პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახი აცხადებს, რომ რუსთავის ციხეში დაკავებულს ბადრაგებმა სცემეს და რომ მასზე ძალადობა სისტემატურად ხორციელდება.
გიორგი დავითაძე თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის შვილია. ავთანდილ დავითაძე 2014 წელს თბილისის საკრებულოში “კოალიცია “ქართული ოცნების” სიით შევიდა და იქ ფრაქცია „ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის“ წევრი იყო.
ავთანდილ დავითაძის ოჯახი „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ მათი შვილი ბადრაგის 9 თანამშრომელმა დეესკალაციის ოთახში ჩაიყვანა და მასზე იძალადა. მათივე ცნობით, ფაქტი დეკემბერში მოხდა და მას შემდეგ გიორგი დავითაძეზე გრძელდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.
გიორგის დავითაძის დედა ირმა დავითაძე აცხადებს, რომ მის შვილზე ძალადობა პოლიციის მოქმედი თანამშრომლის დავალებით ხდება, რომელსაც გიორგი დავითაძის სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.
„სასწრაფოდ მოვითხოვ, გადაიყვანონ ამ ციხიდან და შეწყდეს პატიმრებზე ძალადობა“,- აცხადებს ირმა დავითაძე „ტვ პირველთან“.
ავთანდილ დავითაძის თქმით, სისტემა დალპა და დროზე არის ზომები მისაღები.
„პატიმარს რომ ცივ კედლებში, ცივ ზამთარში გამოურთავ გამათბობელს და პულტს ჯიბეში ჩაიდებ იმის ნაცვლად, რომ გათბობა ჰქონდეს პატიმარს, შეგნებულად მიჰქონდათ პულტი, რის გამოც ჩემი შვილის ჯანმრთელობა არის ძალიან შერყეული. არაერთი ოპერაცია გაუკეთეს, ახლა კიდე მიმდინარეობდა კვლევები, მთელი ჯირკვლები აქვს დაზიანებული. ეს არის აუტანელი. ეს არის სისტემა, რომელიც დალპა უკვე, ჩამომპალია და დროზე არის ზომები მისაღები.
პირდაპირ ვაცხადებ საქვეყნოდ, რომ პასუხს ვაგებინებ ყველა მათგანს, ვინც ჩემს შვილზე იძალადა და დღემდე ძალადობენ. არავის არ ვაპატიებ. დღეიდან მე მოვითხოვ სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან, რომ ჩემი შვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ამ ჯალათური სისტემიდან, რომლის ხელმძღვანელიც არის შოთა ტრაპაიძე“, – განაცხადა ავთანდილ დავითაძემ „ტვ პირველთან“.
გიორგი დავითაძის ადვოკატი, ირმა ჯანუაშვილი აცხადებს, რომ პატიმარზე ძალადობის შესახებ შესაბამისი უწყებები ინფორმირებული არიან და გამოძიებაც დაწყებულია, თუმცა ციხის თანამშრომლების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.
„დეკემბრიდან გიორგი დავითაძის მიმართ იწყება სისტემატური, პერმანენტული ძალადობა, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური. სამ კვადრატულ მეტრ ოთახში მასზე ცხრა ადამიანი ძალადობს, რაც ჩვენებებში დეტალურად გვაქვს აღწერილი. ამოღებულია მისი საკნის ვიდეოჩანაწერებიც. კადრებში ჩანს, რომ საკნიდან მისი გაყვანისას სრულიად უწყინარი ვითარებაა, გეგმური ჩხრეკისა თუ შემოწმების დროს პატიმარი მშვიდად გამოდის გარეთ და ბადრაგს უფლებამოსილების შესრულებას აცდის. ამის შემდეგ იგი უკან ბრუნდება, ბადრაგის თანამშრომლები კი დერეფანში საუბრობენ, რის მერეც კვლავ აღებენ კარს, შედიან და პატიმარი ქვემოთ ჩაჰყავთ. საბადრაგო სამსახური თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა, რომელსაც გიორგი დავითაძე ძალადობისგან უნდა დაეცვა, თავად გვევლინება მოძალადედ“, – აცხადებს ადვოკატი „ტვ პირველთან“ საუბარში.
პენიტენციურ სამსახურის განცხადებით, გიორგი დავითაძეზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა.
მათივე განცხადებით, გიორგი დავითაძე სისტემატურად არღვევს პენიტენციური დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებსა და შინაგანაწესს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს დაწესებულების თანამშრომლებს, რის გამოც მას არაერთხელ დაეკისრა დისციპლინური სახდელი.
„ამავე მიზეზით, 2025 წლის 21 დეკემბერს დავითაძე მოთავსდა დაწესებულების დეესკალაციის საკანში და მისი ოჯახის განმარტებით, სწორედ ამ დროს განხორციელდა მსჯავრდებულზე ღირსების შემლახველი ქმედება, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, სრული სიცრუეა.
„აღსანიშნავია, რომ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანის და მისი იქ ყოფნის ამსახველი ჩანაწერები სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, კანონით დადგენილი წესით, გადასცა პროკურატურასა და სახალხო დამცველის ოფისს, 2025 წლის 29 დეკემბრის მოთხოვნის საფუძველზე.
მასალის დათვალიერების შედეგად, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულზე ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა.
ამასთან, რადგან აღნიშნული მსჯავრდებული გამოირჩევა პროვოკაციული ქმედებებით, 2026 წლის 3 მარტიდან პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, უწყვეტად მიმდინარეობს გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალის დაარქივება. საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, გაასაჯაროოს როგორც გამოძიების მიერ გამოთხოვილი, ასევე უკვე მიმდინარე წლის მარტიდან გაკეთებული ვიდეოჩანაწერები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
