზრისით ბაზარი მოუწესრიგებელია. ამიტომ მგონია, რომ გრიფირების გამკაცრებული წესების შემოღება ამის გამოძახილია. სამინისტროს სურს, რომ ჰქონდეს ბერკეტი: გამომცემლებს, რომლებიც ნორმის ფარგლებიდან გავლენ, წაართვან ასეთი მოქცევის საშულება”, – ამბობს ბერაია.

სამინისტროს მოტივაცია, ერთის მხრივ, ბაკურ სულაკაურისთვისაც გასაგებია. სახელმძღვანელოების ბაზარზე 40-ზე მეტი გამომცემლობაა. სულაკაური ამბობს, რომ უმრავლესობა მათგანი შემთხვევითაა მოხვედრილი ამ სფეროში, არიან არაკვალიფიციური და სარგებლობენ თავიანთი სიტუაციით.

”მართლაც იყო შემთხვევები , როცა ასეთი გამომცემლობები სახელმძღვანელოებს გაუმართლებელ ფასებს ადებდნენ. მაგალითად, მაშინ, როცა სამინისტრო სოციალურად დაუცველთათვის წიგნებს ყიდულობდა. გამომცემლობები სარგებლობდნენ იმით, რომ სამინისტრო იძულებული იყო, შეეძინა სახელმძღვანელოები და ფასებს ზრდიდნენ. ამ ქმედებამ გააღიზიანა ბოლო-ბოლო სამინისტრო”, – განმარტავს სულაკაური.

ძველი წესებით, გამომცემლობები ექსკლუზიურად იყვნენ სახელმძღვანელოების საავტორო უფლების მფლობელები და გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს თავადვე გამოსცმედნენ. შემდეგ კი დისტრიბუტორების საშუალებით ავრცელებდნენ.

გამომცემელთა და განათლების სფეროს სპეციალისტებისთვის ამ დროისთვის ბუნდოვანია, თუ ქმედების რომელ გზას აირჩევს სახელმწიფო. თუ სახელმძღვანელოები დასაბეჭდად სხვას გადეცემა, მათი თქმით, ამან შესაძლოა სავალალო შედეგები მოუტანოს გამომცემლობას.

სიმონ ჯანაშიას აზრით, გრიფირების გამკაცრებულმა წესებმა ორი შედეგი შეიძლება დააყენოს. ერთი, რომ დაეცემა წიგნების ხარისხი, რადგან გამომცემლები შეეცდებიან წიგნები მინიმალური ხარჯებით შეადგინონ: ”გამომცემლობას ახლა არანაირად არ აწყობს, რომ კვალიფიკაციური ავტორი აიყვანოს, წინასწარ დახარჯოს ფული ამ ავტორის მომზადებაზე, საავტორო უფლების მოპოვებაზე ილუსტრაციებზე, ტექსტებზე და სხვა”.

მეორე – გამომცემლობები შეიძლება უბრალოდ გაკოტრდნენ, ან საერთოდ არ შეიტანონ განაცხადი გრიფირების კონკურსში, რადგან  მინიმალური ინვესტიციის ამოღების რისკს დაინახავენ.

ბაკურ სულაკაური კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებდა, მის გამომცემლობას სახელმძღვანელოები უკვე მომზადებული რომ არ ჰქონოდა. სულაკაური ამბობს, რომ თუ ხელშეკრულების პირობები მისთვის და გამომცემლობისთვის საზიანო აღმოჩნდება, მომავალი გრიფირებისთვის სახელმძღვანელოებს ან საერთოდ არ შეიტანს კონკურსზე, ან შეეცდება მათი მომზადება რაც შეიძლება ნაკლები დაუჯდეს. ”შეიძლება გამოვიდეს სახელმძღვანელო, რომელიშიც არ იქნება ილუსტრაციები, მაგალითად”, – ამბობს გამომცემელი.

ნაკლებდანახარჯიანი და უხარისხო სახელმძღვანელოს გრიფირების კონკურსში გასვლის შანსი სახელმწიფომ ამ ბრძანებითვე შეზღუდა, როცა სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმების გადალახვის ბარიერი მკვეთრად გაზარდა.

სავარაუდოდ, გაზრდილი ბარიერის გადალახვას უხარისხო სახელმძღვანელო ვერ შეძლებს, შედეგად კი, გამომცემლების აზრით, ბაზარზე ალტერნატივების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება.

ალტერნატივების შემცირების მიზეზს ბერაია სახელმწიფო პოლიტიკაში ხედავს.

”სახელმწიფო ფიქრობს, რომ ბაზარზე ზედმეტად ბევრი უხარისხო სახელმძღვანელოა, მასწავლებლებს უჭირთ არჩევანის გაკეთება, მშობლებიც უკმაყოფილონი არიან, ამიტომ, ჩემი აზრით, სამინისტრომ ჩათვალა, რომ ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, გავამრავლოთ შემთხვევითი გამომცემლობები, წიგნების რაოდენობა. პედაგოგები, რომლებიც არა არიან მზად გადასასვლელად ახალი პროგრამებით სწავლებაზე და სჭირდებათ გადამზადება, ისინი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავაყენოთ ამ არჩევანით, ეს არის ხელისუფლების დღევანდელი არგუმენტი”, – ამბობს ბერაია.

”ხელისუფლების არგუმენტებზე” შაშკინმა გასული წლის 2 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ გრიფირების გამკაცრებული წესების შემოღებით სახელმწიფო არჩევანს სახელმძღვანელოების შემცირებაზე და შემცირებული სახელმძღვანელოების ხარისხის გაზრდაზე აკეთებს.

ჯანაშიას აზრით, სახელმწიფოს რომ  ალტერნატივების შემცირების სურვილი აქვს, ამ მოსაზრებას ის ფაქტიც ამყარებს, რომ სამინიტრომ ოფიციალური ბრძანება გრიფირების კონკურსის პირობების შესახებ კონკურსის გამოცხადების წინა დღეს გამოაქვეყნა. 

”ზოგადად, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს ეს ქმედება, რომ მათ აქვთ სურვილი, რაც შეიძლება ნაკლებმა შეიტანოს განაცხადი და, ზოგადად, მიყავთ ტენდენცია იქითკენ, რომ რაც შეიძლება შემცირდეს ალტერნატივების რაოდენობა და საბოლოო ჯამში, თვითონ აკონტროლონ სიტუაცია”, – ამბობს ჯანაშია.

გრიფირების კონკურსში სახელმძღვანელობზე განაცხადის შეტანა პირველ მარტს დაიწყო. საკონკურსო განაცხადების მიღებიდან ერთ თვეში  სამინისტრო კონკურსის მეორე ეტაპზე გადავა. ანონიმური კომისია სახელმძღვანელოების ბრძანებით გაწერილი კრიტერიუმებით შემოწმებას დაიწყებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი