საზოგადოება

ჟიჟეკი: მიეცით უკრაინას თუნდაც ბირთვული იარაღი

19 მარტი, 2024 • 6896
ჟიჟეკი: მიეცით უკრაინას თუნდაც ბირთვული იარაღი

ფილოსოფოსი სლავოი ჟიჟეკი დასავლეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს ორაზროვანი თამაში, როდესაც უკრაინას არასაკმარისად ეხმარება, და ყველაფერი გააკეთოს რუსეთის შესაჩერებლად.

ჟურნალისტ პირს მორგანთან ინტერვიუში ჟიჟეკმა თქვა, რომ რუსეთის იმპერიალისტური ექსპანსია არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით და ის დაიწყო უფრო ადრე, საქართველოსა და მოლდოვაში.

ჟიჟეკის შეფასებით, დღეს რუსეთი ყველაზე ფანატიკოსი რელიგიური  და ფუნდამენტალისტური სახელმწიფოა, ამ სიტყვების ცუდი გაგებით.

„რუსეთი ღიად ამბობს, რომ ის იმპერიული ექსპანსიონისტური სახელმწიფოა და ვფიქრობ, რაც უფრო დიდხანს მოვუთმენთ, მით უფრო საშინელი იქნება საბოლოო დაპირისპირება. ვკითხულობ რუსულ მედიას, ისინი სრულად უბრუნდებიან რელიგიურ ფუნდამენტალიზმს, წარმოაჩენენ ომს უკრაინაში, როგორც ქრისტიანული ცივილიზაციის ომს დემონური სატანიზმის წინააღმდეგ”, – ამბობს ჟიჟეკი და დასძენს, რომ რუსეთი უპირობოდ უნდა შეაჩერონ.

“დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს ეს ორაზროვანი თამაში, როცა ცდილობს უკრაინას მხარი დაუჭიროს, მაგრამ არც ზედმეტად, რომ რუსეთი ძალიან არ გააღიზიანოს და ჩვენი ცხოვრების დონე ძალიან არ დავაზარალოთ. ჩვენ,  ევროპა, ვართ საგანგებო მდგომარეობაში“, — განაცხადა სლავოი ჟიჟეკმა.

ფილოსოფოსმა, რომელიც თავს „ზომიერად კონსერვატიულ კომუნისტს“ უწოდებს, გააკრიტიკა მემარცხენეებიც:

„ნუ უსმენთ, რას ამბობენ რუსეთი, მისი ოფიციალური მედია, პუტინი და ჩემი ზოგიერთი შეშლილი მემარცხენე მეგობარი, როცა ამტკიცებენ, რომ რუსეთი ნატოს საწინააღმდეგო ძალაა, ამიტომ კარგი უნდა იყოს. ნახეთ, ვის უჭერს მხარს რუსეთი დასავლეთ ევროპაში — მხოლოდ რადიკალ მემარჯვენეებს“, — თქვა მან.

„პუტინი არ არის მემარცხენე. ის ბნელი კონსერვატორი რელიგიური ფანატიკოსია. ამიტომაც, ხალხის პროვოცირებისთვის, როგორც მოგეხსენებათ, ვთქვი: მიეცით თუნდაც ბირთვული იარაღი უკრაინას. როგორც მემარცხენე ვამბობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, — განაცხადა ჟიჟეკმა პირს მორგანთან ინტერვიუში.

ჟიჟეკი შეცდომად მიიჩნევს უკრაინის მიერ ბირთვული იარაღის დათმობას და ამბობს, რომ მაშინ მეტი წინდახედულობა უნდა გამოეჩინათ.

უკრაინამ თავისი ბირთვული არსენალი დათმო 1994 წელს, როცა ბუდაპეშტის მემორანდუმით უსაფრთხოების გარანტიების შესახებ უკრაინა მიუერთდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას. მემორანდუმის მხარეებმა — შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და ბრიტანეთმა — აიღეს ვალდებულება „პატივი სცენ უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და არსებულ საზღვრებს“ და „თავი შეიკავონ ქვეყნის წინააღმდეგ მუქარისგან ან ძალის გამოყენებისგან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი