ხშირად გაგვიგია, რომ არჩევნები არა საარჩევნო ყუთთან, არამედ არჩევნების დღემდე ყალბდება. მართალია, წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველზე და შესაბამისად, არჩევნების შედეგზე ზეგავლენის მეტი ბერკეტი არსებობს, მაგრამ მანიპულაცია უშუალოდ საარჩევნო უბანზეცაა შესაძლებელი.
ე.წ. კარუსელი არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია, რომელსაც საქართველოს უახლეს ისტორიაში, არაერთ არჩევნებზე შევხვედრივართ. წელს პირველად, თითქმის სრულად “ელექტრონული არჩევნები” ჩატარდება – 3030 საარჩევნო უბნიდან 2262-ზე ამომრჩეველი ხმას ელექტრონული აპარატების გამოყენებით მისცემს. ვცადეთ გაგვერკვია, რამდენად აზღვევს ეს აპარატები “კარუსელის მეთოდით” გაყალბების რისკს.
პრაქტიკაში არსებობს ორი ტიპის კარუსელი:
- ტრადიციული, ანუ ამომრჩევლის კარუსელი
- ბიულეტენის კარუსელი
პირველი გულისხმობს ერთი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემას სხვადასხვა უბანზე. ამ კარუსელის დასატრიალებლად აქამდე საკმარისი იყო საუბნო საარჩევნო კომისიის მინიმუმ ორი წევრის – ნაკადის მომწესრიგებლისა და რეგისტრატორის მხარდაჭერა.
ნაკადის მომწესრიგებელი, შესვლისთანავე ამოწმებს, მარკირებულია თუ არა ამომრჩეველი. რაც შეეხება რეგისტრატორს, ის აქამდე ამოწმებდა ამომრჩევლის ვიზუალის შესაბამისობას მის მიერ წარდგენილ პიროვნების დამადასტურებელ დოკუმენტთან – პასპორტთან, ან პირადობის მოწმობასთან, შემდეგ კი სიაში, მისი სახელის გასწვრივ აწერინებდა ხელს და თავადაც ხელმოწერით ადასტურებდა ამომრჩევლის გამოცხადებას საარჩევნო უბანზე.
იმ შემთხვევაში, თუ ორივე გაფრთხილებული იქნებოდა ე.წ. კარუსელის შესახებ, ნაკადის მომწესრიგებელი ამომრჩევლის მარკირებულობას უგულებელყოფდა, რეგისტრატორი კი ხელს სხვა ადამიანის გასწვრივ მოაწერინებდა – მაგალითად, იმის, ვინც უცხოეთში იმყოფება, გარდაცვლილია, არასდროს მონაწილეობს არჩევნებში, ან სხვა რაიმე მიზეზით მისი უბანზე მოსვლა გამორიცხული, ან ნაკლებ სავარაუდოა.
26 ოქტომბრის არჩევნებზე მარკირება, როგორც დამზღვევი მექანიზმი, კვლავ იმოქმედებს. თუმცა, სამაგიდო სიებს საარჩევნო უბნების დაახლოებით 75%-ზე ვერიფიკაციის აპარატი ჩაანაცვლებს. რეგისტრატორი ამომრჩევლის მონაცემების სწორედ ამ აპარატში ჩატვირთული მონაცემებით შეამოწმებს.
ცესკო-ში განმარტავენ, რომ ეს აპარატები ინტერნეტთან არ არის შეერთებული და მხოლოდ იმავე უბანზე განთავსებულ სხვა აპარატთანაა სინქრონიზებული შიდა ქსელით [ერთ უბანზე, მისი სიდიდის მიხედვით, დაგვხვდება 2, 3, 4 ან 5 ვერიფიკაციის აპარატი]. გარდა ამისა, კონკრეტულ უბანზე არსებულ ვერიფიკაციის აპარატში, მხოლოდ იმ უბნის ამომრჩეველთა სია იქნება ჩატვირთული. შესაბამისად, ამომრჩეველს, რომელიც იმ უბნის სიაში არ არის, ვერიფიკაციის აპარატი არ დაარეგისტრირებს.
“ორმაგი ვერიფკაცია შეუძლებელია. მე რომ მეორედ გამოვცხადდე საარჩევნო უბანზე, ვერიფიკაციის აპარატი გამოსცემს საკმაოდ მაღალს ხმას; გადასატანი საარჩევნო ყუთით ვინც უნდა მისცეს ხმა და უბანზე გამოცხდდება, მაგ შემთხვევაშიც გამოსცემს ხმას; თუ მივა ამომრჩევლი, რომელიც არ არის იმ უბანზე რეგისტრირებული, ასევე გამოსცემს ხმას. საკმაოდ მაღალი სიგნალი აქვს ვერიფიკაციის აპარატს – მთელ უბანზე კი არა, შეიძლება მთელ შენობაში ისმოდეს. ამიტომ, შეუძლებელი იქნება არჩევნებში მონაწილეობა ორჯერ, სამჯერ და ა.შ”, – განმარტავს ცესკოს პრეს-სპიკერი, ნათია იოსელიანი.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი კონკრეტულ უბანზე სხვისი – ანუ იმ ამომრჩევლის პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტით მივიდა, რომელიც იმ უბანზეა რეგისტრირებული? ვერიფიკაციის აპარატი შეამოწმებს წარდგენილი დოკუმენტის შესაბამისობას მასში ჩატვირთულ მონაცემებთან და იგივეობას დაადასტურებს.
სწორედ აქ ერთვება საქმეში რეგისტრატორი კომისიის წევრი, რომელმაც უნდა შეამოწმოს მის წინ მდგარი ამომრჩევლის ვიზუალის შესაბამისობა წარდგენილ დოკუმენტზე, ასევე ვერიფიკაციის აპარატზე გამოსახული ფოტოსურათთან. თუ ის წინასწარ იქნება გაფრთხილებული ე.წ. კარუსელის შესახებ და არაკეთილსინდისიერად მოიქცევა, ამომრჩეველს რეგისტრაციის და არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მისცემს.
ცესკო-ს წევრი ოპოზიციის კვოტით, გიორგი სიორიძე ამბობს, რომ ამ გამოწვევას, რომელიც არჩევნების ტრადიციულ წესით ჩატარების დროსაც არსებობდა, ტექნოლოგიები ვერ აზღვევს. ამიტომ, ის გამოსავალს დამკვირვებლების აქტიურ მუშაობაში ხედავს.
“ასეთ შემთხვევას აქვს თავისი დამზღვევი მექანიზმები. პირველ რიგში, ეს არის იქ მყოფი სადამვკირვებლო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების, საერთაშორისო დამკვირვებლების პასუხისმგებლობა. მათ აქვთ უფლება, დააკვირდნენ, მართლა არის თუ არა ამომრჩეველი ის, ვინც გამოისახა ვერიფიკაციის აპარატის ეკრანზე.
ეს სურათები ადრე იყო სამაგიდო სიებში, თუმცა ის იმდენად პატარა ზომის იყო, რომ პრაქტიკულად, არაეფექტური იყო მათი არსებობა. გამადიდებელი შუშა იყო საჭირო, რათა იგივეობა დაგვედგინა. ახლა ეს გაუმჯობესებულია, იმიტომ, რომ ეკრანზე გამოდის გაცილებით უფრო კარგი რეზოლუციის, დიდი ფორმატის სურათი და ყველა იქ მყოფ პირს შეუძლია დააკვირდეს, მართლა ის ამომრჩეველია თუ არა, რომლის პირადობის მოწმობაც აღიქვა ამ აპარატმა”, – განმარტავს სორიძე.
წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გახსნამდე ერთი კვირით ადრე დისკუსიის საგანი გახდა ცესკოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის მოვალეობები განაწილდება არა კენჭისყრის დღეს, როგორც ეს აქამდე იყო, არამედ ერთი კვირით ადრე. სიორიძე ცვლილებას ეწინააღმდეგება. ის ფიქრობს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ერთი კვირით ადრე ეცოდინება ამ ადამიანების ვინაობა, ვისაც არჩევნების დღეს კონკრეტული, მმართველი პარტიისთვის საინტერესო ფუნქციების შესრულება მოუწევს. შესაბამისად, ხელისუფლებას მათზე ზეწოლისა და ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა ექნება. კოალიციამ “ძლიერი საქართველო”, რომლის წევრიც არის სიორიძე დადგენილება ჯერ საქალაქო, შემდეგ კი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ორივე ინსტანციის სასამართლომ ცესკო-ს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
გიორგი სიორიძე ყურადღებას ამახვილებს საარჩევნო სიების სწორად ორგანიზებაზეც. იმისათვის, რომ ვერიფიკაციის აპარატებში მხოლოდ იმ უბნისთვის განსაზღვრული ზუსტი სია ჩაიტვირთოს, საჭიროა საარჩევნო სიები უბნების შესაბამისად დროულად გადამოწმდეს. სიორიძე ამ პროცესშიც პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლს ხედავს.
“თეორიულად რომ დავუშვათ, რომ კონკრეტული ამომრჩეველი ორი ან მეტი სხვადასხვა უბნის სიაში იყოს, პოლიტიკურ პარტიებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა შეამოწმონ ეს სიები არამხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ არჩევნების დღემდეც. კანონმდებლობით გათვალისიწნებულია, რომ ეს სიები პარტიების და სადამკვირვებლო მისიებს გადაეცემათ. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მათ აქვთ დიდი სამუშაო და შესაძლებლობაც, რომ სიები გადაამოწმონ. გარდა ამისა, დოკუმენტები ამოიბეჭდება და გამოიკვრება უბნის შესასვლელი კედლის სიის სახით”, – ამბობს სიორიძე.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გამორჩეულია იმითაც, რომ მოქალაქეები, ხმების დასაცავად, მოხალისე დამკვირვებლობის სურვილს გამოთქვამენ. ამისთვის უკვე შეიქმნა ორი ფეისბუქჯგუფი – დაიცავი და დააკვირდი. გარდა ამისა, დამკვირვებლობის მსურველების გადამზადების მზაობას გამოთქვამენ პროფილური არასამთავრობო ორგანიზაციები. მაგალითად, “სამართლიანი არჩევნები” და “ღია სივრცე კავკასია”.
რაც შეეხება ე.წ. ბიულეტენის კარუსელს, ამ შემთხვევაში ერთი ამომრჩეველი კი არ ხვდება სხვადასხვა უბანზე, არამედ – ბიულეტენი. ამ შემთხვევაში საჭირო არ არის კომისიის წევრებთან შეთანხმება და მისი გამოვლენაც უფრო რთულია.
არჩევნების ტრადიციული წესით ჩატარების დროს, წინასწარ გადაბირებული, ან დაშინებული ამომრჩეველი იღებს ბიულეტენებს, შედის ხმის მისაცემ კაბინაში, თუმცა ერთ ცარიელ ბიულეტენს მალულად ინახავს და გარეთ გააქვს. ეს ცარიელი ბიულეტენი მას მიაქვს კონკრეტული პარტიის კოორდინატორთან, ვინც ხელმძღვანელობს კარუსელს. კოორდინატორი შემოხაზავს მისი პარტიის საარჩევნო ნომერს და გადასცემს შემდეგ ამომრჩეველს, რომელიც მოქმედების იგივე ციკლს იმეორებს.
ახლა, როცა არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება, ამგვარ კარუსელის დატრიალება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. გიორგი სიორიძე განმარტავს, შეცვლილია როგორც ბიულეტენზე შენი ხმის დაფიქსირების წესი – გაფერადება შემოხაზვის ნაცვლად – ისე, ბიულეტენის ზომა და ფაქტურა, რის გამოც მისი დატრიალება ვერ უნდა მოხერხდეს.
“[ახალი] ბიულეტენი არის უფრო დიდი ზომის, უფრო მეტი სისქისაა. იმისთვის, რომ ადამიანმა გამოიტანოს ბიულეტენი, მას ძალაუნებურად მოუწევს მისი გაკეცვა. ამ შემთხვევაში, დაზიანდება ბიულეტენის დამცავი ველი და გაკეცილ, ანუ დაზიანებულ ბიულეტენს აპარატი აღარ მიიღებს”, – ამბობს სიორიძე.
მისი თქმით, ვერანაირი ტექნოლოგია აპრიორი ვერ უზრუნველყოფს 100%-ით სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, თუმცა “ჩვენ გვაქვს არსებულთაგან ყველაზე უსაფრთხო ვერსია”.
ელექტრონული არჩევნებს მინიმუმამდე დაჰყავს ხმის ფარულობის დარღვევის რისკებიც. თუ ვინმე გეუბნებათ, რომ ელექტრონული აპარატების პირობებში ადვილად გაიგებს, ვის მიეცით ხმა, იცოდეთ, რომ ეს ტყუილია. თუ რატომ, ამას დეტალურად ვხსნით შემდეგ სტატიაში – ელექტრონული აპარატების პირობებშიც ვერავინ გაიგებს, ვის მიეცით ხმა. აი, რატომ!