სამხრეთ კავკასიის ამბები

როგორ ქრება ქართული ენა გალის სკოლებში – რეპორტაჟი

20 თებერვალი, 2024 • 2038
როგორ ქრება ქართული ენა გალის სკოლებში – რეპორტაჟი

როდესაც გალის რომელიმე სკოლაში აფხაზურის გაკვეთილი ცდება, მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც შეთანხმებული არიან, რომ ქართულის გაკვეთილი ჩატარდეს, რაც თუნდაც მცირე შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, ქართული ენის სწავლებისთვის გამოყოფილზე ოდნავ მეტი დრო ჰქონდეთ.

ყოველ ახალ სასწავლო წელს გალში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი საფიქრალი უჩნდებათ – წელსაც ამცირებენ თუ არა ქართულის საათებს?

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში გალში ქართული ენის რეპრესირება რუსული ენის პრიორიტეტად გამოცხადებსთანაა დაკავშირებული.

2021 წელს, აფხაზეთის დე ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება სრულად აიკრძალა. თუმცა ჯერ კიდევ 2015-2016 სასწავლო წლიდან გალის ქვედა ზონაში, პირველიდან მეოთხე კლასამდე, რუსულ ენაზე სწავლება დაწესდა, რაც ასევე გულისხმობდა ყოველი მომდევნო პირველი კლასებისთვის რუსულ ენაზე სწავლის დაწყებას.

წლიდან წლამდე გალში თვალშისაცემი ხდება ქართული ენის რეპრესირების ტენდენცია, რაც რუსული ენის პრიორიტეტად გამოცხადებასთანაა დაკავშირებული: ქართული ენა ჯერ უცხო ენად გამოაცხადეს, შემდეგ კი მისი სწავლება კვირაში 2 საათამდე დაიყვანეს. მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასალის შესწავლას ორ საათში ვერ ასწრებენ, რაც საბოლოოდ პრობლემას უქმნის იმ მოსწავლეებსაც, ვისაც სწავლის გაგრძელება თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე სურს.

რა ხდება დღეს გალის სკოლებში?

16 წლის ლ.რ. გალის რაიონის ერთ-ერთი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეა. იგი მესამე კლასამდე ქართულ ენაზე იღებდა განათლებას, შემდეგ კი მისი სკოლაც რუსულენოვანი სწავლების მოდელზე გადავიდა. ახლა მის სკოლაშიც ქართულ ენასა და ლიტერატურას მხოლოდ და მხოლოდ ორი საათი ეთმობა

“საერთოდ არ გვყოფნის ეს დრო. მასწავლებელი ახერხებს ხოლმე, როდესაც სხვა გაკვეთილები გვიცდება, ჩავანაცვლოთ და ქართული ჩავატაროთ, მაგრამ ესეც არაა საკმარისი. აბიტურიენტები ვართ და გვიწევს, ცალკე ვიაროთ, თანხა ვიხადოთ ამ ყველაფერში, რადგან ვერ ვახერხებთ, სკოლაში გავიაროთ მთელი მასალა. ზოგს, რა თქმა უნდა, არ აქვს იმის თანხა და საშუალება, რომ ცალკე იაროს კერძო მასწავლებელთან”, – გვიყვება მოსწავლე.

ქართული ენის სწავლებისთვის გამოყოფილი არასაკმარისი საათების მიუხედავად, წელს ლ.რ-ს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება მოუწევს. სწორედ ამიტომ, ის და მისი თანატოლები კერძო მასწავლებლებთან ემზადებიან, ზოგი მათგანი – იქვე ან მეზობელ სოფელში. ლ.რ. ქართულში მისივე სკოლის მასწავლებელთან დამატებით ემზადება, ინგლისურში კი – ქალაქ ზუგდიდში [რაც, მოსწავლის თქმით, კიდევ დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული].

სკოლებში დანერგილი ცვლილებები შესვენებებზე სასაუბრო ენითაც იგრძნობა. თუმცა, ლ.რ-ს თქმით, ის და მისი კლასელები გაკვეთილებს შორის შუალედებში მუდმივად ქართულად საუბრობენ.

“ორი – სამი წლის წინ ერთი შემთხვევა იყო ასეთი, რომ ჩვენთან მოვიდნენ ორგანიზაციიდან – გალიდან, და ჩემმა კლასელმა ქართულად დაიწყო საუბარი დერეფანში, იმიტომ, რომ ზოგადად, ქართულად ვსაუბრობთ. იმ ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა გვითხრა, რომ ქართულად არ გვესაუბრა, რადგან რუსული სკოლაა და მოგვეთხოვება, რუსულად ვისაუბროთ” .

ლ.რ. ამბობს, რომ აფხაზური ენისა და აფხაზეთის ისტორიის ახალი მასწავლებლები ჰყავთ, რომლებიც თავს იკავებენ ენის საკითხზე დისკუსიისგან.

“თუმცა ერთ-ერთმა ორი წლის წინ სპეციალურად გვკითხა, რა ენებზე ვსაუბრობდით შესვენებებზე და ჩვენც არაფერი დაგვიმალავს – ვუთხარით, რომ ქართულად და მეგრულად. ამაზე გვიპასუხა, რომ ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ ქართულად, რადგან ჩვენი მშობლიური ენა არის რუსული. დღეს ბევრი ბავშვია დაწყებით კლასებში, რომელიც სახლშიც კი რუსულად საუბრობს, ქართულს ვერ აღიქვამენ თავიანთ მშობლიურ ენად”, – ჰყვება ლ.რ.

ახალი თაობისა და მისი თაობის ერთმანეთთან შედარებისას ჩვენი მოსწავლე რესპონდენტი ამბობს, რომ “უმცროს თაობას ქართულად საუბრისას უკვე რუსული აქცენტი აქვს, ქართული სიტყვები ავიწყდება და რუსულ სიტყვებს იყენებს”.

“ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ, უფროსკლასელებს, ძალიან გვაბრაზებს”.

ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილების სიმცირე გალის რაიონის სკოლების მასწავლებლებსაც აშფოთებთ.

გალში მცხოვრები მასწავლებელი ი.კ. გვიყვება, რომ დაახლოებით 10 წლის წინ ქართულს იმდენი საათი ეთმობოდა სკოლებში, რამდენიც კონტროლირებად ტერიტორიაზე.

“წარმოიდგინეთ, ერთი საათი ქართული ლიტერატურა კვირაში – ეს არის კატასტროფა. ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ვერ ასწავლო მოსწავლეს. ეს არის წარმოუდგენელი. შედარებაც არ შეიძლება 10 წლის წინ არსებულ მდგომარეობასთან”.

ფოტო: აფხაზეთის დე ფაქტო განათლების სამინისტროს ვებ-გვერდიდან

ფოტო: აფხაზეთის დე ფაქტო განათლების სამინისტროს ვებ-გვერდიდან

ი.კ. ამბობს, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის დამატებით გაკვეთილების შესახებ, რომლებსაც ისინი ატარებენ არაოფიციალურად, მოსწავლეები დარიგებული არიან, რომ არ ისაუბრონ.

“ხშირად ცდება ჩვენთან აფხაზეთის ისტორიისა და აფხაზური ენის გაკვეთილები. ასეთ დღეებში ბავშვებმა იციან, რომ ქართულის სახელმძღვანელოები უნდა მოიტანონ. მაქსიმალურად ვცდილობთ ჩავსვათ დამატებითი გაკვეთილები, მაგრამ როდესაც ეს ცხრილში სტაბილურად არ წერია, ეს არ არის გამოსავალი – გვიჭირს ჩვენც და ბავშვებსაც.

ჩვენთან ისედაც ერთი წლით ნაკლებს სწავლობენ, მეთერთემეტე კლასით ამთავრებენ სწავლას. ნახტომს ვაკეთებთ და ვტოვებთ მეცხრე კლასის პროგრამას, ესეც პრობლემაა, რადგან უამრავი ტექსტი რჩება. ჩვენი ბავშვები არიან არაჩვეულებრივი, რაც აქვთ, ამ შედეგსაც რომ აჩვენებენ. აბსოლუტური უმრავლესობა რუსულად საუბრობს. თუმცა ვერავის დავადანაშაულებთ – 30- წლიანი წნეხი მცირე ნამდვილად არ არის”.

მასწავლებელი ამბობს, რომ უკანასკნელ წლებში რაიონის სხვა სკოლებშიც იზრდება ზეწოლა, რაც უკვე თითქმის ყველა საკითხში გამოიხატება.

“ღონისძიებებს რომ ვატარებთ, რომლებიც სრულიად ნეიტრალური და აპოლიტიკურია, იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ რამე ქართული არ გაიპაროს. იყო პრეცედენტი დირექტორის მოხსნის, რადგან პირველ სექტემბერს რაღაც ქართული წამოსცდა. განყოფილების გამგემ კი დირექტორების თათბირზე პირდაპირ თქვა, რომ ჩვენი განათლების მინისტრი აღშფოთდა, როგორ თუ გალის რაიონში კიდევ ისწავლება ქართულიო”.

ი.კ. მიიჩნევს, რომ ქართულ ენას სკოლების სასწავლო პროცესიდან სრულად ჯერ არ ამოიღებენ, რადგან ეს ჯერჯერობით პოლიტიკურად არამომგებიანია.

“ეს რეზონანსული ამბავი იქნება, რადგან ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე თავს იწონებდნენ იმით, რომ ქართულის სწავლებას საათები ეთმობა”.

ქართულის მასწავლებლების მიმართ დამოკიდებულებაზე საუბრისას ი.კ-ს გაახსენდა მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა.

“იქ იყვნენ ჩემი ყოფილი მოსწავლეები, რომლებიც მასწავლებლები არიან. გაუხარდათ ჩემი დანახვა და მეც ქართულად მივესალმე, რამაც რამდენიმე იქ დამსწრე აფხაზურის მასწავლებელზე უცნაური რეაქცია იქონია – შეხვედრის დასრულებამდე ქილიკობდნენ და იცინოდნენ. ასეთი ფრაზა გაისმა: “мы гостеприимные” (სტუმართმოყვარეები ვართ), რაც ჩვენს თავზე მივიღეთ, რომ თითქოს, ჯანდაბას, ქართველები არიან, მაგრამ როგორც სტუმრებს, ისე მივიღებთო. ეს იყო ძალიან დამთრგუნველი”.

ქართულის სახელმძღვანელოები

დღეს გალის სკოლებში ქართული ენა და ლიტერატურა ცალ-ცალკე სახელმძღვანელოთი ისწავლება – ლიტერატურას ვახტანგ როდონაიას სახელმძღვანელოთი ასწავლიან, ხოლო ენას – აკაკი შანიძის და ლეო კვაჭაძის წიგნებით.

“გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრი გვაძლევდა ხოლმე გარკვეული რაოდენობის სახელმძღვანელოებს წინა წლებში. ეს არ იყო სახელმძღვანელოების მთელი კომპლექტი, მაგრამ იყო საკმარისი რაოდენობა. ახლა ჩვენ ვცდილობთ გადმოვიტანოთ წიგნები ისე, რომ “საზღვარზე” არ შენიშნონ, რადგან ამაზე გვქონდა სკანდალი და სერიოზული პრობლემები. ამიტომ ვმალავთ, თითო-თითოდ და ორ-ორად მოგვაქვს, ზედ დავალაგებთ ჩანთაში რაღაცებს და ისე”.

ი.კ. იხსენებს, რომ ყოფილა შემთხვევაც, როდესაც აფხაზური ენის სახელმძღვანელოზეც შექმნილა პრობლემა “საზღვარზე”, რადგან მას ჰქონდა ქართული გერბი – “ეს ამბავი ადგილობრივ უშიშროებამდეც მივიდა”.

სკოლის მასწავლებლების გარდა, ეს პრობლემა იმ მასწავლებლებსაც აწუხებთ, რომლებიც მოსწავლეებს კერძოდ ამზადებენ სხვადასხვა საგნებში.

ე.რ. გალის რაიონში მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში დამატებით ამზადებს. რეპეტიტორი ამბობს, რომ როგორც ქართულში, ასევე, ყველა სხვა საგანში იგრძნობა, რომ ბავშვები რუსულ ენაზე აზროვნებენ.

“მათ უჭირთ, მაგალითად, როდესაც ეუბნები, რომ კონკრეტულ გვერდზე ნახონ დავალება. ამაზე შემხვედრი კითხვა არის, თუ როგორ იქნება ეს რიცხვი რუსულად”

მისი თქმით, მოსწავლეებს უჭირთ ქართულ ენაზე გარკვეული სიტყვების გაგებაც.

“როდესაც ბავშვი ვერ იგებს სიტყვას, მისთვის ყველაფერი უინტერესო ხდება. შექმნილია რთული გარემო როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისთვის. უჭირს მასწავლებელსაც, იმიტომ, რომ ძალიან დიდი დროის დახარჯვა უწევს ძალიან მარტივი თემისთვის და შემდეგ ამ თემის გაშლაც კი ვერ ესწრება. ფუნდამენტური საკითხებიც იმდენად ზედაპირულად იციან ბავშებმა, რომ მასზე რაიმეს დაშენება გიჭირს – ბაზისი არის ძალიან ცუდი”.

მომავალში სიტუაციის ცვლილებას მასწავლებელი პესიმიზმით უყურებს:

“სამწუხაროდ, მასწავლებელი მეტს ვერაფერს იზამს. ამ რთული, საშიში გარემოდან გამომდინარე, მასწავლებლები, პრაქტიკულად, მეტს ვერც გააკეთებენ მაშინ, როდესაც მშობლიურ ენაზე ხელმისაწვდომობა აქ არ არის და გადაადგილების თავისუფლების უფლებასთან ერთად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლება განათლების ხელმისაწვდომობის შესახებ. ეს არის კომპლექსური პრობლემა და განათლების სფეროში არსებული სიტუაცია ამ კუთხით არ მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს”, – ამბობს ქართულის რეპეტიტორი.

სკოლის დამთავრების შემდეგ

გალის რაიონის სკოლის მოსწავლეები პრობლემის წინაშე დგებიან მაშინაც, როდესაც ქართული უნივერსიტეტების სტუდენტები ხდებიან.

გ.ფ-მ 2018 წელს გალში რუსულენოვანი სკოლა დაამთავრა. რუსულენოვან სკოლაში კი მშობლებმა მეტი “პრესტიჟის” გამო შეიყვანეს. ამასთან, მოსწავლე ცდილობდა, ქართულის სწავლა არ შეეწყვიტა და მთელ თავისუფალ დროს უთმობდა.

“მშობლებისგან სულ მესმოდა: “რა უნდა ვქნათ, ჩვენ აქ ვცხოვრობთ და სხვანაირად ვერაფერს ვიზამთ”. თუმცა მერვე კლასში, როდესაც ინტერნეტის გამოყენება უკეთ ვისწავლე, ისტორიას ჩავუღრმავდი, მივხვდი, რომ სრულიად სხვა სამყაროში ვცხოვრობდი და თავი მოტყუებულად ვიგრძენი. მეშვიდე კლასამდე სხვა ცხოვრებით ვცხოვრობდი და არა იმით, რითიც უნდა მეცხოვრა სინამდვილეში.

პროტესტი გამიჩნდა. ვიგრძენი, რომ უნდა ვთქვა რაღაც ამ თემაზე, როდესაც მეცხრე კლასში მასწავლებლებმა დაიწყეს საუბარი- “თქვენ არ ისაუბროთ ქართულად ამ სკოლაში, ქართულად საუბარი არ შეიძლებაო”. აი, ამის მერე გამიჩნდა კითხვა, რომ რატომ არ შეიძლება ვისაუბრო ჩემს ენაზე.

როდესაც მასწავლებლებს ამ თემაზე სიტყვას შევუბრუნებდი, ყოველთვის ან დირექტორთან მიშვებდნენ, ან ჩემს მშობლებს ურეკავდნენ და ამაზე სულ პრობლემა მექმნებოდა. მივხვდი, რომ პროტესტის გამოხატვით ვერაფერს მივიღებდი და დინებას მივყევი, რადგან მეგონა, რომ ამით შეიძლებოდა ჩემს მშობლებსაც რაღაც პრობლემა შექმნოდათ. თუმცა, როცა ვხედავდი, რომ სხვა სკოლებში ამ თემასთან დაკავშირებით ასევე გამოხატავდნენ პროტესტს, თუნდაც ფოტოებს რომ ტვირთავდნენ ქართული დროშით და ა.შ. ისევ ის რუტინა მეორდებოდა – დირექტორთან ასვლები, მშობლების გამოძახებები. მერე ისევ ჩემს მშობლებზე ვფიქრობდი”.

ქართული ენის გარდა, გ.ფ-ს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ისტორია და უნარებიც სჭირდებოდა, თუმცა გალის სკოლაში მხოლოდ ე.წ. “აფხაზეთის ისტორიას” სწავლობდნენ.

“სხვებთან შედარებით ძალიან გამიჭირდა ქართული ენის და ისტორიის სწავლა. რუსულ სკოლაში სწავლის გამო ქართულ ენას ვერ ვუთმობდი იმდენ დროს, რამდენიც საჭირო იყო. როდესაც ჩავაბარე, რა თქმა უნდა, ისეთი ქულა ვერ ავიღე, რამდენიც სხვებმა აიღეს. ავიღე სულ 27 ქულა, სადაც ზღვარი იყო 24 ქულა. ჩემთვის, ისეთი ადამიანისთვის, სულ რომ კარგად ვსწავლობდი და ოქროს მედალზე დავამთავრე სკოლა, არ იყო მისაღები დაბალი ქულის აღება”.

უნივერსიტეტში ჩაბარება ახალი გამოწვევა აღმოჩნდა მისთვის. გ.ფ. გვიყვება, რომ პირველი კურსის პირველი სემესტრი განსაკუთრებულად მტკივნეული იყო, რადგან მოხვდა “სრულიად სხვა სამყაროში”, სადაც ყველა ქართულად მეტყველებდა და წერდა. რასაც სხვა სტუდენტები ბევრად მარტივად აკეთებდნენ, მისთვის რთული იყო – ათასჯერ ამოწმებდა, როგორ უნდა დაეწერა სწორად.

“ჩემს თანაკურსელებს შორის გალელები არ იყვნენ. სხვა ჯგუფში ვიყავი, სადაც მიჭირდა კომუნიკაცია, იმიტომ, რომ ქართულ ენას, თუნდაც ახლა, ვერ ვფლობ კარგად. რაღაც შეცდომებს ვუშვებ ხშირად. მაგრამ პირველი პერიოდი უფრო რთული იყო ჩემთვის, რადგან მეგონა, რომ რამეს თუ არასწორად ვიტყოდი, დამცინებდნენ და მეტყოდნენ, უი, შენ ქართული არ იცი, რატომ არ იცი, შენ ხომ ქართველი ხარ და ა.შ.”

ქართული ენის საათების შემცირებაზე საუბრისას გ.ფ. ამბობს, რომ მათ, ვინც ახლა გადის ამ გზას, ცდილობს დაეხმაროს, რჩევები მისცეს, თუნდაც ურჩიოს, ვისთან მოემზადოს ქართულში და რა ელით მათ თბილისის უნივერსიტეტში.

“ჩემი აზრით, ახლა გალის რაიონის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს რთული პერიოდი უდგათ, თუ ისინი შემდეგში გადაწყვეტენ აქ (თბილისში) სწავლას, რადგან უმეტესად ასე ხდება, ძალიან გაუჭირდებათ.

ამავე დროს, იქ მცხოვრები ბავშვები და მშობლები ფიქრობენ, ვერაფერს ვიზამთ, ამაზე გავლენას ვერ მოვახდენთო. დინებას მიჰყვებიან. ჩვენ კი ყურადღებას არავინ გვაქცევს, არც იქ და არც აქ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი