„საბედნიეროდ, ევროპარლამენტში მოიძებნება საღი აზრიც“, — თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და „სწორი შეფასებებისთვის“ მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს, რომლებმაც 8 ოქტომბრის დებატებზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პოზიციები გაახმოვანეს.

„ნეტგაზეთი“ ამ სტატიაში მოგიყვებათ, ვინ არიან და რა პოლიტიკური წონა აქვთ საქართველოს ხელისუფლების თანამოაზრეებს ევროპარლამენტში?

„სუვერენულ ერთა ევროპა“ (ESN)

„სუვერენულ ერთა ევროპა“ (ESN), ასევე ცნობილი, როგორც სუვერენისტები, 25 დეპუტატისგან დაკომპლექტებული ყველაზე პატარა პოლიტიკური ჯგუფია ევროპარლამენტში. ის 2024 წლის 10 ივლისს ჩამოყალიბდა. ESN ჯგუფში შედის რვა პოლიტიკური პარტია, რომელთაგან ყველაზე მეტი წევრით (14 დეპუტატი) დომინანტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD).

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) არის ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტია, რომელიც 2013 წელს დაარსდა და მზარდი პოპულარობით სარგებლობს გერმანიაში. AfD გამოირჩევა ევროსკეპტიკური, ნაციონალისტური, ისლამოფობიური და პრორუსული პოზიციებით. ნიშანდობლივია, რომ პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD)“ წევრი შტეფან კეუტერი 2019 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში „არჩევნებზე დამკვირვებლად“ იმყოფებოდა. ის ამავდროულად „ყირიმის მეგობართა ლიგის“ წევრია.

მიუხედავად იმისა, რომ AfD ოფიციალურად ემიჯნება ნაციზმს, პარტიას ხშირად ადანაშაულებენ ნაცისტურ სენტიმენტებში. AfD-ის ერთ-ერთი ლიდერ ბიორნ ჰოკეს მოუწია სასამართლოს წინაშე წარდგომა აკრძალული ნაცისტური სლოგანების გამოყენებისთვის და 13 000 ევროთი დაჯარიმდა.

AfD-ის მიერ ევროპარლამენტში ახალი პოლიტიკური ჯგუფის შექმნას წინ უძღოდა „იდენტობისა და დემოკრატიის“ (ID) ჯგუფიდან მათი დეპუტატების გარიცხვა პარტიის ხელმძღვანელობის ნაცისტურ  სენტიმენტებზე ცნობების გამო.

AfD-ის გარდა, „სუვერენულ ერთა ევროპაში“ (ESN) შედიან 3-3 დეპუტატი პოლონეთიდან და ბულგარეთიდან, და თითო-თითო — ჩეხეთიდან, საფრანგეთიდან, უნგრეთიდან, ლიეტუვიდან და სლოვაკეთიდან. მიუხედავად მათი მრავალფეროვნებისა, ESN-ის რვავე პარტიას აერთიანებს ის, რომ ეწინააღმდეგებიან უკრაინის სამხედრო დახმარებას, EU-ის მიგრაციის მართვის პოლიტიკას და მწვანე გარიგებას.

საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის განხილვის ფარგლებში ESN-მა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტიც მოამზადა, რომელიც ევროპარლამენტმა არ გაიზიარა.

რეზოლუციის ავტორები, იმოწმებენ გაეროს წესდებას და „ჩაურევლობის პრინციპს“ და ევროკავშირს მოუწოდებენ, თავი შეიკავოს საქართველოს შიდა საქმეებში ყოველგვარი ჩარევისგან; ამბობენ, რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემა და არჩევნები შეესაბამება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავს დემოკრატიულ ნორმებს, „დემოკრატიიდან უკან დახევის“ პრეტენზიები უსაფუძვლოა და, როგორც ჩანს, საქართველოზე ზეწოლის საბაბს წარმოადგენს. ESN–ის რეზოლუციის პროექტით ასევე მხარდაჭერილია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.

დებატებზე სიტყვით გამოვიდნენ ESN ჯგუფის დეპუტატები: ჰანს ნიოჰოფი (AfD, გერმანია) და პეტარ ვოლგინი („აღორძინება“, ბულგარეთი).

მანამდე სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში ჩარევად შეაფასა ნიოჰოფმა ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუცია ვენესუელაში ჩატარებულ არჩევნებზე. ჰანს ნიოჰოფმა და პეტარ ვოლგინმა ახალი მოწვევის ევროპარლამენტში თავი იმითაც გამოიჩინეს, რომ ხმა აიმაღლეს უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარების მხარდამჭერი რეზოლუციის წინააღმდეგ.

„პატრიოტები ევროპისთვის“ (PfE Group)

„ქართველებს არ სურთ ბრძანებების მიღება არც მოსკოვიდან და არც ბრიუსელიდან“, — თქვა ფრანგმა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ.

მან გაიმეორა „ოცნების“ პროპაგანდისტული ნარატივი, რომ თითქოს უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ, თუნდაც მაიდანის გზით.

ტიერი მარიანი წარმოადგენს პოლიტიკურ ჯგუფს „პატრიოტები ევროპისთვის“ (PfE Group). „ევროპის სახალხო პარტიისა“ და „სოციალ-დემოკრატების“ შემდეგ, PfE არის მესამე ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში, 84 დეპუტატით.

ალიანსი ამ ზაფხულს შეიქმნა  უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის „ფიდესის“, ავსტრიის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიისა“ (FPÖ) და ჩეხეთის „უკმაყოფილო მოქალაქეთა მოძრაობის“ (ANO) მიერ.

„ჩვენ ვამჯობინებთ ეროვნულ სუვერენიტეტს, ფედერალიზმს, თავისუფლებას — ბრძანებებს და მშვიდობას — ომს“, – ნათქვამია სამეულის „პატრიოტულ მანიფესტში“, რომელშიც გამოთქმულია მზადყოფნა, დაიცვან თავიანთი საზღვრები და შეაჩერონ არალეგალური მიგრაცია.

ორბანის პარტია Fidesz-ს 2019 წელს შეუჩერდა ევროპის მთავარი მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური ჯგუფის „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) წევრობა და საბოლოოდ დატოვა 2021 წელს, რის შემდეგად პოლიტიკური ოჯახის გარეშე იყო დარჩენილი.

საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია აქვს გაფორმებული უნგრეთთან და ვიქტორ ორბანს მისაბაძ მოკავშირედ მიიჩნევს. უფლებადამცველი ჯგუფები და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ევროკავშირი და ევროპის საბჭო, უნგრეთის ხელისუფლებას აკრიტიკებენ მედიაზე და სასამართლოზე გაძლიერებული კონტროლის, მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის, არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვის, ლგბტ პირების და სხვათა უფლებების დარღვევების გამო.

„პატრიოტები ევროპისთვის“ (PfE Group) წევრების შეხედულებები საგარეო პოლიტიკისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხზე განსხვავდება. თავად ტიერი მარიანი წარმოადგენს მარი ლე პენის პარტია „ეროვნულ ერთობას“, რომელსაც ამჟამად ჯორდან ბარდელა ხელმძღვანელობს. ის 1976 წლიდან არის პოლიტიკაში, იკავებდა მათ შორის ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობას საფრანგეთში, 2019 წლიდან ევროპარლამენტარია.

ტიერი მარიანი ლოიალურია ავტორიტარული რეჟიმებისადმი აზერბაიჯანში, რუსეთსა და სირიაში. მარიანს, რომელიც 2015-17 წლებში სულ მცირე 5-ჯერ შეხვდა სირიის დიქტატორ ბაშარ ალ ასადს, უფლებადამცველები „ასადის ლობისტად“ და „დამასკოს აგენტად“ მოიხსენიებენ. არალეგალურ არჩევნებზე დამკვირვებლად მარიანი ჩადიოდა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და დონბასში.

ტიერი მარიანისა და ბაშარ ალ ასადის შეხვედრა დამასკოში, 2017 წელი. ფოტო: ფოტო DR

„ყირიმმა აირჩია, ისევ რუსული გახდეს. ყირიმი რუსეთია. მოდით, მივიღოთ ეს მოცემულობა და ვცადოთ ნორმალური ურთიერთობები ევროპის ქვეყნებსა და რუსეთს შორის“, — თქვა ტიერი მარიანმა სევასტოპოლში პრესკონფერენციაზე 2016 წელს.

საფრანგეთში ტიერი მარიანი ეჭვმიტანილია კორუფციას, ფულის გათეთრებასა და გავლენით ვაჭრობაში კრემლის სასარგებლოდ. გამოძიება დაიწყო „ფრანკო-რუსული დიალოგის ასოციაციაში“ მის საქმიანობასთან დაკავშირებით. დეპუტატი ბრალდებებს უარყოფს.

არააფილირებული დეპუტატები

8 ოქტომბრის დებატებზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პოზიციებით გამოვიდნენ დეპუტატები, რომლებიც არცერთ პოლიტიკურ ჯგუფში არ შედიან: ჩეხი ონდრეი დოსტალი, სლოვაკი ლუბოშ ბლაჰა, პოლონელი გჟეგოშ ბრაუნი, სლოვაკი მილან მაზურეკი.

„საქართველოში ტრადიციული საზოგადოებაა და არ სურთ, ჰქონდეთ 76 გენდერი. როგორც სლოვაკეთში, მათაც მიაჩნიათ რომ ოჯახის შედგება დედის, მამისა და შვილებისგან. თქვენ გძულთ საქართველო იმიტომ, რომ მას სურს რუსეთთან კარგი პრაგმატული ურთიერთობა. მათ უნდათ დიალოგი. მათ მშვიდობა უნდათ“, — თქვა ბლაჰამ, რომელიც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მემარცხენე-პოპულისტური პარტია „სმერის” წევრია.

„საქართველო იცავს თავის შვილებს პედოფილებისგან“, — დასძინა მეორე სლოვაკმა ევროდეპუტატმა მილან მაზურეკმა. მაზურეკი, რომელსაც Politico „პირმცინარ რასისტს“ უწოდებს, თავის სამშობლოში გასამართლებულია ბოშების მიმართ რასისტული გამონათქვამებისთვის და პირველი დეპუტატია, ვინც ამის გამო სლოვაკეთის პარლამენტში მანდატი დაკარგა. თუმცა 2020 წელს სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში  ხელახლა აირჩიეს.

ყოფილმა ჟურნალისტმა ონდრეი დოსტალმა 8 ოქტომბრის დებატებზე საქართველოს შესახებ ევროპარლამენტარებს ჰკითხა: „რა არის ცუდი უცხოური გავლენის საწინააღმდეგო კანონებში?“, გჟეგოშ ბრაუნმა კი — რატომ არ დაიღალნენ ბრიუსელის ჩარევით მათი ქვეყნის შიდა საქმეებში?

გჟეგოშ ბრაუნი ცნობილია ანტისემიტური სკანდალებით. გასულ წელს პოლონეთის სეიმში, ხანუქას დღესასწაულზე ცეცხლმაქრით ჩააქრო მენორა.

მანამდე შეიჭრა ლექციაზე ჰოლოკოსტის შესახებ, გაანადგურა აღჭურვილობა და დამამცირებელი კომენტარები გააკეთა ებრაელების მიმართ.

„არ დავიღალეთ „ევროკავშირის სახელმწიფოების საქმეებში ჩარევით“. ჩვენ ეს არ გვბეზრდება, რადგან ის, რასაც თქვენ ჩარევას ეძახით, ეფუძნება ამ ქვეყნების დემოკრატიულ ნებას — ამ სახელმწიფოებმა დემოკრატიულად გადაწყვიტეს ერთიანი ევროპის შექმნა და კომპეტენციების გადაცემა. თუ გაიხსენებთ საქართველოში გამართულ დემონსტრაციებს, ნახავთ ასობით ათასი ევროპული დროშას — უფრო მეტს, ვიდრე მე მინახავს ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში მიტინგზე. ახლა აქაურ ნეონაცისტებს სურთ რაღაცის თქმა დემოკრატიაზე. მე გეუბნებით: საქართველოს ხალხს სურს დემოკრატია, ევროპა და ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ“, — უპასუხა დეპუტატმა გერმანიიდან ლუკას სიპერმა, რომელიც ასევე არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ წარმოადგენს.

ევროპარლამენტში სულ 32 არააფილირებული დეპუტატია — ისინი 8 პოლიტიკურ ჯგუფს მიღმა არიან დარჩენილი.

დანილო დელა ვალე

იტალიელი დეპუტატი დანილო დელა ვალე იტალიაში ყოფილი პრემიერის, ჯუზეპე კონტეს პარტია „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობას“ წარმოადგენს და ევროპარლამენტის მემარცხენე ჯგუფში შედის. მას აქვს პოლიტიკური მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი და ამბობს, რომ მისი ინტერესის სფეროა აღმოსავლეთ ევროპა.

„აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კულტურისა და ტრადიციებისადმი ჩემი გატაცებით 3 წლის განმავლობაში ვსწავლობდი რუსულს ნეაპოლის მეორე უნივერსიტეტის პუშკინის ცენტრში. 2017 წელს CEFR-ის სკალაში B1 დონის მიღწევა, მაქსიმალური შედეგი დამოწმებულია რუსეთის პიატიგორსკის სახელმწიფო ლინგვისტური უნივერსიტეტის მიერ“, — წერს დელა ვალე თავის ბიოგრაფიაში. ის ასევე ფლობს ინგლისურ და ესპანურ ენებს.

დანილო დელა ვალე იყო საქართველოზე მომზადებული 7 რეზოლუციის პროექტიდან ერთ-ერთის ავტორი. რეზოლუციის ტექსტი ერთდროულად მოიცავს თანადგომას და კრიტიკას „ქართული ოცნების“ მიმართ. კერძოდ, „ოჯახური ღირებულებების“ კანონის მიღება შეფასებულია ლგბტქ+ თემზე თავდასხმად და საფრთხედ მთლიანად სამოქალაქო თავისუფლებებისთვის. ნათქვამია, რომ კანონი აწესებს ცენზურას მედიაზე. ავტორი ასევე რისკის შემცველად მიიჩნევს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს.

ამავდროულად, მემარცხენე ჯგუფის სახელით მომზადებული ვალეს რეზოლუცია წუხს საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერების გამო, ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციული დიალოგის აუცილებლობას, ისევე როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის, და საუბრობს ქვეყნის არჩევანში ჩაურევლობის საჭიროებაზე.

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი მოჰყვა საქართველოს თავდასხმას ცხინვალზე.

სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ვალემ ევროკავშირი ორმაგს სტანდარტსა და ფარისევლობაში დაადანაშაულა. თქვა, რომ ბლოკში გაწევრიანების პროცესი არავინ უნდა გამოიყენოს საქართველოს მსგავს ქვეყნებში ნატოსა და შეერთებული შტატების დიქტატის დასამყარებლად.

ვალეს კონტრიბუცია ახალი ევროპარლამენტის მუშაობაში ასევე მოიცავდა წინააღმდეგობას უკრაინის შეიარაღების მხარდამჭერი რეზოლუციისადმი. ის ამბობს, რომ კონფლიქტი მხოლოდ დიპლომატიის გზით უნდა გადაწყდეს.

რა გავლენა აქვთ „ოცნების“ თანამოაზრეებს?

„სოციალისტებისა და დემოკრატების“ პოლიტიკური ოჯახიდან გარიცხვამდე გასული „ქართული ოცნება“ ახლა მეტ-ნაკლებად თანხვედრაშია ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური „სუვერენულ ერთა ევროპისა“ (ESN) და „პატრიოტები ევროპისთვის“ (PfE) პოლიტიკური ჯგუფების ნარატივებთან.

„ნათელია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ევროპარლამენტის ცალკეული ჯგუფების მიერ რეზოლუციის ინიციირება ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენის მცდელობაა, რაც კატეგორიულ წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებთან. ამავე დროს, გუშინდელმა განხილვამ ისიც აჩვენა, რომ საბედნიეროდ, ევროპარლამენტში მოიძებნება საღი აზრიც, რომელიც, იმედია, დროთა განმავლობაში ევროპული ღირებულებების ტრაექტორიას აცდენილი ამ ტენდენციის შეჩერებას შეძლებს“, — თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები. წყარო: ევროპარლამენტი

თუმცა „ცალკეული ჯგუფები“, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე უწოდებს, ჯერ კიდევ ევროპის მეინსტრიმული პოლიტიკური ძალები არიან და უმრავლესობას წარმოადგენს ევროპარლამენტშიც. შესაბამისად, მათ არ გასჭირვებიათ, 495 ხმით, 73-ის წინააღმდეგ მიეღოთ ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუცია „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ“. ერთობლივი რეზოლუციის ტექსტი 5 პოლიტიკური ჯგუფის — „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP), „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“ (ECR), Renew Europe, მწვანეებისა (Verts/ALE) და „სოციალ-დემოკრატების“ — სახელით მომზადდა. აღნიშნული ხუთი პოლიტიკური ჯგუფი, 532 მანდატით, 720-კაციან ევროპარლამენტის 74%-ს იკავებს.

ევროპარლამენტი „ოცნებისგან“ ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას მოელის — რეზოლუციის პროექტი