თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ცესკოს 16 აგვისტოს სადავო დადგენილება, რომლის მიხედვითაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის უფლებამოსილების გასანაწილებლად წილისყრა არა კენჭისყრის დღეს, როგორც ეს მანამდე ხდებოდა, არამედ 1 კვირით ადრე გაიმართება.
ცესკოს აღნიშნული დადგენილება სასამართლოში ოპოზიციურმა კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ გაასაჩივრა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი პარტიული ნიშნით გიორგი სიორიძე აცხადებდა, რომ ცვლილება შესაძლებლობას მისცემდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, კენჭისყრის დღემდე ერთი კვირით ადრე სცოდნოდა ამა თუ იმ საკვანძო უფლებამოსილებაზე პასუხისმგებელი პირების ვინაობა, რაც ხელისუფლებას მათზე ზეწოლის ბერკეტს აძლევდა.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც“. როგორც საიას ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე ამბობს, ორგანიზაციის მოსაზრებით, ცესკოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი ვადების შეცვლა შეუძლია გამონაკლისის სახით მხოლოდ მაშინ, როდესაც კანონით დადგენილ ვადაში შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ცესკოს საარჩევნო კოდექსით არ აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, დადგენილებით შეცვალოს ვადები იმ პირობებში, როდესაც შეუძლებელი არ გამხდარა წილისყრის პროცედურების ჩატარება კენჭისყრის დღეს:
„არსებითად მნიშვნელოვანია, რომ წილისყრის პროცედურის არჩევნების დღეს ჩატარება არ უკავშირდება საკითხის მხოლოდ ლოჯისტიკურ გადაწყვეტას. ის, მათ შორის უზრუნველყოფა გამჭვირვალობის პრინციპების დაცვა, ზრდის საარჩევნო პროცესებისადმი ნდობას და აზღვევს კომისიის ცალკეული წევრების მიმართ შესაძლო დაშინების და ზეწოლის შემთხვევებს“ ,— ამბობს ნონა ქურდოვანიძე.
საიას თავმჯდომარის თქმით, ეს ცვლილება ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისათვის არსებითად აუარესებს არჩევნებზე დაკვირვების პროცესს.
ქურდოვანიძე აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ მტკიცდება ის, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე საარჩევნო დავებს აზრი ეკარგება:
„ბოლო წლების პრაქტიკის მიხედვით, საგრძნობლად დაბალია სასამართლო სისტემაში განხილული საარჩევნო დავების დაკმაყოფილების მაჩვენებელი. მაგალითად, ცესკოს საარჩევნო დავების ელექტრონული ბაზის მიხედვით, 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე (როგორც პირველ, ისე მეორე ტურზე, ჯამურად) სასამართლომ განიხილა 113 საქმე. აქედან დაკმაყოფილდა/ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მხოლოდ 16%. ნაწილობრივ დაკმაყოფილებული ან დაკმაყოფილებული საქმეებიდან არსებითი ხასიათის არცერთი არ იყო“, — აღნიშნავს ქურდოვანიძე.
ცესკოს დადგენილებაში, რომელიც 16 აგვისტოთი თარიღდება, ნათქვამია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებს შორის ფუნქციებს არაუგვიანეს 19 ოქტომბრისა გაანაწილებს. სწორედ არჩევნებამდე არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე გამოვლინდება, თუ რომელ უბანზე ვინ იქნება ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი, ამომრჩეველთა რეგისტრატორი, გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები და საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი.
აღნიშნული პროცედურა ამ დრომდე უშუალოდ კენჭისყრის დილას წილისყრით ტარდებოდა. დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ კომისიის ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი) არ იღებენ მონაწილეობას კომისიის წევრებს შორის ფუნქციების განაწილების პროცესში.
ამ თემაზე წაიკითხეთ: ცესკომ საუბნო კომისიის წევრთა შორის ფუნქციების განაწილების წესი შეცვალა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ კენჭისყრის დილის პროცედურები გარკვეულ დროს მოითხოვს და მნიშვნელოვანია, რომ უბანი მომზადებული შეხვდეს პირველ ამომრჩეველს:
„წელს პირველად საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება იმგვარად, რომ 90% ამომრჩევლების შემთხვევაში გამოყენებული იქნება ელექტრონული ტექნოლოგიები. წილისყრის გარკვეული პროცედურები ელექტრონულ უბნებთან დაკავშირებით ისედაც კენჭისყრის დღემდე მეშვიდე დღეს გაიმართებოდა.
ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებით, წილისყრის ყველა პროცედურა, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გამოვლენას შეეხება, გაიმართება კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეშვიდე დღისა. მათ შორის იმ უბნებში, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით გაიმართება და იმ უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართება.
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო ერთგვაროვანი პრინციპის უზრუნველყოფა, რომ როგორც ტექნოლოგიურ საარჩევნო უბნებზე, ასევე ტრადიციულ უბნებზე წილისყრა განხორციელებულიყო ერთგვაროვნად. მეორე მხრივ, მთლიანად ტექნოლოგიურ უბნებზე წილისყრის არაუგვიანეს მეშვიდე დღეს გამართვა ხელს შეუწყობს საარჩევნო უბნის მომზადებას იმიტომ, რომ დილის პროცედურები გარკვეულ დროს მოითხოვს და მნიშვნელოვანია უბანი მომზადებული შეხვდეს პირველ ამომრჩეველს“, — აღნიშნავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების პოზიციას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი აცხადებს, რომ ცვლილებები მანიპულაციისთვის სივრცეს არ ტოვებს, ვინაიდან, მისი თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ვინაობა ისედაც ცნობილია და წილისყრის პროცედურის კენჭისყრის დღემდე ერთი კვირით ადრე გადმოტანა არსებითად გარემოს ვერ შეცვლის.