თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ რეჟიმის ტყვეთა პროცესები გრძელდება — ერთმანეთის პარალელურად და ერთმანეთის კვალდაკვალ.
ჯერ 8 კაცის პროცესი იმართება ხოლმე, მეორე დღეს 11 პირის, ან პირიქით. ერთი და იგივე ბრალდება, ერთი და იგივე პროკურორები, ერთი და იგივე მოწმეები, ერთი და იგივე დარბაზი, სხვადასხვა მოსამართლე, სხვადასხვა ბრალდებულები, ნაწილობრივ სხვადასხვა და ნაწილობრივ იგივე ადვოკატები.
კვირაში ორი დღე დაზარალებულად ცნობილი მოწმე პოლიციელებისგან ვისმენთ, რომ არ ახსოვთ, ვინ ესროლა ესა თუ ის საგანი, რითაც დაზიანება მიიღეს. არ იცნობენ და არ დაუნახავთ არცერთი ბრალდებული. არ იციან, საერთოდ რომელიმე მათგანი აქციაზე იყო თუ არა. მაგრამ ითხოვენ, კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ, როცა/თუ მოსამართლე ამას გადაწყვეტს. არ დაუნახავთ, არ გაუგიათ პოლიციელების მხრიდან შეურაცხყოფა. ზოგიერთს დემონსტრანტებზე ძალადობის ამსახველი კადრებიც კი არ უნახავს, რადგან, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „ათასი რამ ვრცელდება“, „არ ადევნებენ თვალს მედიას“ და „არ იზიდავთ ძალადობის ყურება“.
რა (არ) აქვთ პროკურატურას და მათ მოწმეებს ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულთა წინააღმდეგ
ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, თორნიკე გოშაძის, ვასილ კაძელაშვილის, ინსაფ ალიევის, ირაკლი მიმინოშვილის, გიორგი გორგაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, ე.წ. „8 პირის საქმეზე“ უკვე 13 მოწმე დაიკითხა სამი პროცესის განმავლობაში.
ზუსტად ამდენივე, ანუ სამი პროცესია, რაც მოწმეები იკითხებიან ლუკა ჯაბუას, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, გიორგი ტერიშვილის, რევაზ კიკნაძის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკისა და ირაკლი ქერაშვილის, ანუ „11 პირის“ საქმეზეც. თუმცა იქ ჯერ მხოლოდ 5 მოწმეა დაკითხული. ამ ხუთ მოწმეს, ყველა ის ადამიანი, რომელიც სინდისის პატიმრების საქმეებს თვალს ვადევნებთ, 8 პირის საქმიდან უკვე ვიცნობთ.
მოწმე პოლიციელები: გიორგი ზაბახიძე, ნიკოლოზ ხურცილავა, ლაშა ბუიღლიშვილი, საბა ნაბახტეველი, ივანე კაპანაძე უკვე ორჯერ დაიკითხნენ, 8 პირისა და 11 პირის საქმეებზე. გივი წიქორიძე, ვასილ ბასილაძე, გელა გულორდავა, მიხეილ მჭედლიშვილი, ნიკოლოზ მანჯავიძე, გრიგოლ ჭანტურიძე, კახა ონიანი, ილია ქვათაძე — ჯერჯერობით მხოლოდ 8 პირის საქმეზე. ამათ ნაწილს, დაზარალებულებად წარმოდგენილებს პროკურატურის მხრიდან, 11 პირის საქმეზე კვლავ ვიხილავთ.

რამდენიმე ათეული პოლიციელია დაზარალებულად ცნობილი. საქმის მასალების მიხედვით, მინიშნებითაც კი შეუძლებელია საუბარი იმის შესახებ, რომ რომელიმე ამ პოლიციელის დაზიანებას, უკვე დაკითხულის და მომავალში დასაკითხის, კავშირი აქვს რომელიმე ბრალდებულთან და მათ მიმართ წაყენებულ ბრალთან. თუმცა საგრძნობია, რომ პირველი დაკითხვების შემდეგ, ყოველ მომდევნო პროცესზე პოლიციელები მეტად მომზადებულები მოდიან. მათი სანდოობის შესამოწმებლად და სიცრუეში გამოსაჭერად ადვოკატები ბევრ და ზოგჯერ ერთი შეხედვით თითქოს არაარსებით, თითქოს ხანდახან შეუსაბამო კითხვებსაც კი სვამენ. თავდაუზოგავად ცდილობენ პროკურორებიც მოწმეების დახმარებას და უხერხული კითხვების არიდებას. რეაგირება თუ დააგვიანდათ, მოწმეებს მზერა ადვოკატებიდან მათკენ გადმოაქვთ. მაშინაც კი, როცა მოსამართლე მაშველ რგოლად არ ერთვება და კითხვას არ განარიდებს, პროკურორები პროტესტის გამოხატვისას ხანდახან ასწრებენ სასურველი პასუხი უკარნახონ მოწმე პოლიციელს.

ქვემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ: გელა გულორდავა, მიხეილ მჭედლიშვილი
დაზარალებული პოლიციელები ჰყვებიან, რომ სხვადასხვა დღეს, ნოემბრის ბოლო და დეკემბრის პირველ დღეებში იმყოფებოდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძირითადად ჭიჭინაძის ქუჩაზე. მათ დაზიანებებს ეჭვქვეშ არავინ აყენებს. ყოველ შემთხვევაში, აქამდე არ აყენებდა. ადვოკატებიცა და ბრალდებულებიც ხშირ შემთხვევაში წუხილს გამოხატავენ მათ მიერ მიღებული დაზიანებების გამო. თუმცა ირკვევა, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ეს პოლიციელები ნამდვილად იყვნენ იქ და იმ დროს, სადაც და როცა ამბობენ. ნამდვილად იქ და მაშინ მიიღეს დაზიანებები, როგორც ამბობენ. მაგალითად, საქმეში არ არის, გამოძიებას არ მოუთხოვია და არც თავად მიუწოდებიათ სისხლით დასვრილი სამოსი. ზოგიერთმა არ იცის, ის დასვრილი ფორმა სად არის; არ იცის, რა მდგომარეობაშია, გარეცხილია თუ ნაგავში გადაგდებული. ეჭვს იწვევს სამედიცინო დოკუმენტები. არ ახსოვთ ან უბრალოდ არ ასახელებენ ხელმძღვანელ პირებს, ვინც ადგილზე მითითებებს აძლევდა, კოლეგებს, რომლებიც მათ გარშემო უნდა მდგარიყვნენ კონკრეტულ ეპიზოდებში.

მოწმე გრიგოლ ჭანტურიძე პროცესზე ამბობს, რომ თავისი დაზიანების ამსახველი ფოტო აქვს, აჩვენებს კიდეც ადვოკატებსა და ბრალდებულებს. თუმცა ამტკიცებს, რომ არ იცის, როგორ ნახოს ფოტოს გადაღების თარიღი და დრო. როცა დახმარებას სთავაზობენ, ამტკიცებს, რომ მის ტელეფონს ფოტოს გადაღების დროის შენახვის ფუნქცია არ აქვს და მოსამართლის ნებართვით, დარბაზს ტოვებს.
ზოგიერთი პოლიციელი ამბობს, რომ არ იცის, რას მოჰყვა პროტესტი საერთოდ და წარმოდგენა არ აქვს, რა უნდოდა ათი ათასობით ადამიანს ქუჩაში. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს რუსული კანონის პროტესტი იყო, ზოგიერთისთვის ცნობილია პრემიერმინისტრის „რაღაც განცხადება ევროკავშირთან დაკავშირებით“. თუმცა, მაგალითად, გრიგოლ ჭანტურიძე აზუსტებს, რომ „ხალხმა რაღაცა არასწორად გაიგო“. საბა ნაბახტეველიც ნათელს ჰფენს თავის დამოკიდებულებას და ამბობს, რომ პროტესტს არ ემხრობა — როგორც რიგითი მოქალაქე, ის რუსთაველზე არ მივიდოდა.
ამბობენ, რომ წარმოდგენა არ აქვთ, რამ გამოიწვია ძალადობრივი ტალღა, მათივე თქმით მშვიდობიან აქციაზე. პოლიციელების მხრიდან დემონსტრანტების მისამართით არ დაუნახავთ არაფერი მუქარის შემცველი, მაპროვოცირებელი და ძალადობრივი. წარმოდგენა არ აქვთ, როგორ შეიძლება ამოიცნონ პროვოკატორები, ჩანერგილი ადამიანები დემონსტრანტებში. მიუხედავად იმისა, რომ იქ მათი არსებობის გამორიცხვა ფიზიკურად არ შეუძლიათ, მაინც დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა დაატრიალეს „ქვების წვიმა“.
არავის გასჩენია და არც ახლა უჩნდება არათუ პრეტენზია, არამედ კითხვაც კი: როდესაც მათი თქმითვე „ქვების წვიმა“ მოდიოდა და ასეთი დაზიანებების რისკი იყო, რატომ იდგა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სრულად ეკიპირებული შემადგენლობა მათ უკან, მოშორებით და რატომ იდგენენ დაუცველი პოლიციელები წინა ხაზებზე. ან რატომ არ გაითვალისწინა მათმა ხელმძღვანელობამ რისკები თუნდაც 28 ნოემბრის შემდეგ მომდევნო დღეებში.
უმეტესობა არ იცნობს საქმის მასალებს, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ მათი გამოთხოვის უფლება, ნაწილს აქვს იურიდიული განათლება და იკავებენ პოლიციის სამმართველოების უფროსების პოზიციებს. კითხვაზე, რატომ არ დაინტერესდნენ საქმის მასალებით, შესაძლოა გაღიზიანებით გიპასუხონ, რომ ამის ვალდებულება არ აქვთ და გამოძიებას ენდობიან. ბოლომდე.
ადვოკატი რეზო აჭარაძე, რომელიც 8 პირის საქმეში ვასილ კაძელაშვილს იცავს, 11 პირის საქმეში კი ირაკლი ქერაშვილს, თვლის, რომ სამართლებრივად, პროკურატურის მოწმე პოლიციელები შესაძლოა დაცვისთვის სასარგებლო მოწმეებადაც კი შეფასებულიყვნენ. თუმცა ეს ალბათ სხვა დროს და სხვაგან, არა რეჟიმის სასამართლოში.
ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში ადვოკატი აჭარაძე აჯამებს და ხსნის, რა (არ) აქვს ამ დროისთვის პროკურატურას ბრალდებულების წინააღმდეგ და როგორ შეუძლია სასამართლოს ამ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით მსჯელობა.
სასამართლო კამერებსა და მიკროფონებს მიღმა
პროცესებზე ყოველთვის ვცდილობთ დავიჭიროთ და შემდეგ მოგიყვეთ იმ ეპიზოდების შესახებ, რაც სასამართლოს დარბაზებში კამერებსა და მიკროფონებს მიღმა ჩანს და ისმინება. ის, რაც ხდება ბრალდებულებსა და მათ ახლობლებს, სხვადასხვა პატიმრის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შორის. როგორ ბრაზობენ, როგორ სტკივათ, როგორ უმკლავდებიან, როგორ ხუმრობენ.
დედები, მამები, შვილები, და-ძმა, ცოლები, შეყვარებულები, მეგობრები (და კიდევ ჟურნალისტები) სულ ჩქარი ნაბიჯით და თითქმის სირბილით მიიჩქარიან დარბაზისკენ, რომ საბრალდებო სკამთან ყველაზე ახლო და წინა რიგები დაიკავონ.
მარიზი, თორნიკე გოშაძის დედა, ყოველთვის წინა რიგში, მაგრამ საბრალდებო სკამიდან შორს ჯდება, დარბაზის მეორე მხარეს. მარიზი გვიმხელს, რომ ტუჩების მოძრაობით ერთმანეთის გაგება მაინც უჭირთ და ასე ურჩევნია. გარანტირებულად იცის, რომ ბადრაგი არ ჩამოეფარება და შვილის დანახვას თუნდაც შორიდან, მაგრამ ცხადად შეძლებს. ერთადერთი, რასაც თორნიკეს სთხოვს ხოლმე, ისე დადგეს ან დაჯდეს, რომ სხვა ბრალდებულებს არ ამოეფაროს. თორნიკე მშვიდი და მორიდებული ადამიანია. ამის რისკი მართლა სულ არის, რომ უკან მიიყუჟოს. გიორგი ტერიშვილივით, რომლის დანახვა ბრალდებულებში ადვილი საქმე არ არის.
თითქმის ყველა დედას, მამას, ცოლს, შეყვარებულს დარბაზში ფაქტობრივად თავისი ადგილი აქვს. ზუსტად იცი, სად იპოვი მათ საქალაქო სასამართლოს ყველაზე დიდ, 150-კაციან დარბაზში.
სინდისის პატიმრების საქმეების განხილვებზე დამსწრე ადამიანების უმრავლესობას სასამართლოსთან შეხება აქამდე არ ჰქონია. მიმდინარე პროტესტის ფონზე, სინდისის პატიმრების პროცესებზე, მათთვის კიდევ უფრო გაუგებარი და მიუღებელია სასამართლოში ქცევის წესები. მაგალითად, ის, რომ სანქცირებულ მოსამართლეებს ფეხზე უნდა წამოუდგნენ. ამას თითქმის აღარავინ აკეთებს და აღარც მოსამართლეები და მანდატურები ითხოვენ მკაცრად. დამსწრეები ფეხზე მხოლოდ პატიმრებს უდგებიან, როცა ისინი ბადრაგს შემოჰყავს. უკეთ რომ დაინახონ, უკეთ რომ დაენახონ, ხელი აუწიონ, კოცნა გაუგზავნონ.
11 და 8 პირიანი პროცესების მიმდინარეობა, ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ისევე, როგორც საწყის ეტაპზე გამოძიება და ბრალის წარდგენა ჰგავდა. არც იმას ელის ვინმე, რომ ამ ორი საქმის ბოლო ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება. თუმცა ორი სხვადასხვა მოსამართლე ერთმანეთისგან მცირედ განსხვავებულ ატმოსფეროს ქმნის.
ნინო გალუსტაშვილიც (11 პირის საქმის მოსამართლე) და თამარ მჭედლიშვილიც (8 პირის საქმის მოსამართლე) ახალბედები არიან. თუმცა ნინო გალუსტაშვილი ასაკითაც უფრო ახალგაზრდაა, 33 წლის. თუ თამარ მჭედლიშვილზე დარბაზსა და დერეფნებში არცთუ იშვიათად მოისმენთ ბუზღუნით ნათქვამ შედარებას საბავშვო ბაღის მკაცრ გამგესთან, ნინო გალუსტაშვილს ხანდახან პროკურორებიც კი ეურჩებიან. მაგალითად, ერთ-ერთ პროცესზე ნინო გალუსტაშვილი ადვოკატის კითხვას უზუსტებს და უვრცობს მოწმე პოლიციელს. პროკურატურას ეს კითხვა არ მოსწონს და მოსამართლესაც კი უპროტესტებს. ხუმრობისგან თავს ვერ იკავებს გია ტერიშვილის ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი და კითხულობს: „ახლა რა ვქნა, მე მივიღო გადაწყვეტილება და მოსამართლის კითხვა განვარიდო მოწმეს?“ გალუსტაშვილი მყისიერად ცდილობს სადავეების მოქაჩვას: „არავინ არაფერს იღებს, მე ვიღებ“. მაგრამ გვიანია, დარბაზი კიდევ რამდენიმე წუთს ქირქილებს.

დამსწრეებს პერიოდულად გადაუვლით ხოლმე აღშფოთების მოგუდული ტალღა პროკურორების რეპლიკებზე, ან ასეთივე მოგუდული სიცილის ტალღა ბრალდების მოწმის რომელიმე მორიგ აბსურდულ პასუხზე, ან დასმულ კითხვაზე პასუხის არცოდნაზე.
ზოგიერთი სხვა სინდისის პატიმრის საქმეების პროკურორებისგან განსხვავებით, რომლებზეც სხვა რეპორტაჟებში მოგიყვებით, 11 და 8 პირიანი პროცესების პროკურორები, ვაჟა თოდუა და ვახტანგ ცალუღელაშვილი სასამართლოს დერეფნებში არასდროს ჩანან. ისინი ყოველთვის დარბაზში გვხვდებიან. არც დანარჩენებთან ერთად ტოვებენ იქაურობას პროცესის დასრულების შემდეგ. სავარაუდოდ, იმ შესასვლელ-გასასვლელებით სარგებლობენ, სადაც ბრალდებულების ახლობლებსა და მათ მხარდამჭერებს არ გადააწყდებიან. განსაკუთრებული ენთუზიაზმი და კმაყოფილება იმით, რომ იქ არიან, სადაც არიან და იმას აკეთებენ, რასაც აკეთებენ, არც პროცესებზე ეტყობათ. არ გამოირჩევიან ბრალდებულებისა და ადვოკატების მიმართ შიგადაშიგ ირონიული და დამამცირებლობის ზღვარზე მყოფი რეპლიკებით — ასევე ზოგიერთი სხვა პროკურორისგან განსხვავებით.

ერთი პროტოკოლი აქვთ და ერთი და იგივე ბრძანება, მაგრამ ერთსა და იმავე სიტუაციაში სხვადასხვანაირად იქცევიან მანდატურები. განსხვავებულია მათ მიმართ სასამართლოში მყოფი ადამიანების დამოკიდებულებაც. გოჩას არშემჩნევა მისი გაბარიტების გამოც შეუძლებელია და იმის გამოც, რომ თავადაც უყვარს პროცესებზე დამსწრე ადამიანებთან კომუნიკაცია. ინიციატივას ხშირად თავადვე იჩენს, ხუმრობს, თან დისტანციას ინარჩუნებს. ზოგს სიამოვნებს ეს და ზოგს არა, მაგრამ მისგან ცუდად მოპყრობას არავინ ელის.
— გოჩა, გუშინ სად იყავი, ხომ არავინ გიცემია?!
გამომცდელად ეკითხება გოჩას ირაკლი ქერაშვილის ცოლი, ქეთი. როცა ქეთი გოჩას ამას ეკითხება, „გუშინ“ 22 მაისია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესისა და მერე მისი დაპატიმრების დღე. სასამართლოში იმ დღით ძალიან ბევრი პოლიციელი იყო. ხალხს არ უშვებდნენ ეზოშიც კი. სხვა პარალელურად მიმდინარე საქმეებზე მიმავალ მხარებსაც კი შიგნიდან გადარეკვა-გადმორეკვა და შემოწმება სჭირდებოდათ, რომ საკუთარ პროცესზე მოხვედრილიყვნენ. სასამართლოს ყველა მანდატური ზურაბ ჯაფარიძის პროცესზე იყო მომართული. არაერთი დაპირისპირებაც მოხდა.
— სახლში ვიყავი, არ ვმუშაობდი. ტელევიზორში გიყურებდით. მაგრამ რას გეტყვი იცი? მეც ცუდი მანდატური უნდა გავხდე. თორემ ყველა მერე თავზე მაცოცდება.
— არ ქნა ეგ, იცოდე, ყველას ვიმახსოვრებ. გვარებითა და სახელებით.
ბრალდებულებისთვის გარესამყაროსთან კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალებაა, რა აცვიათ, რა აწერიათ მაისურებზე, რა წარწერებიანი ფურცლები უჭირავთ ხელში.

ხანდახან დარბაზში წამლებისა და დამამშვიდებელი წვეთების სპეციფიკური სუნი დგება ხოლმე. ვერც კი გაიგებ, ვის დასჭირდა. უხმაუროდ და ყურადღების მიუქცევლად ცდილობს რომელიღაც ოჯახი მოაჯირებს იქით, ვოლიერივით შემოღობილ საბრალდებო სკამზე განმწესებული საყვარელი ადამიანის მონატრებისა და იმ აბსურდზე ბრაზის შემსუბუქებას, რისი მოწმეც სასამართლოში ხდება.
ყველაზე ახალგაზრდა ბრალდებულების დედები ყველაზე ემოციურები და ცრემლიანები არიან. ყველაზე ხმაურიანები, ბრაზიანებიც და ხუმარებიც — მათი მეგობრები, თავადაც ყველაზე ახალგაზრდები პროცესზე დამსწრეებში.
ინსაფ ალიევთან მისი შვილი შემოჰყავთ, ორიოდე წუთით დასანახად. ასეთი პატარა ბავშვების დარბაზში დიდხანს გაჩერება, თავად ბავშვისთვისვე არ იქნება მიზანშეწონილი. ინსაფს სახე ალბათ პირველად უნათდება თვეების მანძილზე, რაც მას სასამართლოში ვხედავთ. ბავშვთან მოსიყვარულებას შორიდან ახერხებს. ბრალდებულების „ვოლიერთან“ პატარა ახლოს მიჰყავთ, ინსაფიც მისკენ გადმოდის, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რომ შეეხოს. პატარას გასვლის დროა. წუთი-წუთზე პროცესი დაიწყება.
„რა ლამაზი დღეა, იმიტომ რომ დღეს ზვიადის დაბადების დღეა“
24 მაისს ზვიად ცეცხლაძის დაბადების დღე იყო. ზვიად გამსახურდიას მოსახელე სინდისის პატიმარი 20 წლის გახდა. მეგობრებმა გლდანის ციხესთან მიაკითხეს და უმღერეს იმედით, რომ საკანში ხმას გააგონებდნენ. პროცესის დასასრულს წინასწარ უმღერეს სასამართლოშიც. როგორც აღმოჩნდა, მოსამართლესა და მანდატურებთან წინასწარი შეთანხმებით. ფურცლებზე დაწერილი „გვიყვარხარ“ მართლაც არავის წაურთმევია, არც სიმღერა დაუშლია.
20 წლის ზვიადი ალბათ რამდენიმე თვის წინ ვერც წარმოიდგენდა, რომ მასზე გაცილებით უფროსი ადამიანები მის დაბადების დღეზე დაწერდნენ: „ბავშვობაში იმით ვამაყობდი, მე და ბობ დილანი ერთ რიცხვში რომ დავიბადეთ. აწი ვიტყვი — იცით, მე და ზვიად ცეცხლაძეს ერთ დღეს გვაქვს დაბადების დღე“.
