საზოგადოება

მოსწავლეების პროტესტი, ამჯერად – პირბადით

11 ნოემბერი, 2010 • • 1121
მოსწავლეების პროტესტი, ამჯერად – პირბადით

საჯარო სკოლის მოსწავლეების ნაწილი მომავალ პარასკევს, 19 ნოემბერს, საპროტესტო აქციას პარლამენტის წინ, ნაწილი კი განათლების სამინისტროსთან გამართავს, – ამის შესახებ სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა დღევანდელ შეხვედრაზე მოილაპარა.

საინიციატივო ჯგუფი დღეს პარლამენტის წინ შეიკრიბა. მოსწავლეები ამბობენ, რომ დღესაც აპირებდნენ აქციის გამართვას, თუმცა მოსწავლეთა უმრავლესობამ გამოსვლა ვერ მოახერხა.

დღეს პარლამენტთან მოსულ ყველა მოსწავლეს პირბადე ეკეთა. პირბადეს ეწერა 8, რომელიც გადახაზული იყო ორი ხაზით.

,,იმიტომ გვიკეთია, რომ არ გვიცნონ და სკოლაში პრობლემები არ შეგვექმნას. თან სიმბოლური დატვირთვა აქვს, გადახაზული რვიანი ნიშნავს, რომ განათლების სამინისტროს 8 საატესტაციო გამოცდის გაუქმებას ვთხოვთ’’, – აცხადებენ მოსწავლეები.

დღეს მოსწავლეები დირექტორებისა და მასწავლებლების მხრიდან მათზე განხორციელებულ ზეწოლაზეც საუბრობდნენ. მათი თქმით, სკოლის დირექტორები მათ ეუბნებიან, რომ თუ თავიანთი პროტესტის გამოსახატავად წავლენ, ამას გართულებები მოყვება.

,,თავიდან ვაპირებდით აქციას, მაგრამ მოხდა მოსწავლეების დაშინება და ამიტომ ბევრი ვერ მოვიდა, სკოლაში მათ გარიცხვით ემუქრებიან, ზოგ სკოლაში ბავშვები ჩაკეტეს, რომ აქციაზე არ წასულიყვნენ. თითქმის ყველა სკოლაში დადიოდნენ დირექტორები და მოსწავლეებს სთხოვდნენ, არ წასულიყვნენ აქციაზე’’, – ამბობს ერთ-ერთი მოსწავლე.

დღეს მოსწავლეებმა საკმაოდ ბევრჯერ განმარტეს, რომ ეს არის მათი თხოვნა განათლების სამინისტროს მისამართით და არა – მოთხოვნა.

,,ბატონ დიმიტრი შაშკინს ვთხოვთ, რომ დაუშვან გამონაკლისი მეთორმეტე კლასელებისთვის’’ – ამბობენ ისინი.

მომავალ პარასკევს მოსწავლეები პარლამენტთან 3 საათზე შიკრიბებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი