საზოგადოება

იდა ბახტურიძე: ქვეყანამ უნდა მიიღოს გენდერული კვოტირება, რათა გაუმჯობესდეს ქალთა წარმომადგენლობა

3 დეკემბერი, 2015 • 3133
იდა ბახტურიძე: ქვეყანამ უნდა მიიღოს გენდერული კვოტირება, რათა გაუმჯობესდეს ქალთა წარმომადგენლობა

საქართველოს პარლამენტმა ერთი მოსმენით უკვე მიიღო გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი, რომელიც ქალებისთვის პარტიულ სიებში 30%–იანი კვოტირების შემოღებას ისახავს მიზნად. თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს.  გახდება თუ არა ეს სიმტპომატური საქართველოს პარლამენტისთვის და არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ კანონპროექტი პარლამენტმა არ მიიღოს? ამ საკითხზე “ნეტგაზეთი” იდა ბახტურიძეს, არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის/საქართველოს” წარმომადგენელს ესაუბრა.

 

საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდის მიზნით ქალთა კვოტირების შესახებ კანონპროექტს, რომელიც უმრავლესობის წარმომადგენლებმა მოამზადეს და ითვალისწინებს ქალებისთვის პროპორციულ სიებში 30%-იანი კვოტის დაწესებას. შეიძლება თუ არა კომიტეტის გადაწყვეტილება გახდეს სიმპტომატური მთლიანად პარლამენტისთვის და საკანონმდებლო ორგანომ არ დაამტკიცოს ეს კანონპროექტი?

პარლამენტის კომიტეტმა გუშინ ჩააგდო გენდერული თანასწორობის საკითხზე მომუშავე არასამთავრობოების ჯგუფის მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივაც, რომლის მიხედვითაც პარლამენტში ქალებს 50%–იანი წარმომადგენლობა ექნებათ. ეს არის ძალიან ცუდი მესიჯი, ცხადია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ იმოქმედებს საბოლოო შედეგზე, მაგრამ ეს არის იმის ჩვენება, რომ დღევანდელი პარლამენტი არ არის ადეკვატური ქალების ჩართულობის და დემოკრატიული ღირებულებების მიმართ.

მოთხოვნა, რომ ქალთა მონაწილეობა გაიზარდოს, მათ შორის დაწესდეს გენდერული კვოტები, გათვალისწინებულია არაერთ საერთაშორისო რეკომენდაციაში. ერთ–ერთია CEDAW რეკომენდაცია, რომელიც 2014 წელსაა მიღებული. იქ პირდაპირ წერია, რომ აუცილებლად ქვეყანამ უნდა მიიღოს გენდერული კვოტირება იმისათვის. რომ გაუმჯობესდეს მათი წარმომადგენლობა პოლიტიკაში.

 

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ასე არ მოხდეს?

უნდა გადავწყვიტოთ, რა ფორმით მოხდება რეაგირება მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს ის პარლამენტარები, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს კვოტირებას, ამის შემდეგ და ამის მიხედვით გადავწყვიტოთ მომავალ არჩევნებში ვის დავუჭერთ მხარს. ერთ–ერთი ეს ფაქტორიც უნდა იყოს გადამწყვეტი იმიტომ, რომ ეს ძალიან ბევრი რამის მანიშნებელია. პოლიტიკური პარტია და პოლიტიკოსი, რომელიც წინაამღდეგია გენდერული თანასწორობისა და ქალების მონაწილეობის პარლამენტში, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. დემოკრატია თანაბარი მონაწილეობის გარეშე არ არსებობს.

 

რა ბერკეტები არსებობს დეპუტატების დასარწმუნებლად?

ძალიან დიდი სამუშაო გასწია არასამთავრობოების იმ ჯგუფმა, რომელმაც შეიმუშავა 50%–იანი კვოტირების საკანონმდებლო ინიციატივა მთელი წლის განმავლობაში. მათ შორის- თითოეულ პარლამენტართან და თითოეულ პარტიასთან. სამწუხაროდ, ეს მეთოდი მათ დასარწმუნებლად არ გამოდგა ეფექტური. იმდენად ეშინიათ კაცებს ძალაუფლების დაკარგვის, რომ საჯაროდაც უარი ათქმევინა შიშმა პროგრესსა და ვალდებულებებზეც. ეს არის სიმპტომატური, როგორ უარვყოფთ შიშისა და კულტურის გამო, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე გვიქმნის ძალიან სერიოზულ პრობლემებს,. ეს პროცესი ძალიან დააზარალებს ასოცირების ხელშეკრულებისა და დემოკრატიულ პროცესებს.

.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კანონპროექტი, რომელსაც მხარი არ დაუჭირა იურიდიულმა კომიტეტმა, მოამზადეს დეპუტატებმა: ნანა ყეინიშვილმა და თემურ ჭკუასელმა. სხვა კანონპროექტი მოამზადეს არასამთავრობოებმა და ისინი 50%-იან კვოტას ითხოვდნენ. როგორ შეაფასებთ ყეინიშვილი-ჭკუასელის კანონპროექტს, რომლითაც პროპორციულ სიებში 30%-იანი კვოტა უნდა დაწესდეს?

მე არ ვარ მომხრე პროპორციულ სიებში 30%–იანი კვოტის იმიტომ, რომ ეს არსებითად არ ცვლის არაფერს, რადგან ქალების რაოდენობა გაიზრდება მხოლოდ რამდენიმე პროცენტით. ამ მოდელით ქალთა მონაწილეობა შეიძლება გაიზარდოს 15%–მდე,. დღეს პარლამენტარების 12% ქალია და 3% არსებითად არაფერს ცვლის.

მინიმუმ (ეს უკვე ნაკვლევი და კარგად გააზრებული ფენომენია) საპარლამენტო ადგილების 30% უნდა ჰქონდეთ ქალებს, რომ ჰქონდეთ გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. არც ვარ მოხრე ამ 30%–იანი კვოტირების. ამან შესაძლოა დისკრედიტაციაც კი მოახდინოს კვოტირების იდეის, რადგან ეს თუ არ შეცვლის არსებითად არაფერს, დაბრალდება ისევ კვოტირების არაეფექტურობას.

 

კვოტირება დროებითი მოვლენაა. რამდენი ხნით შეიძლება მოქმედებდეს ის?

ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს იმიტომ, რომ ითვლება, რომ კვოტირება საჭიროა მანამდე სანამ არ შეიცვლება საზოგადოებაში ცნობიერება იმ დონემდე, რომ შეძლონ ქალებმა დაბრკოლებების გარეშე მონაწილეობის მიღება პოლიტიკაში. ეს რაც მოხდა იურიდიულ კომიტეტში, იყო იდეაზე უარის თქმა, თვითონ პროცენტებს მნიშვნელობა არ აქვს.

რამდენად იმუშავებს კვოტირება, ეს დამოკიდებულია იმ ქვეყნის, იმ კულტურის სპეციფიკაზე, რომელშიც ვცხოვრობთ. მაგალითად, ზოგ ქვეყანაში საერთოდ არ გახდა საჭირო საკანონმდებლო სავალდებულო კვოტირების შემოღება. იქ განვითარდა ისე პარტიული დემოკრატია, რომ თვითონ პარტიებმა დააწესეს კვოტა. როდესაც ასეთი პრაქტიკა არსებობს, აღარაა საჭირო საკანონმდებლო კვოტირების შემოღება.

ჩვენს შემთხვევაში კვოტირება ერთ და ორ წელში ვერ მოაგვარებს, დროში თქმა, რომ 10 წლით ვითხოვთ კვოტებს, იქნება ძალიან არასერიოზული განცხადება. ეს არის კონტექსტზე დამოკიდებული, როგორია პოლიტიკური კულტურა, როგორია ის პატრიარქალური სისტემა, რომელიც მუშაობს ამა თუ იმ ქვეყანაში და იმაზეც, თუ რა ტიპის კანონს მივიღებთ. თუ 30%–იანი კვოტა მივიღეთ, ეს კიდევ უფრო დროში გაწელავს პროცესებს.

 

რა ეფექტი ექნება კვოტირებას ქალთა ზოგად მდგომარეობაზე?

კვოტას აქვს ერთი მთავარი მიზანი, რომ გაზარდოს რაოდენობა, მაგრამ მას აქვს დამატებითი ეფექტები. ის ცვლის ცნობიერებასაც, რეალურად ვხედავთ ქალებს მრავლად პოლიტიკაში, რაც აჩენს განცდას, რომ ეს სფერო არ არის კაცებისთვის, რომ მასში ქალების მონაწილეობა ისეთივე ჩვეულებრივია, როგორც კაცების.

ქალი პოლიტიკოსები ხდებიან მისაბაძი მაგალითი და მეტი ქალი ბედავს განაცხადოს პრეტენზია პოლიტიკაში მოსვლაზე. მესამე არის ისიც, რომ ამ ქალებს შეაქვთ ის დღის წესრიგი, რაც სპეციფიკურად ქალების გამოცდილებიდან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი.

კვოტების მთავარი მიზანია რაოდენობის გაზრდა, ჩვენ უფრო მეტი მოლოდინები გვიჩნდება მის მიმართ.

 

ვინ აკისრებს მეტ ფუნქციას კვოტირებას?

საზოგადოება. როდესაც იქწყება კრიტიკა კვოტირების, სწორედ ამ პოზიციიდან იწყება, რაც არ არის სწირი. რატომღაც ჰგონიათ, რომ კვოტირების დაწესების შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ მაღალი პოლიტიკური კულტურა ქვეყანაში. ეს კვოტირების მიზანი არ არის,. თუ მაღალი პოლიტიკური კუკლტურა არ მივიღეთ, მიიჩნევა, რომ ეს კვოტირების მარცხია.

პოლიტიკური კულტურის გაუმჯობესება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. კვოტა ამას ვერ შეცვლის, მაგრამ კიდევ ვამბობ, რომ ეს გამოცდილებამ აჩვენა, რომ ქალების შესვლა პოლიტიკაში აუმჯობესებს პოლიტიკურ კულტურას იმიტომ, რომ ქალების მოძიების დროს პოლიტიკური პარტიები მართლაც აწესებენ მაღალ სტანდარტს და კვოტირებით დავალდებულების პირობებში რეკრუტინგის დროს მართლაც იზრდება კვალიფიციური ქალების მოძიება.
როდესაც კვოტა წესდება და პარტია ვალდებულია მეტი ქალი მოიძიოს, აქ იწყება სწორედ ის დისკუსია, რა დისკუსიასაც ჩვენ ვაწყდებით: არიან ქალები განათლებნული? აქვთ კვალიფიკაცია? შეუძლია იყოს ბრძოლისუნარიანი? სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა პირიქით, ქალების შეყვანის შემთხვევაში წესდება მაღალი სტანდარტი. ზოგადად ასეა, რომ ქალების შემთხვევაში უფრო მაღალ სტანდარტს ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი