პროევროპული აქციების მონაწილე 19 დემონსტრანტი, რომლებსაც პროკურატურა და სახელისუფლებო პროპაგანდა თვეების განმავლობაში მოძალადეებად მოიხსენიებდა, ამ ნაწილში გამართლდა – 9-თვიანი განხილვის შემდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ მათი ქმედებები იყო არა ძალადობა, არამედ “საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა”.
თუმცა მათთვის წარდგენილი ბრალის მთავარი კომპონენტი – ორგანიზებული და ჯგუფური მოქმედება ბრალის დადგენილებიდან განაჩენში გადაიწერა: მოსამართლეებმა, თამარ მჭედლიშვილმა და ნინო გალუსტაშვილმა, თქვეს, რომ ბრალდებულთა მიერ “საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა” იყო ორგანიზებული და ჯგუფური. ამიტომ მათ ნაწილს ორი, ნაწილს კი ორ-ნახევარი წელი მიუსაჯეს.
დაცვის მხარე მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ბრალდებულები არც ჯგუფურად და ორგანიზებულად მოქმედებდნენ და არც ინდივიდუალური დანაშაული ჩაუდენიათ, შესაბამისად – უნდა გათავისუფლდნენ.
სააპელაციო სასამართლოში საჩივრების მიღების ბოლო ვადა 2 და 3 ოქტომბერია. საქმეების მეორე ინსტანციის სასამართლოში გადატანამდე “ნეტგაზეთი” გაეცნო პირველი ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებას. ჩვენ მოკლედ შევაჯამეთ, რა წერია თამარ მჭედლიშვილისა და ნინო გალუსტაშვილის განაჩენებში.
[toggle title=”ჩამოშალეთ: ბრალდებულები და მათთვის წარდგენილი ბრალი – მოკლედ”]
2024 წლის დეკემბრის დასაწყისში სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის საფუძველზე აქციებზე დააკავეს ირაკლი ქერაშვილი, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, სერგეი კუხარჩუკი, ვალერი თეთრაშვილი, რევაზ კიკნაძე, ონისე ცხადაძე, ანდრო ჭიჭინაძე, გიორგი ტერიშვილი, გიორგი გიორგაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი.
უკანასკნელ სამს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებოდა (ამ მუხლის პირველი ნაწილი), დანარჩენებს კი – მონაწილეობას. ორგანიზებაში ბრალდებულებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ, მონაწილეობაში ბრალდებულებს კი – 4-დან 6 წლამდე.
საქმე ორ ნაწილად გაიღო – 11 და 8-პირიანი საქმეების განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა. 9 თვის შემდეგ, 2 ოქტომბერს, ჯერ თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა განაჩენი (8-პირიან საქმეზე), მეორე დღეს, 3 სექტემბერს კი, ნინო გალუსტაშვილმა (11-პირიან საქმეზე). ორივე მოსამართლემ ბრალდებულებისთვის წარდგენილი 225-ე მუხლი 226-ე მუხლით გადააკვალიფიცირა.[/toggle]

დაკავებულებს შორის კავშირი ვერ დგინდება!
ორგანიზებულად და ჯგუფურად მოქმედებისთვის მსჯავრდადებული პირების უმრავლესობა დაკავებამდე ერთმანეთს არ იცნობდა. პროკურატურამ ვერ დაადასტურა მათ შორის რაიმე ტიპის კომუნიკაციის არსებობა სავარაუდო დანაშაულის ჩადენამდე, ან უშუალოდ მოქმედების პროცესში. თუმცა ირწმუნებოდნენ, რომ მათ როლები ჰქონდათ განაწილებული და შეთანხმებულად მოქმედებდნენ. 9-თვიანი განხილვის განმავლობაში, როგორც ბრალდებულებმა, ისე ადვოკატებმა არაერთხელ დასვეს კითხვა, როგორ შეეძლოთ ე.წ. “ჯგუფის” წევრებს ერთმანეთთან შეთანხმებული მოქმედება ერთმანეთთან კომუნიკაციის გარე.
კანონმდებლობის მიხედვით, ჯგუფური მოქმედება შესაძლოა იყოს სპონტანურიც. უფრო მეტიც, შესაძლოა ჯგუფი შეთანხმებულად მოქმედებდეს ისე, რომ მის წევრებს ერთმანეთთან ხანგრძლივი ნაცნობობა არ აკავშირებდეს. თუმცა, როცა საუბარი გვაქვს ორგანიზებულ ჯგუფზე, ამ შემთხვევაში აუცილებელია დადასტურდეს შეთანხმებული მოქმედება წინასწარ შეკავშირებულ წევრებს შორის. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ პროკურატურაც და, საბოლოოდ განაჩენის თანახმად, სასამართლოც ბრალდებულთაგან სამს (ცეცხლაძე, კაძელაშვილი, კასრაძე) ორგანიზატორობას ედავებიან.
“დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ ის განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად”, – წერია სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლში, რომელიც ჯგუფური დანაშაულის სახეებს განსაზღვრავს.
მარტივად რომ ვთქვათ, ბრალდებულთა შორის წინასწარი კავშირის დადასტურება არ იქნებოდა აუცილებელი იმ შემთხვევაში, თუ მათი ქმედებები შეფასდებოდა ჯგუფურად, მაგრამ არა ორგანიზებულად. თუმცა, როგორც მათთვის პროკურატურის მიერ წარდგენილ მუხლში (225-ე), ისე სასამართლოს მიერ გადაკვალიფიცირებულ მუხლში (226-ე) საუბარია “ორგანიზებული ჯგუფის” არსებობაზე.
ორგანიზებული ჯგუფის არსებობის საფუძვლები განსხვავებულადაა განმარტებული გალუსტაშვილისა და მჭედლიშვილის განაჩენებში.
“სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულების მიერ ჯგუფური დანაშაულის ჩადენა გამოკვეთილია და აღნიშნავს, რომ დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ ორი ან მეტი ამსრულებელი სრულად ან ნაწილობრივ ახორციელებს დანაშაულის ობიექტურ შემადგენლობას და ამ დანაშაულის თანაამსრულებელია […] ორგანიზებული ჯგუფური დანაშაულის დროს აუცილებელი არ არის წინასწარი შეკავშირება, არამედ შესაძლებელია, მისი ჩადენისთვის წინასწარ შეუთანხმებლად, ერთობლივად მონაწილეობდეს ორი ან მეტი ამსრულებელი […] სასამართლოს მიაჩნია, რომ ქმედების ჯგუფურად ჩადენილად კვალიფიკაციისთვის ქმედების ობიექტური შემადგენლობის ნაწილს მაინც, სულ მცირე ,ორი ამსრულებელი მაინც უნდა აღასრულებდეს, თუმცა სავალდებულო არ არის მათ შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა”, – წერს თამარ მჭედლიშვილი.
მარტივად რომ ვთქვათ, მჭედლიშვილს მიაჩნია, რომ სასამართლოსთვის წარდგენილ ვიდეოჩანაწერების შინაარსით დგინდება ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის და ვეფხია კასრაძის მიერ “ჯგუფური მოქმედების ორგანიზება”, დანარჩენი ბრალდებულები (ორზე მეტი) კი ერთმანეთის მსგავსი მოქმედებებით არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. ამიტომ “ორგანიზატორებსა” და დანარჩენებს შორის კავშირის დაუდასტურებლად შესაძლებელია მათ მიერ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განხორციელებული ქმედებები ჯგუფურ მოქმედებად შეფასდეს.
მჭედლიშვილის განაჩენს აკრიტიკებს ადვოკატი რევაზ აჭარაძე. ის იცავს როგორც “ორგანიზებული ჯგუფის” ხელმძღვანელობის საფუძვლით დაკავებულ ვასილ კაძელაშვილს, ისე ამ ჯგუფის წევრად მოაზრებულ ირაკლი ქერაშვილს. ადვოკატი ფიქრობს, რომ ვერც მჭედლიშვილი ადასტურებს კაძელაშვილის ბრალეულობას და ვერც გალუსტაშვილი – ქერაშვილის.
“თუ წინასწარ შეუთანხმებელი ჯგუფი იყო, რასაც თამარ ჭედლიშვილი წერს თავის გადაწყვეტილებაში, წინასწარ თუ არ ვართ ჩვენ შეთანხმებული რაღაც ქმედების ჩასადენად და ერთსა და იმავე დროს აღმოგვიცენდა რაღაც ქმედების ჩადენის სურვილი, მაშინ სპონტანურია, აბა, მეტი რა არის ეს?!
დავუშვათ, ასე, ერთდროულად აღმოგვიცენდა ჩვენ სურვილი, ჩავიდინოთ რაღაც ქმედება, მაშინ ორგანიზება ვინ, როდის მოახერხა? რაღაცა მტკიცებულება ხომ უნდა მქონდეს მე, რომ ვასილი იქნება, ვეფხია [კასრაძე], ზვიადი [ცეცხლაძე] თუ სხვა პირები, რამე ისეთი ქმედება განახორციელეს, რამაც სხვების მოქმედება განაპირობა?”, – ამბობს ადვოკატი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

“ჯგუფური მოქმედების ორგანიზება სახეზეა, როცა პირი შეკრებს ხალხს, მოუწოდებს ქმედების ჩადენისკენ, აძლევს მითითებებს და ა.შ. ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას შედეგად უნდა მოჰყვეს საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა. საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა შეიძლება გამოიხატოს ქუჩაში მოძრაობის შეფერხებაში, ტრანსპორტის, საწარმოს ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხებაში და ა.შ. […] ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობაში იგულისხმება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში რიგითი მონაწილეობა, მიუხედავად თითოეული მონაწილის მიერ განხორციელებული ქმედების მართლწინაღმდეგობის ხასიათისა, რამდენადაც მოცემულ დანაშაულში მონაწილე თითოეული პირის ქმედება ერთობლიობაში ხელყოფს ამ მუხლით დაცულ სამართლებრივ სიკეთეს – საზოგადოებრივ წესრიგს”, – წერს ნინო გალუსტაშვილი.
გალუსტაშვილის ამ დასაბუთებიდან გამომდინარეობს, რომ მიუხედავად იმისა, თითოეული დაკავებულის ქმედება, ცალკე აღებული რამდენად არის მართლსაწინააღმდეგო, მათი ერთობლივი მოქმედებით დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი. ამიტომ ისინი “ჯგუფურად” მოქმედებდნენ და შესაბამის სასჯელს იმსახურებენ.
“იმ დღეებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვისაც იქნა აყვანილი ხალხი, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობით და წვრილმანი ხულიგნობითაც, მაშინ რა გამოდის, ის ხალხიც ამაში მონაწილეობდა?” – კითხვას სვამს რევაზ აჭარაძე.
მართლაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე პერიოდში – იმ დროს, როცა დაკავებულებს “ორგანიზებულ ჯგუფურ” მოქმედებებს ედავებიან – აქციაზე ადმინისტრაციული წესით, ჯამში, 293 ადამიანი დააკავეს. მათ ნაწილს პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ, ნაწილს კი – წვრილმან ხულიგნობას.
პროკურატურის ვერსიით “ორგანიზებული ჯგუფი” ბევრად მეტი წევრისგან შედგებოდა, ვიდრე იდენტიფიცირება, შესაბამისად – დაკავება შეძლეს. იგივე ლოგიკა გამომდინარეობს მჭედლიშვილისა და გალუსტაშვილის განაჩენისგან. ჩნდება კითხვა: რატომ არ შეიძლებოდა სახელმწიფო ბრალდებას ამავე ჯგუფის ნაწილად მიეჩნია ამავე დღეებში ადმინისტრაციული წესით დაკავებული 300-მდე პირი? ან პირიქით, რატომ არ შეიძლებოდა სისხლის სამართლის წესით დაკავებულ პირთა ქმედებების ინდივიდუალურად შეფასება?
მჭედლიშვილისა და გალუსტაშვილის განაჩენებში ამ კითხვებზე პასუხი არ არის.

“არანაირ ჯგუფურობას, არანაირ დანაშაულს ამ ადამიანების მხრიდან ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, ნებისმიერ მოსამართლეს გაუჭირდებოდა რაიმე რეალური არგუმენტის მოყვანა. გადაწყვეტილებას რომ კითხულობ ადამიანი, მაგალითად, თამარ მჭედლიშვილის განაჩენს თუ გავყვებით, ამბობს ძალიან მარტივი ფრაზით – ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ამათ ჩაიდინეს ორგანიზება და ამათმა ჩაიდინეს მონაწილეობა. ანუ, არგუმენტი მანდ არ არის, უბრალოდ დასკვნა არის, პირდაპირ დასკვნას აკეთებს”, – ამბობს რევაზ აჭარაძე.
იგივე განცდა დარჩა ინსაფ ალიევის ადვოკატს, აიჰან ჰასანლის. ადვოკატი ამბობს, რომ მოწმეთა ჩვენებების, მტკიცებულებათა აღწერისა და მუხლების განმარტების შემდე, მოსამართლე მჭედლიშვილი პირდაპირ დასკვნას წერს და მიღებულ გადაწყვეტილებას არგუმენტებით არ ამყარებს.
“განაჩენში აღწერილია მთელი რიგი გარემოებები, და შემდეგ მოულოდნელად ჩნდება ფრაზა, რომ თითქოს ზვიად ცეცხლაძემ, ვასილ კაძელაშვილმა და ვეფხია კასრაძემ ორგანიზება გაუწიეს ჯგუფურ მოქმედებას, რაც დაკავშირებული იყო საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევასთან. სწორედ აქ ჩნდება ლეგიტიმური კითხვა: როგორ მივედით ამ დასკვნამდე? [განაჩენის] 186 გვერდზე ვერ ვპოულობ პასუხს ამ უმნიშვნელოვანეს კითხვაზე […]
განაჩენის წაკითხვისას გრჩება განცდა, თითქოს მიყვები უწყვეტ, მაგრამ ბუნდოვან გზას და მოულოდნელად, „იღვიძებ“ სრულიად სხვა რეალობაში. თითქოს გზას აგრძელებ, მაგრამ შუაში უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი გამოტოვებულია და სწორედ ეს „ნაწყვეტი ადგილი“ უნდა იყოს ის მთავარი და გადამწყვეტი დასაბუთება, რაც განაჩენს კანონიერ და სამართლიან სახეს მისცემდა”, – აცხადებს ჰასანლი.
ადვოკატები ფიქრობენ, რომ რადგან ბრალდებულთა ქმედებების ინდივიდუალურ დანაშაულად კვალიფიცირება შეუძლებელი იყო, [ბრალდებულთა ქმედებები, ცალკე აღებული, დანაშაული არ არის, მათ არც არავინ და არც არაფერი დაუზიანებიათ] სწორედ ამიტომ, პროკურატურამ მათ წინააღმდეგ დავა იმ მუხლით დაიწყო, რომელიც ჯგუფურ დანაშაულს გულისხმობს. სასამართლომ კი, მართალია, ბრალი გადააკვალიფიცირა, მაგრამ “ორგანიზებული ჯგუფის” შემადგენლობა მაინც დატოვა.
“განაჩენი მომზადებულია შემდეგი პრინციპით: „ეს ბიჭები უნდა გამტყუნდნენ, როგორც არ უნდა იყოს“. ამისთვის სასამართლო თავის მსჯელობას აშენებს იმ “მტკიცებულებებზე”, რომლებთან დაკავშირებითაც საზოგადოებას აქვს სრული ინფორმაცია და წარმოდგენა მათ სანდოობასთან დაკავშირებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სასამართლო თავიდანვე იყო გამამტყუნებელ განაჩენზე ორიენტირებული და მხოლოდ ეძებდა ამისთვის შესაბამის მიზეზებს”, – ამბობს აიჰან ჰასანლი.

ვის წინააღმდეგ [არ] იყო მიმართული დაკავებულთა ქმედებები
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ პროევროპულ აქციებზე, ჯამში, 200-მდე სამართალდამცველი დაზიანდა. უშუალოდ 8 და 11-პირიან საქმეებში კი 40-მდე მათგანი იყო დაზარალებულად ცნობილი. მათი უმრავლესობა სასამართლოზე გამოჰკითხეს. ისინი ჰყვებოდნენ, როგორ მოხვდათ ქვა, ბოთლი, ჯოხი, პიროტექნიკა ან “გაურკვეველი ნივთი” სხეულის სხვადასხვა ადგილას და როგორ მიიღეს დაზიანება. ვერც ერთმა მათგანმა ვერ დაასახელა, ვინ ესროლა მათ ეს საგანი. უშუალოდ ბრალდებულები ვერც ერთმა მათგანმა ვერ ამოიცნო. მთელი 9 თვის განმავლობაში პროკურორები – ვაჟა თოდუა, გიორგი მუკბანიანი და ვახტანგ ცალუღელაშვილი მათ მოძალადეებად მოიხსენიებდნენ.
გარდა ამისა, სასამართლოზე გამოიკითხნენ პარლამენტისა და მერიის მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც აღწერდნენ დაზიანებულ ინფრასტრუქტურას საკანონმდებლო შენობაში, რუსთაველის გამზირზე თუ მიმდებარე ქუჩებზე – სკამებს, განათების ბოძებს, მინებს, ჭიშკარს, ტროტუარის ფილაქანს და ა.შ. პროკურორები ირწმუნებოდნენ, რომ ბრალდებულების ქმედებების შედეგი იყო, რომლებიც “მიზანმიმართულად არბევდნენ, ანადგურებდნენ და აზიარებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მუნიციპალურ და კერძო პირთა კუთვნილ ქონებას”.
მჭედლიშვილმა და გალუსტაშვილმა კი განაჩენში ჩაწერეს, რომ დაკავებულები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა აშკარა მოწოდებებს და უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი.
“ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტი არის საზოგადოებრივი წესრიგი”, – წერს ნინო გალუსტაშვილი და აცხადებს, რომ ანდრო ჭიჭინაძე, გურამ მირცხულავა, გიორგი ტერიშვილი, რუსლან სივაკოვი, სერგეი კუხარჩუკი, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, ონისე ცხადაძე, ვალერი თეთრაშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე “2024 წლის 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე დროის შუალედში ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს, რითაც უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს”. გალუსტაშვილი წერს, რომ ეს დასკვნა გამოიტანა “სასამართლოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე”.
რაც შეეხება თამარ მჭედლიშვილს, მის დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ “ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილისა და ვეფხია კასრაძის საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერებისა და აღნიშნულ ჩანაწერზე ასახული საუბრის შინაარსიდან, ასევე, ზვიად ცეცხლაძესთან მიმართებით, მისი სახლიდან ამოღებული ნივთების გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ ისინი აორგანიზებდნენ ისეთ ჯგუფურ მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის აშკარა დაუმორჩილებლობასთან”.
რაც შეეხება ნიკოლოზ ჯავახიშვილს, გიორგი გიორგაძეს, ინსაფ ალიებს, ირაკლი მიმინოშვილს, თორნიკე გოშაძეს, მჭედლიშვილი მათზე წერს, რომ “2024 წლის 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე პერიოდში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დაწყებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, აქციის მონაწილეების ნაწილი აშკარად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს – იგინებოდნენ, ისროდნენ სხვადასხვა საგნებს და აწყობდნენ ბარიკადებს. აგრესიულად განწყობილი აქციის მონაწილეების მხრიდან ადგილი არ ჰქონდა სპონტანურ ქმედებებს. გამოკვლეული მტკიცებულებებით აშკარაა, რომ აქციის მონაწილეები, მათ შორის, ბრალდებულები, რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, თითქმის ერთდროულად, მიზანმიმართულად იწყებდნენ ლანძღვა-გინებას (მათ შორის ჟესტიკულაციით), ორგანიზებულად აგროვებდნენ სხვადასხვა ნივთებს, ერთდროულად იწყებდნენ სროლას და ერთმანეთს ეხმარებოდნენ ბარიკადების მოწყობაში”.
ადვოკატი რევაზ აჭარაძე სვამს კითხვას, თუ ბრალდებულების დანაშაული მხოლოდ “საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევაა”, მაშინ ვინ დააზიანა ის ათობით პოლიციელი, რომლებიც სასამართლოში გამოიკითხნენ?
“საბოლოო ჯამში, განაჩენის მიხედვით, ვასილ კაძელაშვილს არ დაუგეგმავს არანაირი ძალადობრივი ქმედება. ვინმემ ვინმეზე თუ იძალადა, ვინმემ თუ პოლიციას მიაყენა ზიანი, ვინმემ თუ რამე დააზიანა, ეს ხალხი არ არისო, ესენი ძალადობრივად არ იქცეოდნენ. ესენი არ ემორჩილებოდნენ პოლიციელის მოთხოვნას, უპატივცემულობას გამოხატავდნენ საზოგადოების წინაშე, ტრანსპორტის მუშაობას აფერხებდნენ და ა.შ. ანუ, არანაირ ძალადობრივ ქმედებას ესენი არც გეგმავდნენ და არც ჩაუდენიათ. ორივე განაჩენი მაგას ამბობს. მაშინ გავიმეოროთ მარტივი კითხვა, რასაც თავიდანვე ვუსვამდით ყველა პოლიციელს, რომლებიც ამბობდნენ, პრეტენზიები გვექნება ბრალდებულებთან, თუკი გამამტყუნებელი განაჩენი იქნება და დადასტურდება, რომ ჩვენ მოგვაყენეს ზიანიო. არ დადასტურდა ეს. ახლა ვისთან აქვთ პრეტენზიები? ანუ, ისაც გაუგებარი რჩება, ვინ მიაყენა ამ პოლიციელებს რამე სახის ზიანი”, – ამბობს ადვოკატი რევაზ აჭარაძე.
ადვოკატების მსგავსაც მჭედლიშვილისა და გალუსტაშვილის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ პროკურორებიც. ისინი კვლავ შეეცდებიან დაამტკიცონ: დაკავებულები “ორგანიზებულად და ჯგიფურად” საზოგადოებრივ წესრიგს კი არ არღვევდნენ, არამედ ძალადობდნენ სამართალდამცველებზე და არბედნენ ინფრასტრუქტურას რუსთაველის გამზირზე.
ამავე თემაზე:
