სააპელაციო სასამართლოში „11 პირის საქმის“ განხილვა გრძელდება. ადვოკატების უმეტესობამ დასკვნითი სიტყვა უკვე წარმოთქვა. სააპელაციო სასამართლოს მოსმენილი აქვს თითქმის ყველა არგუმენტი, რატომ და როგორ უნდა შეცვალოს საქალაქო სასამართლოში ნინო გალუსტაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელსაც ადვოკატები უკანონოსა და დაუსაბუთებელს უწოდებენ.
წინსწრებით დანიშნულია ორი სხდომა, 30 მარტსა და 17 აპრილს — ესაა მაქსიმალური ვადა, რა დროშიც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გვეცოდინება. ადვოკატები მოითხოვენ ირაკლი ქერაშვილის, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, რეზო კიკნაძის, რუსლან სივაკოვის, სერგეი კუხარჩუკის, გური მირცხულავას, გია ტერიშვილის, ვაკო თეთრაშვილის გამართლებას. პროკურორები კი- მათთვის ბრალის და, შესაბამისად, მსჯავრის დამძიმებას.
დღეს, 2 მარტს დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს ონისე ცხადაძის, ანდრო ჭიჭინაძის, უკრაინელი სინდისის პატიმრების, რუსლან სივაკოვისა და სერგეი კუხარჩუკის ადვოკატებმა.
შეგახსენებთ, რომ სინდისის პატიმრებს პროკურატურა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. განაჩენი მათ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოუტანა და წარდგენილი ბრალი გადაუკვალიფიცირა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელ ბრალდებულებს და აწ უკვე მსჯავრდებულებს ვერც ძალადობა დაუმტკიცეს, ვერც ჯგუფურობა და მით უფრო – ორგანიზებულობა, განაჩენი მაინც ორგანიზებულად და ჯგუფურად მოქმედებისთვის გამოუტანეს, ოღონდ სხვა მუხლის ფარგლებში, „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის“ საბაბით, რომელიც სასჯელის უფრო მსუბუქ ზომას ითვალისწინებს.
11 სინდისის პატიმარი უკვე წელიწადი და 3 თვეა, რაც დატყვევებულია. მათ 2-წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი. თუმცა მუხლი, რომლითაც მათი განაჩენი გამოუტანეს, არათუ უფრო მცირეხნიან პატიმრობასაც (1-დან 3 წლამდე), სასჯელის კიდევ უფრო მსუბუქ ზომებსაც ითვალისწინებს — ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, გამასწორებელ სამუშაოს, შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე. თავისუფლების 2 წლით წართმევის გარდა, მოსამართლეს ჰქონდა არცთუ მცირე არჩევანი, რომ ნაკლებად უსამართლო განაჩენი გამოეტანა. ან როგორც ადვოკატები ამბობენ, ნაკლებად მასშტაბურად ეჩვენებინა „სამართლის მარცხი“ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში.
„ჩვენ ერთად გავიარეთ რთული 9-თვიანი პერიოდი საქალაქო სასამართლოში, რომელმაც აჩვენა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ ქვეყნის შიგნით არის დიდი უსამართლობა და ამ უსამართლობის შემოქმედი დიდწილად არის სასამართლო.
მინდა გავიხსენო 2024 წლის 7 დეკემბერი — სინდისის პატიმრების პირველი სასამართლო პროცესი და ანდრო ჭიჭინაძის სიტყვები: „სიმართლე როცა შენ მხარეს არის, მაშინ გეძლევა ძალაც და ენერგიაც და ძალა და ენერგია დღეს არის აქ“. მთელი ამ პროცესების განმავლობაში ეს ფრაზა იყო მოტივაცია, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა. ეს არის ის ძალა და ენერგია, რომელიც მართალ ადამიანებს გააჩნიათ და რომელიც სულ თან დაგვყვება ამ პროცესების განმავლობაში. […] ასეთ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებით უყალიბდება საზოგადოებას დამოკიდებულება და ნდობა საერთო სასამართლოების მიმართ“, — ასე დაიწყო თავისი დასკვნითი სიტყვა ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა.
რას ემყარება დაცვის მხარის არგუმენტები ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილების გასაუქმებლად
1. პროცედურული დარღვევებითა და ლოგიკური შეუსაბამობებით წარმართული გამოძიება. გამოძიების ხარისხის მაჩვენებელია, მაგალითად, ისიც, რომ
- პროკურატურის განცხადებით საქმეში 158 დაზარალებული პოლიციელი იყო. თუმცა საბოლოოდ, ბრალდების მხარემ 40-მდე დაზარალებული პოლიციელი დაკითხა. სასამართლოში წარმოადგინა მხოლოდ 14 და ამასთან, მათგან ვერცერთმა დაადასტურა რამე სახის კავშირი რომელიმე ბრალდებულთან;
- გამოძიების ეტაპზევე ამოიღეს ბრალდებულებისგან მობილური ტელეფონები, ლეპტოპები ექსპერტიზის ჩასატარებლად. ექსპერტიზას ბრალდებულებს შორის კავშირი, მათი ორგანიზებულობა და ჯგუფურობა უნდა ეჩვენებინა. თუმცა არათუ საქალაქო სასამართლოში პროცესის 9 თვის მანძილზე მიმდინარეობისას, არამედ ახლაც, როცა კარს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაა მომდგარი, ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს. საქმის მთავარმა გამომძიებელმა არსენ ხუნაშვილმა სასამართლოში თავადვე დაადასტურა, რომ არ დგინდება არცერთ პირს შორის კავშირი და არც მათი კავშირი ორგანიზატორებთან მოხსენიებულ პირებთან (8-პირიანი საქმის ბრალდებულებთან, ზვიად ცეცხლაძესთან, ვეფხია კასრაძესთან და ვასილ კაძელაშვილთან).
- გამოძიებამ მოიპოვა და პროკურატურამ სასამართლოში ვიდეომტკიცებულებების სახით წარმოადგინა დამონტაჟებული, წყვეტილი ვიდეოები აქციებიდან. დაცვის მხარის თქმით, სრული მოცულობის ვიდეოების გამოთხოვა არ მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრალდების მხარეს არ სურდა სრულად ენახა სასამართლოს ის ძალადობა, რასაც ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან მშვიდობიან აქტივისტებზე.
2. არსებითი განხილვისას მოსამართლის მიერ მიღებული „შუალედური“ გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობა და უკანონობა. იგულისხმება ის განჩინებები, რომლითაც მოსამართლე გალუსტაშვილი ძალაში ტოვებდა პატიმრობას, როგორც აღკვეთის ღონისძიებას, მაშინაც კი, როცა ამის ფორმალური საფუძვლებიც კი აღარ არსებობდა, იძულებით ნიშნავდა საზოგადოებრივ ადვოკატებს, როდესაც ამის საჭიროება არ იდგა და არ აკმაყოფილებდა დასაბუთებულ შუამდგომლობას მისი აცილების თაობაზე.
3. სისხლის სამართლის 225-ე და 226-ე მუხლები (წარდგენილი და გადაკვალიფიცირებული ბრალი). ის, რაც საერთო და არსებითია ამ მუხლებში (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და ამგვარ ქმედებაში მონაწილეობა), ვერ დაამტკიცა ვერც ბრალდებამ და ვერ დაასაბუთა სასამართლომ განაჩენში.
ბრალდებას უნდა დაედასტურებინა, რომ არსებობდა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობის ფაქტი და კონკრეტული პირი იღებდა მონაწილეობას ამ ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქმედებაში. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა შეუძლებელია განხორციელდეს წინასწარი შეთანხმებისა და ჯგუფის მიერ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტის, ორგანიზატორის ან ხელმძღვანელი პირის და მითითებების შემსრულებელ პირთა არსებობის გარეშე. უნდა დადგენილიყო ჯგუფის წევრებს შორის კავშირი, ნაცნობობა, განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებული ხასიათი, ანდა მათ მიერ აღნიშნული ქმედებების ვინმეს მითითებით შესრულების ფაქტი. ბრალდებამ ეს ვერ მოახერხა. მსჯავრდებულებმა ერთმანეთი ციხესა და სასამართლო პროცესებზე გაიცნეს.
4. ბრალის გადაკვალიფიცირება მოხდა განაჩენის გამოტანისას და დაცვის მხარეს არ მისცემია შესაძლებლობა, რომ რეაგირება მოეხდინა.
„თითოეული დღე, რომელიც უდანაშაულო ადამიანს თავისუფლებას ართმევს, არის სამართლის მარცხი. თავისუფლება არ არის პრივილეგია — ის არის კონსტიტუციური უფლება, რომელიც დამაჯერებელი, შეთანხმებული და ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებით შეიძლება შეიზღუდოს. ამ საქმეში არსებული ეჭვები ვერ გადაიქცევა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძვლად. გთხოვთ, არ გაამყაროთ სიმართლის და სამართლის ეს მარცხი. შესაბამისად, აღადგინოთ სამართალი და მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც კანონსა და სინდისს ერთდროულად მოემსახურება“, — მიმართა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თეა ლეონიძეს ონისე ცხადაძის ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ დასკვნითი სიტყვის დასასრულს.
ვიდეოში მოუსმენთ რევაზ აჭარაძის [ირაკლი ქერაშვილის ადვოკატი), ირაკლი ჩომახაშვილის (გია ტერიშვილის ადვოკატი), რუსუდან აგურაშვილისა (ლუკა ჯაბუას ადვოკატი) და ნიკოლოზ ლეგაშვილის (რუსლან სივაკოვისა და სერგეი კუხარჩუკის ადვოკატი) არგუმენტებს, რაც წინა სხდომებზე გაახმიანეს სააპელაციო სასამართლოში.
„შეუძლებელია სასამართლომ შეაფასოს თერთმეტივე პატიმარი ზუსტად ერთნაირად:
- ლუკა ჯაბუა, სტუდენტი, რომლის განვითარებაზეც უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო.
- ჯანო არჩაია და გიორგი ტერიშვილი, რომელთა ოჯახების განვლილი ისტორია არის სამაგალითო და ეს ადამიანები ამ ისტორიის ნაწილები არიან.
- ჩვენი მოძმე ერის მოქალაქეები, ჩვენი უკრაინელები, რომლებიც მშვიდობიანი სახელმწიფოს პოვნის იმედით საქართველომდე მოვიდნენ და ჩვენ ახლა ასეთ ქვეყანას ვაჩვენებთ.
- ვალერი თეთრაშვილი და რეზო კიკნაძე – ადამიანები, რომლებიც სამაგალითონი არიან სხვებისთვის.
- ონისე ცხადაძე და გური მირცხულავა, რომელთა წინაშეც სახელმწიფო ვერასდროს გადაიხდის იმ ვალს, რასაც ოჯახის წევრის დაკარგვა ჰქვია.
- დაბოლოს, ანდრო ჭიჭინაძე, ადამიანი, რომელიც გახდა უსამართლობასთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო. ადამიანი, რომელიც ციხიდან იმაზე მეტ წარმატებას აღწევს, ვიდრე ბევრი ამას ფიზიკურად თავისუფლების პერიოდში ვერ აკეთებს.
თითოეულ მათგანს შეეძლო ერთი განცხადებით, ერთ ფურცელზე დაწერილი მოგონილი ბრალის აღიარებით ციხის კარი მეორე დღესვე გაეღო საკუთარი თავისთვის, მაგრამ ეს არცერთმა არ გააკეთა. ეს არცერთმა არ გააკეთა ერთმანეთის გამო, ჩემ გამო, თქვენ გამო, მათი ოჯახის წევრების, მეგობრების და ქვეყნის გამო. ამ ადამიანებს ზუსტად ესმით ფასი ღალატის, მნიშვნელობა ვაჟკაცობის, სოლიდარობისა და სწორი ღირებულებების დაცვის“, — ასე დაასრულა თავისი დასკვნითი სიტყვა თორნიკე მიგინეიშვილმა, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა.
30 მარტს ვაკო თეთრაშვილის, გური მირცხულავას, ჯანო არჩაიას, რეზო კიკნაძის დაცვის დასკვნით სიტყვას მოვისმენთ. თუმცა 2 მარტს სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად რეზო კიკნაძემ, რომლის განცხადება ტრადიციულად ვრცელი იყო სასამართლოში. მთავარი გზავნილები რეზო კიკნაძის სიტყვიდან:
„რა გვედება ბრალად, ვინ დავაზიანეთ ან ვინ გვადებს ხელს, თქვენ მაინც გაგვაგებინეთ, ბატონო მოსამართლევ, თუნდაც 15 თვის მერე.
[…] მე რომ კორუმპირებული, კორუფციაში გახვეული, დიქტატორული მთავრობა არ მიყვარს, ამიტომ ვარ დამნაშავე? მთავრობა, რომელიც მტერს უდგას გვერდით, სირცხვილის ალში ხვევს მთელ ერს მსოფლიოს თვალში, ტროტუარზე დგომისთვის, პირბადისთვის და უბრალოდ რომ არ ემონები, მაგისთვის გიჭერს. მაგრამ გარეთ მონურად არსებობას ციხეში, დილეგში ღირსეულად ყოფნა მირჩევნია. აქ უფრო თავისუფალი ვარ, ვიდრე თქვენ, თვალის დაბრმავება და იმის ქება რომ გიწევთ, რაც თავადაც კარგად იცით, რომ ცუდია.
[…] დღეს რომ ბაკქანალიაა ქვეყანაში, ასეთი ამ საუკუნეში არცერთ წელს არ ყოფილა და ვისი ბრალია ეს განუკითხაობა, გარდა მთავრობისა, რომელსაც მტერთან, რუსეთთან კავშირისა და მტრის საქმის კეთების გამო ასანქცირებენ. მთავრობისა, რომლისთვისაც პრიორიტეტი უდანაშაულო ხალხის დაჭერაა პროტესტის მიზეზით და არა ნამდვილი დამნაშავეების, არა მკვლელებისა და მოძალადეების. მოძალადეები თავად სჭირდებათ გვერდით, შავი საქმეების შესასრულებლად და მე რომ ამას ვაპროტესტებ, თავს არ ვადებილებინებ სხვებივით და არ გავყვირი – „სუპი მაქვს და სუპსა ვჭამო“, ამიტომ ვარ დამნაშავე?!
[…] ვინაიდან ჩემი ბოლო სიტყვაა სასამართლოებზე და მეტჯერ აღარასდროს მომიწევს აქ საუბარი, ყოველთვის მინდოდა, ბოლო სიტყვები ეს ყოფილიყო ჩემი: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!“ – თქვა რეზო კიკნაძემ.
2 მარტს სააპელაციო სხდომას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.
„დღეს რაც აქ ხდება, ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტია. იმიტომ, რომ აქ სასწორზე არამხოლოდ იმ ადამიანების ბედი დევს, ვინც უსამართლოდ ამდენი თვეა ციხეში სხედან და ელოდებიან, ბოლოს და ბოლოს დადგეს სამართალი. აქ ორი საქართველოა რეალურად: 11 რაინდი (და მეტიც, მაგრამ დღეს ამათზეა საუბარი) და მეორე მხარეს დგას [კითხვა], გვაქვს სამართალი ამ ქვეყანაში თუ არ გვაქვს? შევლენ ამ ქვეყნის ისტორიაში მოღალატეებად, თუ იმედი გვქონდეს, რომ სააპელაციო გადაწყვეტს [მოსამართლე გალუსტაშვილისგან] სხვანაირად? ისტორია განსჯის ამათ“, — თქვა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან სხდომის დასასრულს.
მაღალია ალბათობა, რომ სააპელაციო სასამართლო ისეთივე გადაწყვეტილებას გამოიტანს 11 პირის საქმეზე, როგორიც გამოიტანა ადრე მის „ტყუპისცალ“, ე.წ. 8-პირიან საქმეზე. საქმეზე, სადაც ბრალდებულები არიან ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი, ვეფხია კასრაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, გიორგი გორგაძე და თორნიკე გოშაძე. საქმეზე, სადაც ბრალდებას ერთი და იგივე პროკურორები წარმოადგენდნენ, ერთი და იგივე მოწმეებითა და იმავენაირი მტკიცებულებებით. ერთი დღით უსწრებდა თბილისის საქალაქო სასამართლოშიც 8-პირიან საქმეზე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის განაჩენი 11-პირიან საქმეზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის განაჩენს. ერთმანეთის იდენტური იყო მათი გადაწყვეტილებებიც. იგივე მოლოდინი არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმართაც, რომ ამ ტყუპისცალ საქმეებზე სხვადასხვა მოსამართლეები აქაც იდენტურ გადაწყვეტილებებს გამოაცხადებენ.








