სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგის პირველად შეფასებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ სააგენტოს მეტეოროლოგიური სადგურების მიხედვით, ნალექების რაოდენობამ თელავის სადგურზე 57.3 მმ შეადგინა, რაც თელავისთვის თვის ნორმის 85%-ს შეადგენს, ხოლო იყალთოს სადგურზე 40.1 მმ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველადი შეფასებით, თელავის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია.
„მყარი ნატანისა და წყლის კრიტიკული მასის ერთობლიობამ მძლავრი ღვარცოფული ნაკადი ჩამოაყალიბა. მდინარის შუა წელში განთავსებულმა სამმა ღვარცოფდამჭერმა (ე.წ. ხერხეულიძის ღვარცოფდამჭერი) ნაგებობამ ნაწილობრივ უზრუნველყო ნაკადის ფილტრაცია: პირველმა თითქმის სრულად შეაკავა მსხვილი ხე-ტყის მასალა, მეორემ – მცირე რაოდენობის ხე-ტყის ნატანი, ხოლო მესამემ – ქვა-ღორღოვანი ფრაქცია. მიუხედავად ამისა, ნაკადის დიდმა მოცულობამ და ენერგიამ სამივე ნაგებობას მარცხენა მხრიდან გვერდი აუარა, დროებით კალაპოტად გამოიყენა ძველი გრუნტის გზა, დააზიანა ნაპირდამცავი ნაგებობები და გზის ცალკეულ მონაკვეთებზე გამოიწვია საფარის დეფორმაცია.
