შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით, 5 არასრულწლოვანი დააკავეს.
უწყება ამბობს, რომ დაკავებულთაგან 3 წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებიან.
„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე, დგინდება, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქეთა კუთვნილ მოპედებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა“, – აცხადებს შსს.
უწყების ცნობით, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს 14 000 ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგათ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
