32 წლის გიორგი კვიცარიძეს, რომელმაც ქობულეთში პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა და გაასაჯაროვა, 17-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
ოფიციალურად ბრალი მას ნარკოდანაშაულში ჰქონდა წარდგენილი, თუმცა ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, რომ კვიცარიძეს ნარკოტიკი ჩაუდეს, სწორედ იმის გამო, რომ მან პოლიცია ამხილა.
საუბარია 2022 წელს ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე – პოლიციის შენობაში პოლიციელებმა მოქალაქეებს სცემეს. პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრები 2026 წლის 13 ივნისს გასაჯაროვდა „ნოდარ მელაძის შაბათში“. 2022 წელს მომხდარ ფაქტზე პროკურატურამ ამ 3 პოლიციელს ბრალი 2026 წლის თებერვალში წარუდგინა. მაგრამ გამოძიება დაიწყო არა წამების მუხლით, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებით.
ტვ პირველთან საუბრისას კვიცარიძის ადვოკატი და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას შემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებენ.
„გამოუტანეს 17 წელი, დავიღუპე, დაქცეული ვარ, არც სახლი მაქვს არაფერი. ქუჩაში, ნაქირავებში ვარ. რას მერჩოდნენ? ამ კადრების გულისთვის? დედაშენს იმაზე უარესს ვუზამთ, რაც მაგ კადრებშიაო. მე ხომ გავამჟღავნე, სიგარეტებს რომ აწვავენ ახალგაზრდა ბიჭებს, აშიშვლებენ. სასწაული კადრებია იქ. მაგრამ ის ხუთი კადრი, რომელიც გავრცელდა, მე მქონდა ტელეფონში. მოსამართლემ მაგისთანა კადრები თუ გაქვთ, თბილისში წაიღეო. გმადლობთ-მეთქი ვუთხარი, ასე მოვიქცევი-მეთქი“, — ამბობს ტვ პირველთან კვიცარიძის დედა.
ტელევიზიამდე კადრები სწორედ კვიცარიძის დედამ მიიტანა. მისი თქმით, უარესი ჩანაწერები აქვს შენახული. როგორც ცნობილია, გიორგი კვიცარიძემ შეაღწია პოლიციელების შიდა მიმოწერაში და ასე მოიპოვა წამების ტოლფასი და ღირსების შემლახველი მოპყრობის ამსახველი კადრები, რასაც პოლიციელები თავადვე იღებდნენ და ერთმანეთთან აზიარებდნენ.
