ახალი ამბები

საქართველო მოგვაგონებს უნგრეთს — გერმანელი პოლიტოლოგი

13 ივლისი, 2022 • 1470
საქართველო მოგვაგონებს უნგრეთს — გერმანელი პოლიტოლოგი

ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ოტო სუჰრის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ევროპული ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელი, პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი ტანია ბიორზელი მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაციის პროცესში უკრაინისა და მოლდოვისგან ჩამორჩენა შესაძლოა, საქართველოსთვის შესაძლებლობაც იყოს.

ბიორზელის აზრით, ეს ზრდის ევროკავშირის და ქართული საზოგადოების ზეწოლის ბერკეტებს საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ მან გაატაროს რეალური რეფორმები, ასევე — ოპოზიციაზე და მთელ პოლიტიკურ სპექტრზე, რომ ითანამშრომლონ ევროკავშირის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად.

„კვლევები აჩვენებს, რომ ევროკავშირის ზეგავლენა ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესზე ყველაზე ძლიერია მკაფიო პირობითობის შემთხვევაში. უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, საქართველოსთვის კი — ევროპული პერსპექტივის, დიდი ზეწოლის ქვეშ აქცევს საქართველოს ხელისუფლებას, ევროკავშირს კი აძლევს მნიშვნელოვან ბერკეტს, რომ გააძლიეროს ქართული საზოგადოება, რომელიც, თავის მხრივ, გაზრდის ზეწოლას საქართველოს მთავრობაზე, რომ საბოლოოდ გაატაროს რეფორმები, რომელზეც ბევრს საუბრობს და ცოტა ნაბიჯებს დგამს“, — განაცხადა ბიორზელმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიაზე „საქართველოს ევროპული პერსპექტივა: გამოცდილება დასავლეთ ბალკანეთიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან“.

ევროკავშირის აღმოსავლეთ გაფართოების გამოცდილება, ბიორზელის თქმით, აჩვენებს, რომ ევროკავშირს უდიდესი პოტენციალი აქვს, გააძლიეროს პროდემოკრატიული და პროევროპული ძალები.

„საქართველოს მოსახლეობის 80% ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას. მე მესმის, რომ ქართველი ხალხი ძალიან იმედგაცრუებულია ხელიდან გაშვებული შანსის გამო, მაგრამ კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში კანდიდატის სტატუსის დაპირება ნათელია. მიზეზი, თუ რატომ ვერ მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი და დანარჩენმა ორმა ქვეყანამ (უკრაინა და მოლდოვა) მიიღო, არ არის დაკავშირებული ეკონომიკასთან, რომელიც საკმაოდ ნორმალურია; არც ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობასთან. საქმე ეხება პოლიტიკურ კრიტერიუმებს. საქართველო უკუსვლას განიცდის დემოკრატიის და კანონის უზენაესობის გზაზე“, — ამბობს ბიორზელი.

ბიორზელის თქმით, სწორედ პოლიტიკური კრიტერიუმების რეგრესით აიხსენება ევროკავშირის გადაწყვეტილება, არ მიენიჭებინა საქართველოსთვის სტატუსი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ საქართველო უკვე აღარ განიხილება მოწინავედ აღმოსავლეთ ევროპაში რეფორმების გატარების თვალსაზრისით.

„საქართველო მოგვაგონებს უნგრეთს, რომელიც ასევე იყო მოწინავე და ახლა არის ლიდერი უკუსვლაში. ევროკავშირს არ სურს, გაიმეოროს ეს [გამოცდილება] და სურს დარწმუნდეს, რომ საქართველო პოლიტიკურ კრიტერიუმებს შეესაბამება“, — თქვა მან.

ტანია ბიორზელის შეფასებით, ევროკავშირმა ყველაფერი სწორად გააკეთა უნგრეთის ინტეგრაციის პროცესში, მის გაწევრიანემადე, თუმცა შეცდომა დაუშვა, როდესაც ჩათვალა, რომ დემოკრატიზაცია შეუქცევადი პროცესია.

უნგრეთი 2004 წელს გახდა ევროკავშირის წევრი. 2010 წლიდან, მეოთხე ვადით, ქვეყნის ხელისუფლებაშია ვიქტორ ორბანი და მისი პარტია Fidesz. უფლებადამცველი ჯგუფები და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ევროკავშირი და ევროპის საბჭო, უნგრეთის ხელისუფლებას აკრიტიკებენ მედიაზე და სასამართლოზე გაძლიერებული კონტროლის, მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის, არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვის, ლგბტ პირების და სხვათა უფლებების დარღვევების გამო.

Fidesz-ს 2019 წელს შეუჩერდა ევროპის მთავარი მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური ჯგუფის „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) წევრობა და საბოლოოდ დატოვა 2021 წელს.

დასავლური მედია ვიქტორ ორბანს არაერთგზის მოიხსენიებს ვლადიმერ პუტინის უახლოეს მოკავშირედ ევროკავშირში. თავად ამბობს, რომ „უნგრული პოლიტიკა” არც „უკრაინის მიმართ არის მეგობრული და არც რუსეთის მიმართ” — ის „მეგობრულია უნგრეთის მიმართ”.

უკრაინასთან დაძაბული ურთიერთობების მიუხედავად, ბუდაპეშტს ამ დრომდე არ დაუბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და არ შეწინააღმდეგებია ევროკავშირის სამხედრო და სხვა სახის დახმარებას კიევისადმი. თუმცა უარი თქვა, მაგალითად, უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღის ტრანზიტზე უნგრეთის გავლით. ამასთან, უნგრეთი არ ემხრობა რუსულ გაზზე სანქციების დაწესებას.

უნგრეთი მხარს უჭერდა უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ასევე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციას.

„უნგრეთს, რა თქმა უნდა, სურს, ბალკანეთის ყველა ქვეყანა რაც შეიძლება მალე შევიდეს ევროკავშირში, რადგან სურს, გააფართოოს ავტოკრატიული, არალიბერალური წევრების კლუბი“, — ამბობს ტობი ვოგელი, CEPS-ის მკვლევარი და დემოკრატიზაციის პოლიტიკის საბჭოს თანადამფუძნებელი.

ამ თემაზე:

განიხილეთ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება — ევროპარლამენტის რეზოლუცია

მასალების გადაბეჭდვის წესი