საზოგადოება

გოგონები, რომლებიც საპატარძლო კაბის ნაცვლად სიკვდილს ირჩევენ

22 დეკემბერი, 2015 • 3948
გოგონები, რომლებიც საპატარძლო კაბის ნაცვლად სიკვდილს ირჩევენ

ეთნიკური აზერბაიჯანელების დიდი ნაწილი,  ტრადიციულად, ოჯახის გარდაცვლილი წევრის ფოტოს სახლის კედელზე კიდებს, თუმცა 14 წლის ულვიას ფოტოს მის სახლში ვერსად ნახავთ.

„ჩემი შვილი არასოდეს საუბრობდა ოცნებებზე. 14 წლის ასაკში რა ენდომებოდა? თავის თავს ოცნების ახდენის  შანსიც კი არ მისცა. გათხოვებას არ ვაძალებდით, უბრალოდ, ამ თემაზე ვსაუბრობდით. ქორწილი კი არა, ნიშნობაც  არ გვქონია. მე ჩემი შვილის პატარძლობა ვერ ვნახე,” – ამბობს ულვიას დედა.

14 წლის ულვია (სახელი პირობითია) თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალას მე-9 კლასის მოსწავლე იყო. ოჯახმა მისი გათხოვება გადაწყვიტა. ულვია გათხოვების  წინააღმდეგი იყო.  2014 წლის ივლისში ის სახლში გარდაცვლილი ნახეს.  საქმე თვითმკვლელობის მუხლით აღიძრა.

საქართველოში ადრეული ქორწინების შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში. ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის გოგონების ადრეულ ასაკში გათხოვება ჩვეულებრივი ამბავია. არასრულწლოვანთა დიდ ნაწილს დაქორწინება არ უნდა, მაგრამ იძულებულია  ტრადიციას და მშობლების გადაწყვეტილებას უსიტყვოდ დაემორჩილოს. ყარაჯალაში მე-9 კლასის  მოსწავლე გოგონამ, რომელსაც ოჯახი მისი ნების  საწინააღმდეგოდ ათხოვებდა, 2012 წელსაც მოიკლა თავი.

გაეროს ინფორმაციით, საქართველოში ქალების 17 პროცენტზე მეტი 18 წლამდე ასაკში თხოვდება.  ამ მონაცემების თანახმად, საქართველო ნაადრევი ქორწინების რაოდენობით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის მეორე ადგილეზეა. ოფიციალური სტატისტიკით, 2014 წელს 16-დან 19 წლამდე ასაკის  4 ათასმა გოგონამ შექმნა ოჯახი. გასულ წელს, ყოველდღიურად 4 არასრულწლოვანი გოგონა დედა ხდებოდა.

საქართველოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, სავალდებულო საბაზო განათლების დასრულებამდე სწავლის მიტოვების მაჩვენებელი ქორწინების მიზეზით ასეთია: 9 კლასის ჩათვლით ქორწინების გამო 2012-2013 წლებში სკოლა  47–მა მოსწავლემ მიატოვა, აქედან 43 გოგონა იყო. 2013-2014 წლებში სწავლა მიატოვა 71–მა მოსწავლემ, აქედან 67-მა გოგონამ; 2014-2015 წლებში სკოლაში სწავლა შეწყვიტა 5–მა მოსწავლემ, აქედან 4 გოგონა იყო. სულ ამ პერიოდში სკოლა მიატოვა 123–მა მოსწავლემ, საიდანაც 114 გოგონაა.

რაც შეეხება 2011-12 სასწავლო წელს,  ქორწინების გამო სკოლა 64-მა მოსწავლემ მიატოვა. 2011-2014 წლებში  საბაზო საფეხურის დასრულებამდე სკოლა სულ 187-მა მოსწავლემ მიატოვა.

აზერბაიჯანელი ქალების კავშირის თავმჯდომარე ლეილა სულეიმანოვა ამბობს, რომ  აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონებში ქალების 70% ოჯახს ადრეულ ასაკში ქმნის. „სამწუხაროა, რომ ნაადრევი ქორწინება და ოჯახური ძალადობის ფაქტები აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონებში ჯერ კიდევ ძალიან მაღალია. საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ქალი 18 წლამდე უნდა გათხოვდეს, 18 წლის შემდეგ გათხოვება კი უკვე დაგვიანებულია. ამიტომ აქორწინებენ ოჯახები გოგონებს ადრეულ ასაკში.”

ბებია სუნბულიც 14 წლის ასაკში დაქორწინდა. ამბობს, რომ ასეთ ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნა არ უნდოდა, მაგრამ წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს წინ ვერ აღუდგა:

„მე არაფერი ვიცოდი. ერთ მშვენიერ დღეს მითხრეს, რომ უკვე შეთანხმებულები ვართ და შემოდგომაზე ქორწილი გვექნებაო. რა უფლება მქონდა, მეთქვა, რომ გათხოვება არ მინდოდა. უარის თქმას არც ვფიქრობდით, ვინ გაბედავდა? ყველა ოჯახში ასე იყო: გოგო 13-14 წლის რომ გახდებოდა, უნდა გაეთხოვებინათ. მეუღლე ოჯახის უფროსი იყო. 14 -შვილიან ოჯახს ვუვლიდი. ბავშვობა არც მქონია. ახლა ვფიქრობ, ადრე გათხოვება კარგი არ არის,  მაგრამ ტრადიციაა ასეთი. ჩემი შვილიშვილი ახლობლისთვის უნდა გაგვეყოლებინა, თუ არადა, სხვა გაიტაცებდა. რაც მოსახდენი იყო, მოხდა. დამნაშავის ძებნა უადგილოა.“

ულვიას დედა ამბობს, რომ უფროსი გოგონა უფრო ადრე, 13 წლის ასაკში გაათხოვა: „მას უკვე ორი შვილი ჰყავს. ოჯახით ძალიან ბედნიერია. რა ვიცოდი, ულვია თუ ასე მოიქცეოდა? მე მისი ბედნიერება მინდოდა.“

ყარაჯალას საშუალო სკოლის დირექტორი ელზა აშუროვა აცხადებს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ოჯახები გოგონებს ნაადრევად აქორწინებენ,  გატაცებაა.

„მეცხრეკლასელი გოგონების დიდი ნაწილი სკოლაში აღარ დადის: ოჯახები მათ გატაცების შიშით სკოლაში ხშირად აღარ უშვებენ. ბოლო წლებში ამ  მიმართულებით გარკვეული ზომები გატარდა და გოგონების გატაცების შემთხვევები ოდნავ შემცირდა. ჩვენ სოციალურ სააგენტოსთან ვთანამშრომლობთ. როგორც კი გოგონების სკოლაში დასწრება კლებულობს, სააგენტოს თანამშრომლები მათთან ოჯახებში მიდიან და ცდილობენ, ისინი ისევ სკოლაში დააბრუნონ. სამწუხაროა, რომ ეს საუბრები საკმარისი არ არის.“

სოციალურ სააგენტოში აცხადებენ, რომ  კანონი მათ მხოლოდ ოჯახებთან მოლაპარაკების უფლებას აძლევს. უფრო სერიოზული შედეგების მისაღწევად კი აუცილებელია, რომ იმ ოჯახების, რომლებიც გოგონებს ადრეულ ასაკში ათხოვებენ, და არასრულწლოვნების გამტაცებლების წინააღმდეგ  მკაცრი ზომები გატარდეს.

გასულ წელს საქართველოს სისხლის სამართლის 150-ე მუხლში ცვლილება შევიდა. ამ ცვლილების თანახმად, არასრულწლოვანთან ქორწინება 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. თელავის რაიონის პროკურატურაში აცხადებენ,  რომ ყარაჯალაში ორივე გოგონას  გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე  აღიძრა, მაგრამ პასუხისგებაში არავინ მიცემულა.

„ორივე ფაქტზე საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. მაგრამ ვერც ერთ შემთხვევაში ქორწინებისთვის მზადების მტკიცებულება ვერ მოიძებნა.”

 

2015 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა, სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაციით, ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი, ეკატერინე სხილაძე აცხადებს, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილება ძირითადად 16-18 წლის ახალგაზრდების ქორწინების რეგისტრაციის წესს ეხება და ქორწინებაზე თანხმობისთვის მშობლების ნებართვასთან ერთად სასამართლოს ნებართვაც იქნება საჭირო.  

„კანონის მიღებას საფუძვლად დაედო არსებული პრაქტიკა. ნაადრევი ქორწინების რეგისტრაციისთვის მხოლოდ მშობლების თანხმობა საკმარისი აღარ იქნება. არსებული მდგომარეობის ანალიზმა გვიჩვენა, რომ  ნაადრევი ქორწინების პრობლემა ძირითადად მოსახლეობის განათლების დაბალი დონით და ამ სფეროში  მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობის არაეფექტური შედეგებით არის განპირობებული. ირკვევა, რომ მოსახლეობაში ადრეული ქორწინების, აგრეთვე ოჯახის დაგეგმვისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ იმ სტრუქტურებმა, რომლებსაც ამ საკითხებზე მუშაობა ევალებათ, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ახალი ინსტრუქციებით იმოქმედონ.“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ 2015 წლის სექტემბერში ნაადრევი ქორწინების საკითხებზე მომუშავე  სამიზნე ჯგუფი შეიქმნა, სადაც 20-ზე მეტი სახელმწიფო უწყება, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია შედის.

„სამიზნე ჯგუფის  მოვალეობებიდან ერთ-ერთი, ნაადრევი ქორწინების პრევენციის მიზნით აუცილებელი ღონისძიებების წარმართვა, სწორად მიმართული სახელმწიფო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის რუკის შექმნაა. ამავე დროს ჯგუფი დღის წესრიგში დააყენებს ადრეული ქორწინების პრაქტიკისა და მისი შედეგების კვლევის აუცილებლობას.“

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის თავმჯდომარე  ზაურ ხალილოვი ამბობს, რომ თუ სახელმწიფო მკაცრ ზომებს არ გაატარებს  ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით, პრევენციის მიზნით მოსახლეობასთან წარმართულ საუბარს სერიოზული შედეგი არ ექნება:

„აუცილებელია კანონის გამკაცრება და მისი აღსრულება. მაგალითად, ყარაჯალაში გარდაცვლილი გოგონების მშობლების პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. მათ რომ თავიანთი საქციელის გამო პასუხი ეგოთ, ეს მთელი სოფლისთვის გაკვეთილი იქნებოდა. მსგავსი ტრაგედიების მიუხედავდ, მოსწავლეების დაოჯახება კვლავ გრძელდება.“

ულვიას დედას ამბობს, რომ მისი შვილის სიკვდილში ბრალი საზოგადოებასაც მიუძღვის:

„საზოგადოებაც დაადანაშაულეთ. ჩემთან ერთად საზოგადოებაცაა დამნაშავე. ულვია 4 ბიჭს მოსწონდა. ორი ოჯახიდან შეტყობინება მივიღეთ, რომ თუ გოგოს არ გავატანდით, გაიტაცებდნენ. ასეთ მდგომარეობაში რომ არ ვყოფილიყავით, ულვიას ასე ადრე გათხოვების სურვილიც არ გვექნებოდა და  ჩემი შვილიც ახლა ცოცხალი იქნებოდა.“

 

სკოლის დირექტორი: მეცხრე კლასელი გოგონების დიდი ნაწილი სკოლაში აღარ დადის

სკოლის დირექტორი: მეცხრე კლასელი გოგონების დიდი ნაწილი სკოლაში აღარ დადის

მასალების გადაბეჭდვის წესი