ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

როგორ გააქრო ალიევის რეჟიმმა კრიტიკული მედია და ორგანიზაციები

28 თებერვალი, 2023 • 2296
როგორ გააქრო ალიევის რეჟიმმა კრიტიკული მედია და ორგანიზაციები

ავტორი: ნიკა მუსავი


ერთი წლის წინ აზერბაიჯანში ძალაში შევიდა კანონი “მედიის შესახებ”, რომელსაც დამოუკიდებელი აზერბაიჯანელი ჟურნალისტები და საერთაშორისო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებოდნენ იმ მიზეზით, რომ კანონის მიღება ნიშნავდა ხელისუფლების მიერ მედიაზე საბოლოო გაბატონებას და, შესაბამისად, მის ცენზურას. 

ბევრის აზრით, ეს კანონი ბოლო ეტაპი გახდა იმ პროცესისა, რომელიც აზერბაიჯანში 2013-2014 წლებში დაიწყო და დღეს უკვე ყველა განსხვავებულ აზრს საშუალებას აღარ აძლევს, მედიით გავრცელდეს. 

საქმე ის არაა, რომ 2013 წლამდე აზერბაიჯანში პლურალიზმი და თავისუფლება სუფევდა, თუმცა მდგომარეობა დღევანდელზე ბევრად უკეთესი იყო – არსებობდნენ მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი მედიები, რომლებიც არ ერიდებოდნენ ხელისუფლების კრიტიკას, არსებობდნენ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობები. 

თავისუფლების ილუზიის “დასრულების დასაწყისს” ხელი შეუწყვეს შიდა და საგარეო გარემოებებმა.

კერძოდ, ერთი მხრივ, 2010-2011 წლებში აზერბაიჯანის ნავთობის შემოსავლებმა კლება დაიწყო, ეკონომიკამ  – რყევა, აზერბაიჯანში ცხოვრება გაძვირდა, გაღარიბებული ხალხი კი სულ უფრო მტკივნეულად რეაგირებდა უფლებების დარღვევაზე. კრიტიკა სულ უფრო ხმამაღალი და მწვავე ხდებოდა, დაიწყო საპროტესო აქციები სოციალური პრობლემების, არმიაში სამხედროთა დაღუპვის ფაქტების წინააღმდეგ და ა.შ. 

მეორე მხრივ, 2000-იანი წლების დასაწყისში რეგიონში და მსოფლიოში სხვადასხვა დონის “ხავერდოვანი” რევოლუციების ტალღა დაიწყო – საქართველოში “ვარდების რევოლუციიდან” “არაბული გაზაფხულამდე”. აზერბაიჯანის ხელისუფლება ღელავდა, რომ ეს პროცესი გადამდები გახდებოდა აზერბაიჯანისთვისაც. მით უმეტეს, 2013 წელს მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები იყო დანიშნული. 

ამ ყველაფრის შესახებ პრაქტიკულად ღია ტექსტით აღიარა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა რამიზ მეხტიევმა 2014 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში. მან დასავლეთი, კერძოდ, აშშ დაადანაშაულა “მეხუთე კოლონის” ხელით მსოფლიოში რევოლუციების, ბუნტის, გადატრიალების ორგანიზებაში. 

“მეხუთე კოლონა” – ეს არიან ცალკეული ადამიანები, ან ადამიანთა ჯგუფი, ორგანიზაცია ან მოძრაობა, რომელიც მუშაობს უცხო ქვეყნის სახელმწიფოებზე და რომლის საქმიანობის მიზანია, საკუთარი ქვეყნის ნაციონალურ ინტერესებს ზიანი მიაყენოს. დღეს ცალკული საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მათმა ევროპელმა მოკავშირეებმა რეალური მიზნების შენიღბვით შექმნეს უდიდესი ქსელი საკუთარი ფილიალებისა მსოფლიოში, თითქოს ადამიანის უფლებების დაცვისთვის, დემოკრატიული ღირებულებებისა და ორგანიზებული საბაზრო ეკონომიკის საფუძვლების გასავრცელებლად. ზუსტად ესენი გამოდიან ახალი ტიპის “მეხუთე კოლონის” როლში”, – წერდა იგი. 

2013-2014 წლები აზერბაიჯანში დიდი რეპრესიები დაიწყო: ახალგაზრდული მოძრაობა «NIDA»-ის ლიდერები, ჟურნალისტი რაუფ მირკადიროვი, უფლებადამცველები არიფ და ლეილა იუნუსები, ოპოზიციონერები თოფიგ იაგუბლუ და ილგარ მამედოვი, ასევე, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების კიდევ ათეულობით წარმომადგენელი სხვადასხვა გამოგონილი ბრალდებით ციხეში აღმოჩდნენ.

2013 წლის ბოლოს “არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნითა” და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების დაცვის საბაბით კანონში შევიდა ცვლილებები არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ. ამ ცვლილებებმა მაქსიმალურად გაართულა არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის პროცედურა. არარეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო გადარიცხვების და სხვა პროცედურებისთვის კი მსხვილი ჯარიმები დააწესეს. სხვა ქვეყნიდან დაფინანსების მიღება იმდენად გართულდა, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა, საერთაშორისო ორგანიზაციები კი ქვეყნიდან საერთოდ გავიდნენ.

შაჰინ რზაევი, ომისა და მშვიდობის გაშუქების ბრიტანული ინსტიტუტის (IWPR) ყოფილი წარმომადგენელი იხსენებს ამ პერიოდს (IWPR მაშინ ადგილობრივ რეპორტიორებს, ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს უჭერდა მხარს). 

“აზერბაიჯანში IWPR-ის ოფისი 2000-იანების შუა წლებიდან არსებობდა, თუმცა ფაქტიურად არალეგალურად ვმუშაობდით. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი გვითხრა ოფიციალურ რეგისტრაციაზე იმ მიზეზით, რომ ორგანიზაცია ყარაბაღშიც მუშაობდა. შესაბამისად, თავიდან ახალი რეგულაციები ჩვენზე არ გავრცელებულა. მე, რომელიც კერძო მეწარმედ ვიყავი დარეგისტირებული, საქმიანობისთვის საჭირო ფულსაც პირად ანგარიშზე მირიცხავდნენ. თუმცა, უკვე 2016 წელს, როდესაც ბანკში მორიგი გადმორიცხვის ასაღებად მივედი, მკითხეს, “ვინ და რატომ მიგზავნიდა ფულს?” შემდეგ საკუთარი წყაროებით გავარკვიე, რომ გადმორიცხვებს ვეღარ ავიღებდი. გასაგები გახდა, რომ ჩვენც აგვიკრძალეს საქმიანობა. პირდაპირი ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა, რადგან ჩვენ თავად აღარ მივიყვანეთ საქმე აქამდე. ამ ყველაფრისგან ყველაზე მეტად ჩვენი სომეხი კოლეგები დაზარლდნენ – ბალანსისთვის ოფისი ერევანშიც დაიხურა”. 

2017 წელს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაიბლოკა ხელისუფლებისადმი ყველაზე კრიტიკულად განწყობილი რამდენიმე ინტერნეტ მედია გამოცემა: Meydan TV და Azadlıq Radiosu ( Radio Loberty-ს აზერბაჯანის სამსახური). 

დღეს აზერბაიჯანული მედია [რადიო, ტელევიზია, ონლაინ რესურსები] ან ხელისუფლების მიერ კონტროლდება, ან საკუთარი სურვილითვე უჭერენ ხელისუფლებას მხარს საკუთარი უსაფრთხოებისა და სარგებლის მიზნით. 

ტრადიციული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ნაწილი უკანასკნელ წლებში ხელისუფლების მიმართ მეტად ლოიალური გახდა. ბევრი უბრალოდ ქვეყნიდან წავიდა. დარჩენილი ნაწილი კი მხოლოდ სოციალური ქსელების მეშვეობით აკრიტიკებს ხელისუფლებას და დროდადრო საპროტესტო აქციებსაც მართავს რომელიმე მორიგი დაკავებული აქტივისტის მხარდასაჭერად. თავის მხრივ, ეს აქციები, როგორც წესი, ახალი დაკავებებითა და პატიმრობებით სრულდება. 

2022 წელს აზერბაიჯანმა 180 ქვეყანას შორის 154-ე ადგილი დაიკავა “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” პრესის თავისუფლების ინდექსში. იგივე “რეპორტიორები” შევიდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების იმ რიცხვში, რომლებიც აკრიტიკებდნენ “მედიის შესახებ” კანონის მიღებას, რომელიც მედიის ერთიანი რეესტრის შექმნის იდეას წარმოადგენს. რეესტრი მაინც შეიქმნა და ამჟამად რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს. 

ახალი კანონის შესაბამისად, მედიაორგანიზაციებმა და გამოცემებმა, ასევე ცალკეულმა ჟურნალისტებმა, მათ შორის უშტატოებმა, 2023 წლის მარტამდე უნდა შეიტანონ განაცხადი და მუშაობის ნებართვის მისაღებად დარეგისტრირდნენ. ზოგიერთმა უკვე მიიღო უარი ასეთ ნებართვაზე.

არიან ისეთებიც, ვინც პრინციპულად არ რეგისტრირდება. მედიის განვითარების სახელმწიფო სააგენტო სასამართლოთი ემუქრება იმ მედიას და ჟურნალისტებს, ვინც მარტამდე არ დარეგისტირდება. თუმცა ჯერ ბუნდოვანია, შეასრულებენ თუ არა მუქარას და ზოგადად, როგორი იქნება მედიის ბედი აზერბაიჯანში.

მასალების გადაბეჭდვის წესი