ახალი ამბები

არახამია “ოცნებას” „ურთიერთობების ნორმალიზების“ საპასუხო პირობებს უყენებს

12 მარტი, 2024 • 866
არახამია “ოცნებას” „ურთიერთობების ნორმალიზების“ საპასუხო პირობებს უყენებს

უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის მოთხოვნას, კიევმა გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.

„საქართველოს პროკრემლისტური მთავრობა გარკვეულ მოთხოვნებს აყენებს ჩვენი მოქალაქეების ექსტრადიციაზე, რათა „ურთიერთობების ნორმალიზება მოხდეს“, — წერს არახამია Telegram-ში თავის არხზე.

მისი თქმით, ურთიერთობების ნორმალიზებისთვის საჭიროა, საქართველოს მთავრობამ:

  • გაათავისუფლოს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი;
  • შეწყვიტოს პირდაპირი ფრენები რუსეთის ფედერაციასთან;
  • შეწყვიტოს აგრესორის დახმარება სანქციებისგან თავის არიდებაში.

„მაშინ ურთიერთობების ნორმალიზაცია მარტივად მოხდება“, — დასძენს არახამია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპასუხოდ „დასანანი“ და „სამწუხარო“ უწოდა მსგავს დამოკიდებულებას და თქვა, რომ არ აპირებს დავით არახამიასთან პოლემიკაში შესვლას.

„მე შეიძლება მქონდეს შეხედულებები ისეთ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც ორი წლის წინ რუსულ ენაზე მიმართავდნენ ქართველ ხალხს, მაგრამ მათთან პოლემიკაში არ შევალ“, — თქვა მან.

კობახიძის თქმით, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კონკრეტული საქმით.

„როდესაც ასეთ ფონზე კეთდება ასეთი გაუგებარი განცხადებები, ეს ამყარებს ჩვენს რწმენას, რომ რაღაცები არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს. თუმცა უკრაინა დღეს არის ძალიან მძიმე ვითარებაში , უკრაინელი ხალხი არის ომის მდგომარეობაში. ჩვენ, პირველ რიგში, პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს და არ ვაპირებთ არახამიასთან თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უკრაინის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტის ფონზე, საქართველოს მთავრობამ 11 მარტს გაავრცელა განცხადება და შეშფოთება გამოთქვა იმ დამოკიდებულების გამო, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება „საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ავლენს“.

საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ურთიერთობების მოსაწესრიგებლად აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ“.

ამ თემაზე:

აუცილებელია, უკრაინამ გადმოგვცეს დამნაშავეები — საქართველოს მთავრობა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი