საზოგადოება

ელექტრონული აპარატების პირობებშიც ვერავინ გაიგებს, ვის მიეცით ხმა. აი, რატომ!

9 აგვისტო, 2024 •
ელექტრონული აპარატების პირობებშიც ვერავინ გაიგებს, ვის მიეცით ხმა. აი, რატომ!

26 ოქტომბერს საქართველოში თითქმის სრულად ელექტრონული არჩევნები ჩატარდება – ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული აპარატების გამოყენებით მისცემს.

როგორც რეგისტრაცია, ისე ხმის დათვლის პროცესი და შედეგების გადაგზავნა უბნიდან ცესკომდე სწორედ ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით იქნება შესაძლებელი.

თუ ვინმე გეუბნებათ, რომ ელექტრონული აპარატების პირობებში ადვილად გაიგებს, ვის მიეცით ხმა, იცოდეთ, რომ ეს ტყუილია და ამ სტატიაში ვხსნით, რატომ.

რა ელექტრონული მოწყობილობები დაგვხვდება საარჩევნო უბანზე?

საარჩევნო უბანზე რამდენიმე ელექტრონული აპარატი დაგვხვდება.

პირველი ელექტრონული მოწყობილობა, რომელთანაც ამომრჩეველს შეხება ექნება, ვერიფიკაციის აპარატია. მარკირების გავლისა და რიგის მომწესრიგებლისთვის პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარდგენის შემდეგ სწორედ ვერიფიკაციის აპარატით გადამოწმდება ჩვენი მონაცემები. საუბარია იმ მონაცემებზე, რომლებიც ტრადიციული წესით არჩევნების ჩატარებისას ე.წ. სამაგიდო სიებზე მოწმდებოდა: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, სქესი, პირადი ნომერი, ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი, ფოტო და რიგითი ნომერი საარჩევნო სიაში.

“სმარტმატიკის” ვერიფიკაციის აპარატი / ცესკო

ცესკო-ში აცხადებენ, რომ ვერიფიკაციის აპარატი არ არის დაკავშირებული არც ინტერნეტთან და არც ხმის დათვლის აპარატთან. შესაბამისად, გამორიცხულია ამომრჩევლის მონაცემების რამენაირი დაკავშირება მის მიერ მიცემულ ხმასთან.

ეს იმას ნიშნავს, რომ აპარატის მეშვეობით ვერავინ გაიგებს, ვის მივეცით ხმა.

ხმის მიცემის, ანუ ბიულეტენზე ჩვენთვის სასურველი კანდიდატის გასწვრივ წრის გაფერადების (და არა შემოხაზვის) შემდეგ მას დაუკეცავად მოვათავსებთ სპეციალურ ჩარჩო-ფორმაში და შევაცურებთ ხმის მიცემისა და დათვლის აპარატში. ეს აპარატი, ვერიფიკაციის აპარატის მსგავსად, არ არის დაკავშირებული ინტერნეტთან. მისი ოპტიკური სკანერი აიდენტიფიცირებს, რომელი საარჩევნო სუბიექტის გასწვრივ არის გაფერადებული წრე. გარდა ამისა, ითვლის ამომრჩეველთა რაოდენობას და გამოარჩევს ბათილ ბიულეტენებს.

“ეს არის ოპტიკური სკანერი. მარტივად რომ ვთქვათ, მას აქვს ბრძანება მიცემული, რომ განსაზღვროს, რომელი სუბიექტის წინ არის გაფერადებული წრე. სხვას ვერაფერს ვერ ხედავს ეს აპარატი. ასევე, ითვლის ამომრჩევლების რაოდენობას, მაგრამ ვერ აკავშირებს კონკრეტულ ამომრჩეველს ბიულეტენთან, გამომდინარე იქიდან, რომ მას არ აქვს კავშირი ვერიფიკაციის აპარატთან”, – აცხადებს ცესკო-ს პრესსპიკერი.

იმისათვის, რომ ხმის მთვლელმა აპარატმა შეძლოს ბიულეტენზე გაფერადებული წრის აღქმა, საჭიროა ამომრჩეველმა ბიულეტენი ამოატრიალოს და ისე შეაცუროს აპარატში.

“როგორც ბანკომატში შეგვაქვს ფული, ისე ვათავსებთ ჭრილში ბიულეტენს და აპარატს მიაქვს ავტომატურად. როდესაც შეიტანს ამ ბიულეტენს, ეკრანზე იწერება, რომ ხდება მონაცემების დამუშავება. ამომრჩეველი ვალდებულია, რომ ამ პროცესს უყუროს. ზუსტად ერთ წამში გაიგებს ხმას, როგორ ჩავარდა ბიულეტენი ყუთში. ეკრანზე ჩნდება წარწერა, რომ თქვენი ხმა არის მიღებული. ამის შემდეგ ამომრჩეველი ტოვებს საარჩევნო უბანს”, – გვიხსნის ნათია იოსელიანი.

“სმარტმატიკის” ხმის მიცემისა და ხმის დათვლის ოპტიკური სკანერი / ცესკო

კენჭისყრის დასრულების შემდეგ ღილაკზე ერთი თითის დაჭერით ამოიბეჭდება წინასწარი შედეგების ამონაწერი. იურიდიული ძალის მქონე შემაჯამებელი ოქმი მხოლოდ მას შემდეგ შედგება, რაც ელექტრონული აპარატის მიერ დათვლილი წინასწარი მონაცემები ტრადიციული – ხელით დათვლის მეთოდით გადამოწმდება.

ერთადერთი მოწყობილობა, რომელიც ინტერნეტთან არის დაკავშირებული, არის პლანშეტი, რომლითაც შედეგები უბნიდან ცესკოში გაიგზავნება. საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს პლანშეტიც დაცულ ქსელში იქნება ჩართული და მას კავშირი მხოლოდ ცესკოს სერვერთან ექნება.

როგორ შეირჩა ელექტრონული აპარატები 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის?

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციას ელექტრონული აპარატებითა და შესაბამისი პროგრამებით კომპანია “სმარტმატიკი” უზრუნველყოფს. ეს არის ამერიკული კიბერუსაფრთხოების კომპანია, რომელიც 2000 წელს ფლორიდაში დაფუძნდა. კომპანიის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ შექმნიდან დღემდე  5 კონტინენტზე, ათობით ქვეყანაში, 5 მილიარდზე მეტი საარჩევნო ხმა დაამუშავეს.

“სმარტმატიკის” ტექნოლოგიური და პროგრამული მხარდაჭერით ტარდება არჩევნები აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ნორვეგიაში, ესტონეთში, იტალიაში და სხვა ქვეყნებში. სწორედ ამ კომპანიის მხარდაჭერით ჩატარდა 2021 წლის მერის არჩევნები ლონდონში, 2019 წლის ფედერალური არჩევნები ბელგიაში, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერიზი აშშ-ში და სხვა.

ნათია იოსლეიანი / ცესკო

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, “სმარტმატიკმა” 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის უფლება 2023 წლის 20 ივლისს მოიპოვა – მას შემდეგ, რაც გაიმარჯვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში.

თუმცა ამ კომპანიას საქართველოს საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობის გამოცდილება 2021 წლიდან აქვს. სწორედ “სმარტმატიკის” მხარდაჭერით ჩატარდა საქართველოში 2023 წლის 29 აპრილისა და  პირველი ოქტომბრის რიგგარეშე/შუალედური არჩევნები.

უკანასკნელ, 2023 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებზე ცესკომ მოიწვია საერთაშორისო აუდიტორული კომპანია “Pro V&V”. ეს არის ამერიკაში დაფუძნებული საერთაშორისო კომპანია, რომელსაც მსოფლიოს არაერთი ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების აუდიტის გამოცდილება აქვს. ცესკო-ში განმარტავენ, რომ ამ კომპანიაზე არჩევანი ბაზრის კვლევის შედეგად შეარჩიეს.

Pro V&V-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში ხმის ფარულობის შესახებ წერია, რომ “ტექნიკურად შეუძლებელია [ამომრჩევლის] პერსონალური მონაცემების დამუშავება და იმის დადგენა, თუ რომელი კანდიდატი აირჩია კონკრეტულმა ამომრჩეველმა. სისტემა შექმნილია იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს რაიმე კავშირი ხმებსა და ამომრჩევლებს შორის. ამასთან, დათვლის ფაზაში ამომრჩეველთა თანმიმდევრობის დაცვა არ უწყობს ხელს მათ იდენტიფიცირებას […]

ბიულეტენი არ არის სერიული ან ჩაწერილი ისე, რომ შესაძლებელი იყოს კონკრეტული ბიულეტენის კონკრეტულ ამომრჩეველთან ასოცირება […] ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა თავს იკავებს მონაწილე ამომრჩევლებთან დაკავშირებული ნებისმიერი იდენტიფიცირებული ინფორმაციის დამუშავებისგან”.

“ეს აუდიტორიული კომპანია ჩვენი ინიციატივით მოვიწვიეთ. ეს არ ყოფილა საკანონმდებლო დათქმა და ვალდებულება ცენტრალური საარჩევნო კომპანიის. მაგრამ ჩვენ თვითონ გვინდოდა, რომ ეს ვნებათაღელვა, რომელიც არსებობს, ასეთი აუდიტორული კომპანიის დასკვნის საფუძველზე გაგვექარწყლებინა”, – ამბობს ცესკო-ს პრესსპიკერი.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) სამართლებრივი ექსპერტი, გიორგი მონიავა ამბობს, რომ გამორიცხულია ხმის მიცემის პრინციპი დაირღვეს. მისი თქმით, იმის მტკიცება, რომ ვიღაცები მაინც გაიგებენ, კონკრეტულმა ამომრჩეველმა ვის მისცა ხმა, არის ტყუილი და ამომრჩეველზე ზეწოლის მექანიზმი.

გიორგი მონიავა / ISFED

“ხმის ფარულობა გარანტირებულია. გარდა იმისა, რომ ამის გარანტია კონსტიტუცია და საარჩევნო კანონმდებლობა, რეალურადაც, ბიულეტენი არ შეიცავს არანაირ ისეთ ინფორმაციას, რომლითაც მისი დაკავშირება შეიძლება ამომრჩეველთან. ასევე, აპარატი არ იძლევა საშუალებას, რომ მასში მოთავსებული ბიულეტენი დააკავშიროს რომელიმე კონკრეტულ მრჩეველთან. ასეთი რამე შეუძლებელია თეორიულადაც და შეუსრულებელია პრაქტიკულადაც.
 
საუბრები იმაზე, რომ “მაინც გავიგებ, ვის მიეცი ხმა”, არის ამომრჩეველზე ზეწოლის ერთ-ერთი მექანიზმი. ამას იყენებდნენ ტრადიციული წესით არჩევნების ჩატარების დროსაც წარსულში და გამოიყენებენ ახლაც. მაგრამ ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ ვინ როგორც არ უნდა დაემუქროს და როგორც არ უნდა სცადონ დააჯერონ, რომ გაიგებენ, ვის მისცა ხმა, ეს არის ტყუილი. თუ თვითონ არ გაამჟღავნებს, ვერავინ გაიგებს, ვის მისცა ხმა. და მას უფლება აქვს, ეს ინფორმაცია არ გაამჟღავნოს”, – ამბობს გიორგი მონიავა.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 3030 საარჩევნო უბნიდან 2262-ზე არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი