საზოგადოება

“ოცნების” მსგავსად ორბანიც ომის კარტს ათამაშებდა უნგრეთში, თუმცა, ერთი განსხვავებით

26 სექტემბერი, 2024 •
“ოცნების” მსგავსად ორბანიც ომის კარტს ათამაშებდა უნგრეთში, თუმცა, ერთი განსხვავებით

წინასაარჩევნო აგიტაციისთვის საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში მიმდინარე ომის ინსტრუმენტალიზაციას ახდენს – ამომრჩეველს მშვიდობას ჰპირდება, ალტერნატივად კი უკრაინაში მიმდინარე ომის მსგავს სცენარს წარმოადგენს, თითქოს “ქართული ოპოზიციის” ან უკრაინის სურვილი იყოს რუსული ბომბები.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანიც წელს, ევროპარლამენტის, ორი წლის წინ კი, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების წინ, მოსახლეობას  მშვიდობასა და უსაფრთხოებას ჰპირდებოდა, ირიბად კი უკრაინის ომზე მიანიშნებდა.

თუმცა იყო ერთი განსხვავება,”ოცნებისგან” განსხვავებით ორბანს  თავის კამპანიაში არ გამოუყენებია უკრაინის ტრაგედიის ამსახველი ფოტომასალები.

რა ხდება?

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, თბილისის ქუჩებში გამოჩნდა საარჩევნო ბანერები, სადაც “ქართული ოცნება” ამომრჩეველს მშვიდობასა და ომს შორის არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

ბანერების ერთ მხარეს, ნაცრისფერ ფონზე, რუსეთის თავდასხმების შედეგად დანგრეული უკრაინის ქალაქები, ეკლესიები, საავადმყოფოები და თეატრებია ნაჩვენები, მეორე მხარეს კი, ფერადი კადრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა თუ შენობის ხედით. პარალელურად, მმართველმა პარტიამ გამოაქვეყნა იმავე შინაარსის ვიდეორგოლი.

ჰიპოთეზურ საფრთხეებზე აპელირება და ამ საფრთხეების თავიდან აცილების ერთადერთ გარანტად საკუთარი თავის წარმოჩენა ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი თვისებაა. განსაკუთრებით – წინასაარჩევნო პერიოდში.

განცხადებები იმის შესახებ, რომ გარკვეულ ძალებს ქვეყანაში ომის დაწყება სურთ; შეთქმულების თეორიები ე.წ. გლობალური ომის პარტიაზე, რომელიც თითქოს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევას ცდილობს; კონკურენტების დემონიზაცია და მათთვის ძალაუფლების განაწილების საქვეყნო საფრთხედ წარმოჩენა “ქართული ოცნების” მოგონილი წინასაარჩევნო სტრატეგია არაა. იმავე მეთოდებით ცდილობს უნგრეთში “ოცნების” მოკავშირე ვიქტორ ორბანი საზოგადოების მხარდაჭერის შენარჩუნებას.

ომსა და მშვიდობას შორის არჩევანს სთავაზობდა უნგრელ ხალხს ვიქტორ ორბანი 2022 წლის საპარლამენტო არჩევნებზე: “შეაჩერე ომი” ეწერა ბანერის ერთ მხარეს, რომლის ჩრდილშიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სახეები ჩანდა. “მშვიდობა” ეწერა ბანერის მეორე მხარეს, რომლის უკან ორბანის სახე იყო გამოსახული.

Tolsztoj: Háború és Béke illusztráció is lehetne
byu/WMickx inhungary

nbsp;

ამავე არჩევნებზე, მშვიდობისა და უსაფრთხოების დაპირების საპირწონედ, ორბანი მაშინ ჯერ კიდევ ახალდაწყებულ უკრაინის ომზე მიანიშნებდა.

“დავიცვათ უნგრეთის მშვიდობა და უსაფრთხოება” – ეწერა ფოტოზე, რომელსაც თან ერთოდა ორბანის ფოტო. ეს ფოტო, სავარაუდოდ, გადაღებულია უნგრეთ-უკრაინის საზღვარზე, სადაც ომის დაწყებიდან მალევე, 26 თებერვალს ჩავიდა.

ორბანი მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ პოტენციური ომისგან ქვეყნის დაცვა მას შეუძლია, ოპოზიციას კი – არა.

Photo: rtl.hu

ამავე წელს, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, პროსახელისუფლებო ორგანიზაცია “სამოქალაქო სოლიდარობის ფორუმმა” ჩაატარა ფართომასშტაბიანი აქცია – “მშვიდობის მარში” მოქმედი ხელისუფლების მხარდასაჭერად.

გარდა არჩევნებში ხელისუფლების მხარდაჭერისა, აქცია მხარს უჭერდა ბავშვთა დაცვის მოტივით შექმნილ კანონპროექტს, რომლის მისაღებად არჩევნების პარალელურად უნგრეთში რეფერენდუმიც ჩატარდა. კანონპროექტი ბავშვთა პედოფილიისა და ე.წ. ლგბტქ პროპაგანდისგან დაცვის მოტივით შეიქმნა. თუმცა, უფლებადამცველები საუბრობდნენ მის მსგავსებაზე რამდენიმე წლით ადრე რუსეთში მიღებულ კანონთან და აცხადებდნენ, რომ ის არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

სწორედ ბავშვთა დაცვის, ასევე ოჯახური ღირებულებების მხარდაჭერის მოტივით მიიღო “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნოდ კანონი, რომელიც სინამდვილეში ცენზურას აწესებს და არღვევს ადამიანის უფლებებს.

ლგბტქ თემის ინსტრუმენტალიზება და წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ თემად გამოყენება ვიქტორ ორბანმა, ისევე როგორც “ქართულმა ოცნებამ” მმართველობის 12 წლისთავზე, ხელისუფლებაში მეოთხედ მოსვლის სურვილის გახმიანების შემდეგ დაიწყეს.

პროსახელისუფლებო აქცია ბუდაპეშტში, 15.03.2022, EPA-EFE/Zsolt Czegled

ორბანმა “მშვიდობის მარში”  დააორგანიზა მიმდინარე წლის ივნისშიც, ევროპარლამენტის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. მთავრობამ, მათსავე მხარდამჭერ აქციაზე, ათასობით ადამიანი მთელი ქვეყნიდან შეკრიბა. ზუსტად ისე, როგორც “ქართულმა ოცნებამ” ჩამოიყვანა მოქალაქეები მთელი ქვეყნიდან დედაქალაქში 29 აპრილს, რუსული კანონის მხარდასაჭერად.

ორბანის ორგანიზებული აქციის სლოგანი იყო “არა ომს”. მან ევროპარლამენტის არჩევნებში გამარჯვება უკრაინაში მიმდინარე ომს დაუკავშირა და თქვა, რომ უკრაინის მხარდამჭერები “ომის მომხრენი” არიან. მან დაგმო ევროკავშირისა და NATO-ს მიდგომები ომთან დაკავშირებით.

“ქართული ოცნების” ორგანიზებულ აქციაზე პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმაც ომის საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც, მისი მტკიცებით, დასავლეთიდან ემუქრება ქვეყანას. ისაუბრა მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე, რომელიც, როგორც თავად განაცხადა, მხოლოდ არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვების შემთხვევაშია შესაძლებელი. ივანიშვილის სიტყვა მთლიანად დაფუძნებული იყო ე.წ. გლობალური ომის პარტიისგან მომავალ პოტენციურ საფრთხეებზე.

ქვეყნის გარეთ, დასავლეთში არსებული ჩრდილოვანი ძალებით მოსახლეობის დაშინება, რომლებიც ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევას ცდილობენ, არც ორბანისთვისაა უცხო. ადგილობრივი ანალიტიკოსების შეფასებით, ორბანი ამით ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემებისგან ყურადღების გადატანას ცდილობს.

ჩრდილოვანი ძალების სახედ, რომლითაც ორბანი მოსახლეობის დაშინებას ცდილობს, პერიოდულად წარმოაჩენს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, დასავლელ ლიდერებს და სხვა, მისთვის მიუღებელ პირებს. მაგალითად, 2022 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე უნგრეთში გამოჩნდა ბანერები, რომლებიც ოპოზიციონერ ლიდერებს “საშიშებად” მოიხსენიებდა.

ორბანის პარტიის სარეკლამო ბანერი 2022 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც მისი კონკურენტები “საშიშებად” არიან მოხსენიებულები (EPA/Zsolt Czegledi)

გასულ წელს უნგრეთში გამოჩნდა ბილბორდები, რომლებიც ქვეყნის საფრთხედ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, მასთან ერთად კი უნგრელ-ამერიკელი ბიზნესმენის, ჯორჯ სოროსის შვილს, ალექს სოროსს წარმოაჩენდა. ჯორჯ სოროსს ორბანის მთავრობა “გლობალისტური ელიტის” წევრად მოიხსენიებს, რომელსაც თითქოს უნგრეთის სუვერენიტეტში ჩარევა სურს.

“მოდი, არ ვიცეკვოთ მათ დაკრულზე” – ეწერა ბილბორდზე, რომლის ფოტოები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. ერთ-ერთი, ვინც ეს ფოტო გამოაქვეყნა, იყო ორბანის საერთაშორისო სპიკერი, ზოლტან კოვაჩი.

ვიქტორ ორბანი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან აქტიურად თანამშრომლობდა, როგორც მისი პრეზიდენტობის დროს, ისე მას შემდეგ. ისინი ერთმანეთს მეგობრებს უწოდებდნენ.

2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ის სააკაშვილს შეხვდა და მხარი დაუჭირა. არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მან გააკრიტიკა სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები საქართველოში. მას შემდეგ, რაც სააკაშვილი დააპატიმრეს, ორბანს მისი მხარდამჭერი განცხადებები აღარ გაუკეთებია.

მალევე ორბანმა მეგობრობა საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან დაიწყო. 2022 წელს ორბანმა და საქართველოს იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია გააფორმეს. ამ შეხვედრის შემდეგ ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ორბანის მთავრობისგან ძალიან ბევრი მაგალითი გადმოიღო. მათი პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა როგორც ქვეყნის შიდა რეფორმების, ისე საგარეო პოლიტიკის შესახებ. მათ შორის, უკრაინის ომთან დაკავშირებით.

“ქართულ ოცნებასა” და ორბანის “ფიდესს” სხვა ბევრი საერთო აქვთ – საწყის ეტაპზე ორივე იწონებდა თავს დასავლეთთან კარგი ურთიერთობითა და ევროატლანტიკური სიკეთეებით, ახლა ორივე პოზიციონირებს, როგორც კონსერვატიული იდეების მქონე პარტია; ორივე პარტია ღიად აკრიტიკებს, მათ შორის, დეზინფორმაციულ გზავნილებს ახმიანებს დასავლეთის მიმართ; არც ერთი მათგანი გამოირჩევა რუსეთის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებითა და დაინტერესებულია რუსეთში მიღებული პროპაგანდისტული და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის ჰარმონიზებით, ორივე პარტიას პრობლემები აქვს ევროპულ პოლიტიკურ ალიანსებთან – 2019 წელს ორბანის “ფიდესს” “ევროპის სახალხო პარტიის” წევრობა შეუჩერეს, “ქართულმა ოცნებამ” კი ევროპის სოციალისტური პარტია დატოვა, სანამ მას გარიცხავდნენ.

თუმცა უნგრეთსა და საქართველოს შორის არსებობს ერთი საკვანძო განსხვავება: უნგრეთი უკვე არის ნატოსა და ევროკავშირის წევრი და ევროპული გაერთიანებიდან მისი გარიცხვის მექანიზმი ჯერჯერობით არ არსებობს. საქართველო ევროკავშირის წევრი არაა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების განცხადების საფუძველზე უკვე ცნობილია, რომ მისი ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. მეტიც, ევროკავშირში სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში არც უკვე არსებული სიკეთეების გადახედვას გამორიცხავენ, ისეთის, როგორიც უვიზო მიმოსვლაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი