საზოგადოება

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში – ორი წლის მთავარი მოვლენები

24 თებერვალი, 2024 • 1355
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში –  ორი წლის მთავარი მოვლენები

ზუსტად ორი წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. დილაადრიან გამოქვეყნებულ მიმართვაში, რუსეთის პრეზიდენტმა ამას „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უწოდა და მის მიზნებად უკრაინის „დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია“ დაასახელა.

მიუხედავად მოლოდინისა, რომ უკრაინა რუსეთს, – რომლის ჯარსაც ზოგი უწოდებდა „მსოფლიოს მეორე არმიას, – წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა და მალევე დანებდებოდა, უკრაინელებმა არათუ რუსეთის შეჩერება მოახერხეს, არამედ არაერთხელ გადავიდნენ შეტევაზე, დაიბრუნეს ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი და დღემდე, დიდ ზიანს აყენებენ რუსეთის სამხედრო ძალებს, განსაკუთრებით – შავი ზღვის ფლოტსა და ავიაციას.

ორწლიანმა ომმა სამხედრო პირების გარდა, ათასობით სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. რუსეთი დღემდე, ყოველდღიურად ბომბავს უკრიანის ქალაქებს და მშვიდობიან მოსახლეობას.

ომის პირველი წელიწადი, სამხედრო თვალსაზრისით, მოვლენებით უფრო მდიდარი გამოდგა. მეორე წელს კონფლიქტმა პოზიციური ხასიათი მიიღო. ამ სტატიაში გავიხსენებთ ორწლიანი სრულმასშტაბიანი ომის მთავარ მოვლენებს.

დასაწყისი – ბრძოლა კიევისთვის

დილის საათებში კრემლმა გამოაქვეყნა ვლადიმერ პუტინის მიმართვა. რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა, მეზობელი ქვეყნის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. მანვე თქვა, რომ მოსკოვის მიზანი არაა უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია.

პუტინის განცხადებიდან რამდენიმე წუთში, უკრაინის ქალაქების დაბომბვა დაიწყო. რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე შევიდნენ ოკუპირებული დონბასიდან და ყირიმიდან და ასევე, ბელარუსის ტერიტორიიდან.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. სრულმასშტაბიანი შეჭრა დაგმეს დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა და უკრაინას დახმარებას დაჰპირდნენ.

იმავე დღეს, უკრაინის დედაქალაქის, კიევის შემოგარენში მდებარე ჰოსტომელის აეროპორტში რუსეთმა დესანტი გადმოსხა. უკრაინელებმა დედაქალაქის დაცვისთვის ეს მნიშვნელოვანი პლაცდარმი მეორე დღეს, 25 თებერვალს დაიბრუნეს.

უკრაინის მხარდასაჭერი აქცია თბილისში, 2022 წლის 24 თებერვალი. ფოტო: ლუკა პერტაია/„ნეტგაზეთი“

კიევთან რუსული ჯარის მიახლოების ფონზე, დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ კიევი „თავდაცვის ფაზაში“ გადადიოდა. იარაღი დაურიგეს მოხალისეებს. მალევე გავრცელდა ცნობები კიევში მიმდინარე ქუჩის ბრძოლებზეც. ერთ მომენტში, რუსული ძალები უკრაინის პარლამენტის შენობიდან ცხრა კილომეტრში იყვნენ. პარალელურად, კიევი აქტიურად იბომბებოდა, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაშიც მოჰყვა მსხვერპლი.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელსაც აშშ ევაკუაციას სთავაზობდა, უარი თქვა კიევის დატოვებაზე და ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც აცხადებდა, რომ სიმართლეს არ შეესაბამებოდა ცნობები, თითქოს ის დანებებას და გაქცევას გეგმავდა.

28 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ ცოცხლები არიან კუნძულ ზმეინის მცველები – ისინი რამდენიმე დღე დაღუპულებად მიიჩნეოდნენ. პატარა კუნძულზე დისლოცირებული სამხედროები მას შემდეგ გახდნენ ცნობილნი, რაც რუსული გემის შეთავაზებას დანებებაზე უპასუხეს: „რუსულო სამხედრო გემო, იდი ნა**ი“. ეს ფრაზა უკრაინის მხარდასაჭერ მიმადაც იქცა.

გაიმართა უკრაინა-რუსეთის პირველი მოლაპარაკებებიც. კონკრეტული შედეგები მოლაპარაკებებს არ მოჰყვა. ამავე დღეს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ევროკავშირში წევრობის განაცხადი გააგზავნა.

უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია; რუსეთმა დაიკავა ხერსონი

1 მარტს უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. ამას წინ უძღოდა მთავრობის უარი, თბილისიდან აფრენის ნებართვა მიეცა თვითმფრინავისთვის, რომელშიც უკრაინაში ბრძოლის მოხალისეები იყვნენ. ამასთან ერთად, მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი არ შეუერთდებოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ელჩი„მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო“ გაიწვია. „ქართულმა ოცნებამ“ დაახლოებით ამ პერიოდში დაიწყო „ომის პარტიასა“ და “საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობებზე” საუბარი.

ბრძოლის ველზე, 1 მარტს რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქის ცენტრი, ქალაქი ხერსონი და ასევე, ბერდიანსკი და მელიტოპოლი დაიკავეს.

3 მარტს, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე, მხარეები შეთანხმდნენ „ჰუმანიტარული კორიდორების“ გახსნაზე სამოქალაქო პირების ევაკუაციისთვის, თუმცა არა ცეცხლის შეწყვეტაზე.

ოთხ მარტს, უკრაინამ დაადასტურა, რომ რუსულმა ძალებმა დაიკავეს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური.

ამავე დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თბილისში, უკრიანის მხარდასაჭერ აქციაზე შეკრებილ ადამიანებს მიმართა.

პრეზიდენტი ზელენსკი მიმართავს პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს. 4 მარტი, 2022.

16 მარტს, უკრაინამ გამოაცხადა, რომ კონტრიერიშზე გადავიდა კიევის ოლქში. იმავე დღეს, რუსეთმა დაბომბა მარიუპოლის დრამატული თეატრის შეანობა, რომელშიც მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები იყვნენ.

რუსეთი კიევის ოლქიდან უკან იხევს – მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტვა ბუჩაში

აპრილის დასაწყისში, კრემლმა გამოაცხადა, რომ გაჰყავდა ჯარები კიევის ოლქიდან – „გადაჯგუფებისთვის“ და „კეთილი ნების გამოსახატად“. თუმცა, ერთი თვის განმავლობაში რუსეთმა კიევის ოლქში ვერ მიაღწია მთავარ მიზანს – უკრაინის დედაქალაქის დაკავებას, და ამავე დროს, მნიშვნელოვანი დანაკარგიც განიცადა.

ამავე დროს, რუსეთის მიერ დატოვებულ დასახლებულ პუნქტში, ბუჩაში, ასზე მეტი მოკლული მშვიდობიანი მოქალაქე აღმოაჩინეს. კრემლმა განაცხადა, რომ ხოცვა-ჟლეტვის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეომასალა „დადგმული“ იყო. უკრაინული მხარის ცნობით, რუსულ ძალებს 458 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. მოგვიანებით, ვლადიმერ პუტინმა დააჯილდოვა ბრიგადა, რომელსაც ბუჩაში ომის დანაშაულში, – მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში, – ამხელენ.

ბუჩაში მოკლული მშვიდობიანი მოქალაქე.

ჩაიძირა რუსული შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, კრეისერი „მასკვა“

უკრაინული მხარის ცნობით, 13 აპრილს „მასკვას“, – რომელიც შავ ზღვაში რუსული ფლოტის ფლაგმანი იყო, – უკრაინული წარმოების „ნეპტუნის“ რაკეტები მოარტყეს, რის გამოც ხომალდს ცეცხლი გაუჩნდა, საბოლოოდ კი, რამდენიმე დღეში, შტორმისა და წარუმატებელი საევაკუაციო სამუშაოების ფონზე, ჩაიძირა.

მოსკოვმა არ აღიარა, რომ „მასკვას“ ჩაძირვა უკრაინელთა თავდასხმის შედეგი იყო. მაისში მედია წერდა, რომ გემის ეკიპაჟის ოჯახებს სთხოვენ დაადასტურონ, რომ მათი შვილები „კატასტროფამ“ იმსხვერპლა.

ომის ორი წლის განმავლობაში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტს დიდი ზიანი მიადგება. უკრაინული მხარის უახლესი განცხადების თანახმად, განადგურებულია ფლოტის ერთი მესამედი.

კრეისერი „მასკვა“.

მარიუპოლის დაცემა 

სრულმასშტაბიანი შეჭრისთანავე, რუსეთის ჯარი აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ მარიუპოლისკენ დაიძრა. 2022-ის მარტის დასაწყისში, მათ ქალაქი ალყაში მოაქციეს. დაიწყო საქალაქო ბრძოლები. პარალელურად, რუსეთი აქტიურად ბომბავდა მარიუპოლს, რასაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქეც ემსხვერპლა, მათ შორის დაიბომბა სამშობიარო სახლი.

ალყის მიუხედავად, უკრაინული ძალები განაგრძობდნენ ქალაქის დაცვას, თუმცა სულ უფრო და უფრო უკან უწევდათ დახევა და საბოლოო ჯამში, დიდი საწარმოს, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე გამაგრდნენ.

ერთთვიანი სასტიკი ბრძოლების შემდეგ, „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი უკრაინელმა სამხედროებმა ბრძოლა შეწყვიტეს და ტყვედ ჩავარდნენ. მოგვიანებით, ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ.

„რუსეთი აქ 11 ნოემბრამდეა“ – რუსეთი ხარკოვიდან და ხერსონიდან უკან იხევს

ომის პირველი კვირების განმავლობაში მიღწეული წარმატება, – ქალაქ ხერსონის და ხარკოვის ოლქის ნაწილის დაკავება, – რუსეთმა 2022 წლის შემოდგომა-ზამთარში დაკარგა.

დანაკარგებისა და ჯარის მომარაგების ხაზების მწყობრში შენარჩუნების პრობლემების ფონზე, რუსეთმა დატოვა ქალაქი ხერსონი. მოსკოვის ოფიციალური განცხადების თანახმად, რუსულმა არმიამ გადაინაცვლა საბრძოლოდ უფრო მომგებიან პოზიციებზე. ამგვარად, 10 ნოემბერს ხერსონი, ერთადერთი რეგიონალური ცენტრი, რომელიც რუსეთმა დაიკავა, უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა.

ამავე პერიოდში, უკრაინელთა კონტრიერიშის მიმდინარეობისას, რუსეთმა დატოვა ხარკოვის ოლქი, რომლის საოლქო ცენტრის, ქალაქ ხარკოვის დაკავებასაც იქამდე წარუმატებლად ცდილობდა. 11 სექტემბერს რუსულმა ჯარმა უკან დაიხია რუსეთის სახელმწიფო საზღვრამდე. როგორც სხვა შემთხვევებში, კრემლში მომხდარს არა უკან დახევა, არამედ „გადაჯგუფება“ და „თავდაცვისთვის უფრო მომგებიანი პოზიციის დაკავება“ უწოდა.

საოკუპაციო ადმინისტრაციის განთავსებული ბანერი ხერსონში. წარწერა – „რუსეთი აქ სამუდამოდაა“. ფოტოს გადაღებიდან ოთხ თვეში, რუსეთს ხერსონის დატოვება მოუწევს.

„რეფერენდუმები“

2022 წლის 23-27 სექტემბერს რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის ოთხ ნაწილობრივ ოკუპირებულ ოლქში „რეფერენდუმები“ გამართა – ოკუპაციის პირობებში, მოქალაქეებს უნდა აერჩიათ, სურდათ თუ არა ოკუპანტი სახელმწიფოს შემადგენლობაში შესვლა.

როგორც მოსალოდნელი იყო, „რეფერენდუმების“ შედეგი მოსკოვის სასურველი გახდა – ზაპორიჟიეს, ხერსონის, დონეცკის და ლუჰანსკის ოლქების მაცხოვრებლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, კრემლის ცნობით, დაუჭირა მხარი რუსეთთან შეერთებას.

„რეფერენდუმების“ შედეგები დღემდე არ უღიარებია სახელმწიფოთა უმრავლესობას, მათ შორის რუსეთის უახლოეს მოკავშირეებსაც კი. პუტინის მხარე ამ საკითხში მხოლოდ ორმა დიქტატორმა დაუჭირა – ჩრდილოკორეელმა კიმ ჩენ ინმა და სირიელმა ბაშარ ასადმა.

„ნაწილობრივი“ მობილიზაცია?

ბრძოლის ველზე უკან დახევისა და მიზნების მიუღწევლობის ფონზე, სულ უფრო მიდიოდა საუბარი, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, მობილიზაციას გამოაცხადებდა.

ასეც მოხდა, ე.წ. „რეფერენდუმების“ შემდეგ. პუტინმა თქვა, რომ მობილიზებული საჭირონი იყვნენ რუსეთის საზღვრების დასაცავად, და იქვე აღნიშნა, რომ მობილიზაცია მხოლოდ „ნაწილობრივი“ იყო და 300 000 ადამიანს შეეხებოდა. ამასთან ერთად, პრეზიდენტმა მობილიზაციის იდეა თავდაცვის სამინისტროს და გენერალურ შტაბს მიაწერა.

მობილიზაციის დაწყების შემდეგ, ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა რუსეთი, ბევრი მათგანი საქართველოშიც ჩამოვიდა.

ფორმალურად, რუსეთში მობილიზაცია ახლაც მიმდინარეობს. გარდა ამისა, საკმაოდ ხშირად დამოუკიდებელ რუსულ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ მობილიზებულებს სარდლობა არაადამიანურად ექცევა, იყენებს „საზარბაზნე ხორცად“. აგრეთვე ცნობილია, რომ ზოგ მათგანს აღჭურვილობისა და ტყვია-წამლის ყიდვა თავად მოუწია.

მიუხედავად მცირე მასშტაბის პროტესტებისა, რომლებიც დღესაც მიმდინარეობს, დიდი მღელვარება მობილიზაციას რუსეთში არ მოჰყოლია.

აფეთქება „ანექსიის სიმბოლოზე“

შაბათ დილას, 2022 წლის 8 ოქტომბერს, ქერჩის (ყირიმის) ხიდს, – რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ერთგვარ სიმბოლოსა, – აფეთქების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა. ხიდის ნაწილი, – საავტომობილო ხაზი, რომელიც სარკინიგზო ხაზის პარალელურადაა აშენებული, – ჩამოინგრა.

მოსკოვმა ამჯერად აღიარა უკრაინული ძალების მოქმედება და სისხლის სამართლის საქმეც აღძრა „ტერაქტის“ ბრალდებით.

სიმბოლური მნიშვნელობის გარდა, ყირიმის ხიდი სამხედო თვალსაზრისითაც იყო და არის მნიშვნელოვანი – ხმელეთისგან დიდწილად მოწყვეტილი ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთთან სწორედ ამ ხიდით იყო დაკავშირებული, რომელსაც კრემლი რამდენიმე წელი აშენებდა და რომელშიც მილიარდობით აშშ დოლარი დაიხარჯა.

ყირიმის ხიდის შემდეგ, უკრაინამ განაგრძო რუსულ სამხედრო და საწარმოო ობიექტებზე თავდასხმები, მათ შორის ღრმად, რუსეთის ტერიტორიაზე და უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდში.

აფეთქება ყირიმის ხიდზე. 2022 წლის ოქტომბერი.

თავდასხმა კრემლზე

ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ირონიით იკითხა: „მასკვა“, ქერჩის ხიდი… რა იქნება შემდეგი?“. რუსეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვან ობიექტზე შემდეგი თავდასხმა 2023 წლის 3 მაისს განხორციელდა.

რუსეთმა განაცხადა, რომ მოსკოვის შუაგულაში, რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციაზე – კრემლზე, დრონებით განხორციელდა თავდასხმა და ამაში უკრაინა დაადანაშაულა.

ოფიციალურმა პირებმა საპასუხო ზომების მიღება დააანონსეს, თუმცა, რუსეთმა კვლავაც უკრაინის ქალაქები და მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა.

მხოლოდ კრემლით დრონების თავდასხმები არ შემოიფარგლა – მიუხედავად ასობით კილომეტრის დაშორებისა, დრონების თავდასხმები 2023 წელს ხშირად ხდებოდა მოსკოვთან მდებარე ელიტურ დასახლებაში, „რუბლიოვკაში“ და მოსკოვის ცენტრში, ცათამბჯენების რაიონში – „მოსკვა სიტიში“.

თავდასხმა კრემლზე.

ევგენი პრიგოჟინი და ბრძოლა ბახმუტისთვის

2023 წლის მაისის ბოლოს დამთავრდა რამდენიმეთვიანი ბრძოლა ქალაქ ბახმუტისთვის. ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ მოახერხა დონეცკის ოლქის პატარა ქალაქის დაკავება – უფრო სწორად კი, იმ ნანგრევების, რაც ქალაქისგან სასტიკი ბრძოლების შემდეგ დარჩა.

„ვაგნერელებს“ და რუსეთს ბახმუტის დაკავება ათასობით ჯარისკაცის სიცოცხლე დაუჯდათ – ძირითადად მსჯავრდებულების, რომლებიც „ვაგნერში“ ამნისტიისა და კარგი ანაზღაურების სანაცვლოდ ჩაეწერნენ.

ბახმუტის აღებიდან მალევე, პრიგოჟინი და „ვაგნერი“ კვლავაც აღმოჩნდებიან მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. თუმცა, ამჯერად ისინი არა უკრაინის, არამედ რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აიღებენ ხელში იარაღს – თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან კონფლიქტის გამწვავების შემდეგ, პრიგოჟინი როსტოვიდან მოსკოვისკენ „სამართლიანობის მარშს“ დაიწყებს. ფაქტობრივად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა 24 საათში დასრულდება და პრიგოჟინი პუტინისგან უსაფრთხოების გარანტიას მიიღებს, თუმცა 2023-ის აგვისტოში იგი, „ვაგნერის“ ხელმძღვანელობასთან ერთად, ავიაკატასტროფაში დაიღუპება.

უკრაინის კონტრიერიში

2023-ის ზაფხულში უკრაინა კონტრიერიშზე გადავიდა, რომლის მაქსიმალური წარმატების შემდეგ რუსეთს ყირიმთან სახმელეთო ხიდი უნდა დაეკარგა.

საკმაო მოლოდინების მიუხედავად, უკრაინელთა კონტრიერიშმა წარმატებას ვერ მიაღწია. ხერსონიდან უკან დახევის შემდეგ, რუსეთმა კონტროლირებად ტერიტორიაზე სერიოზული თავდაცვითი ხაზები აღმართა, ხოლო დონბასში ასეთი ხაზები ათწლიანი ომის შემდეგ ისედაც არსებობდა და უფრო გამაგრდა. საბოლოო ჯამში, უკრაინულმა ძალებმა წინსვლა დიდად ვერ მოახერხეს, თუმცა დაიკავეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი.

უკრაინის კონტრიერიშის შედარებითი წარუმატებლობა, ანალიტიკოსების აზრით, სხვადასხვა ფაქტორით იყო განპირობებული – საჰაერო ძალების და შესაბამისად, შეტევისთვის აუცილებელი საჰაერო მხარდაჭერის უკმარისობით; დასავლელი მოკავშირეების ყოყმანის ფონზე, შეიარაღების და ტექნიკის, ასევე ცოცხალი ძალის უკმარისობით.

უკრაინელთა ახალი მთავარსარდალი

კონტრიერიშის შედარებითი წარუმატებლობის ფონზე, მედიაში აქტიურად იწერებოდა პრეზიდენტ ზელენსკისა და ჯარის მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის შორის არსებულ უთანხმოებაზე, რასაც საჯაროდ ორივე მხარე უარყოფდა.

თუმცა, 2023-ის ნოემბერში  „ეკონომისტში“ ზალუჟნის სტატია გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ ახლა წინსვლის და ტერიტორიების გათავისუფლების საშუალება უკრაინას ნაკლებად  ჰქონდა და ომი ახალ, პოზიციურ ეტაპზე გადავიდა. სტატიაში გამოთქმულ თეზისებს პრეზიდენტი ზელენსკი არ დაეთანხმა.

სტატიის შემდეგ, ხშირად ვრცელდებოდა ცნობები, რომ ზელენსკი ზალუჟნის თანამდებობიდან დაითხოვდა, თუმცა ორივენი ამას აგრეთვე უარყოფდნენ. საბოლოო ჯამში, ზალუჟნი, – რომელიც უკრაინულ ჯარს თითქმის ორი წელი ედგა სათავეში და მოქალაქეთა საკმაო ნდობით სარგებლობდა, – თანამდებობიდან დაითხოვეს. იგი გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ ჩაანაცვლა, რომელიც კიევისა და ბახმუტის თავდაცვაში იღებდა მონაწილეობას.


დღეს, 2024 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და იტალიის, ბელგიისა და კანადის პრემიერი არიან ჩასული.

უკრაინელებსა და მსოფლიოს ჰოსტომელის აეროპორტიდან, რომლიდანაც რუსეთს ომის დასაწყისში კიევზე უნდა დაეწყო იერიში, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც მიმართა:

„დიადი ქვეყნის დიადო ხალხო! გასაოცრად ვამაყობ თქვენით, თითოეულით. მწამს თითოეული თქვენგანის. ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს უნდა, რომ ომის დასრულდეს. მაგრამ არავინ მისცემს ვინმეს ნებას, ჩვენი ქვეყანაც დასრულდეს.

სწორედ ამიტომ, ომის დასრულებაზე საუბრისას სულ ვამატებთ: ჩვენი პირობებით. სწორედ ამიტომ, სიტყვა მშვიდობას ყოველთვის თან სდევს სიტყვა სამართლიანი. სწორედ ამიტომ მომავალში სიტყვა უკრაინას ყოველთვის თან დაერთვება დამოუკიდებელი. ვიბრძვით ამისთვის და გავიმარჯვებთ, ჩვენი სიცოცხლის საუკეთესო დღეს“, – თქვა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი