საზოგადოება

მთავრობა შეშფოთებულია ევროკავშირსა და გერმანიაში ადეიშვილის ვიზიტების გამო

11 მარტი, 2024 •
მთავრობა შეშფოთებულია ევროკავშირსა და გერმანიაში ადეიშვილის ვიზიტების გამო

„საქართველოს მთავრობა გამოხატავს შეშფოთებას ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართული ვიზიტებისა და შეხვედრების გამო, რომლებშიც უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში ქართული მართლმსაჯულების მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირი ზურაბ ადეიშვილი მონაწილეობდა“, — ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ზურაბ ადეიშვილი იყო იმ რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა შეიწირა.

განცხადებაში ჩამოთვლილია, რომ ზურაბ ადეიშვილი მსჯავრდებულია ღვინის ქარხნის უკანონო ჩამორთმევის, ტელეკომპანია „იბერიის” ხელში ჩაგდების, კობა დავითაშვილის გატაცებისა და მასზე სასტიკი ძალადობის, პატიმრების წამების და „ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეებზე, ხოლო ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის” დარბევისა და მიტაცების, 2007 წლის 7 ნოემბრის ძალადობის და ბუტა რობაქიძის მკვლელობის დანაშაულის დაფარვის საქმეებზე.

„ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია. აღნიშნული მოვლენა პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 პრიორიტეტიდან პირველივე პრიორიტეტის სულისკვეთებას, რომელიც საქართველოში ანტიევროპული განწყობის გაძლიერების პრევენციას ითვალისწინებს. ანალოგიურად, ანტიევროპული განწყობების გაღვივებას ხელს უწყობს ევროკავშირის ტერიტორიაზე სხვა დამნაშავეებისა და ძებნილების თავისუფალი მიმოსვლა, რომელთა ნაწილზე არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ისინი დღესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ უმძიმეს დანაშაულებრივ ქმედებებში არიან ჩართული“, — ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ „არის ერთგული პარტნიორი და აქვს მოლოდინი, რომ მომავალში ევროპული სტრუქტურები და ბიუროკრატია გამოავლენენ მეტ გულისხმიერებას და ერთგულებას იმ ფასეულობების მიმართ, რომლებსაც ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაეფუძნა“.

ზურაბ ადეიშვილი, რომელიც ბოლო ინფორმაციით, უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველია, თან ახლდა გენერალურ პროკურორს ბრიუსელში ვიზიტისას და მონაწილეობდა ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებში. მანამდე ის უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად გერმანიაში იმყოფებოდა და ბუნდესტაგში დაესწრო საპარლამენტო მოსმენას, სადაც გერმანელი კანონმდებლები უკრაინისთვის შორი დისტანციის Taurus-ის რაკეტების გაგზავნას განიხილავდნენ.

საქართველოს მთავრობამ დღეს, 11 მარტს ორი განცხადება გაავრცელა ადეიშვილის შესახებ. ერთი ეხებოდა ევროკავშირსა და გერმანიას, მეორე — უკრაინას.

ზურაბ ადეიშვილს საქართველოში რამდენიმე საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი და ასევე მისჯილი აქვს პატიმრობა, მათ შორის, ციხის კადრების საქმეზე.

საქართველოს საგამოძიებო უწყებებმა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ზურაბ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნისა და წითელი ცირკულარის გამოცხადებისთვის საჭირო დოკუმენტაცია ჯერ კიდევ 2013 წლის იანვრის თვის დასაწყისში გაუგზავნეს, თუმცა ინტერპოლის ვებგვერდზე ადეიშვილი წითელი ცირკულარით ძებნილი პირების რეესტრში მხოლოდ 2013 წლის ნოემბერში ჩასვეს და 2015 წელს ამოიღეს, როგორც ლტოლვილის სტატუსის მქონე პირი.

ადეიშვილმა საქართველო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უნგრეთში ცხოვრობდა. ადვოკატმა ოთო კახიძემ მაშინ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, ადეიშვილს პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდა მიღებული ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში.

უკრაინული „მაიდნის“ მოვლენების შემდეგ, როდესაც უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალა, ადეიშვილი უკრაინაში გამოჩნდა. ის ექსპერტის სტატუსით მუშაობდა უკრაინის ანტიკორუფციულ კანონმდებლობაზე. ბოლო ინფორმაციით, ადეიშვილი უკრაინის გენპროკურორის მრჩეველია.

ზურაბ ადეიშვილს, რომელმაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, 2021 წელს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.

პირველი შემთხვევა არაა, როცა ადეიშვილი მონაწილეობს უკრაინის დელეგაციის საერთაშორისო ვიზიტებში. 2022 წლის ოქტომბერში უკრაინის მხარეს ახლდა ევროპის საბჭოში, რუსეთის ომის დანაშაულებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებზე. მაშინ თბილისმა განაცხადა, რომ ექნებოდა „შესაბამისი რეაგირება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი