საზოგადოება

“მასობრივ პროტესტს დავიწყებთ თბილისში” – ოჯახები გამოსახლების რისკის ქვეშ

9 ნოემბერი, 2023 •
“მასობრივ პროტესტს დავიწყებთ თბილისში” – ოჯახები გამოსახლების რისკის ქვეშ

8-9 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს თბილისში ორი, ქობულეთში კი ერთი მისამართიდან უნდა გამოესახლებინათ ოჯახები. სამივე გადაიდო.  გუჯა ბალახაძე, რომელიც ერთ-ერთია გამოსასახლებელი ოჯახების სიიდან, მასობრივი საპროტესტო აქციებით იმუქრება. 


აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები 8 ნოემბერს თბილისში ორ მისამართზე, ორი ოჯახის გამოსასახლებლად იყვნენ მობილიზებული. გამოსახლება ემუქრებოდა ზანდუკელის ქუჩაზე მცხოვრებ ელგუჯა ბალახაძის შვიდსულიან ოჯახს და   “დინამოს”  ვეტერან ფეხბურთელ ვაჟა ჟვანიას. ორივე გამოსახლება დროებით გადაიდო.

ვაჟა ჟვანიასთან  აღსრულების ბიურო დეკემბრის დასაწყისში ისევ მივა.  ჟვანიას შემთხვევაში გადადების საფუძველი კრედიტორთან მიღწეული შეთანხმებაა.  ჟვანიას გამოსახლება აქამდე ორჯერ გადაიდო – ერთხელ სასამართლოს, მეორედ თავად აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილებით.

ბალახაძეების ოჯახის გამოსასახლებლად მომდევნო პროცედურა კი რამდენიმე თვის შემდეგ, უკვე მომავალ წელს ჩაინიშნება.  8 ნოემბრამდე ორჯერ გადაიდო ბალახაძეების ოჯახის გამოსახლებაც.

“ზანდუკელის ქუჩაზე ბალახაძეების ოჯახის საქმეზე გუშინ აღსრულებამ თავად მიიღო გადადების გადაწყვეტილება, რამდენიმე თვით, მორალურ საფუძველზე, ოჯახის წევრთა ავადმყოფობის გამო. წინასწარ შეუძლებელია განსაზღვრა, რა მოხდება. აღსრულების ბიურო ხელს არ უშლის მხარეებს შორის მოლაპარაკებებს, მაგრამ შეთანხმება თუ ვერ მოხდა, გამოსახლება უნდა განხორციელდეს”, – გვეუბნებიან აღსრულების ბიუროში.

ბალახაძეების ოჯახს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “რიკო ექსპრესის” კრედიტი აქვს აღებული. შვიდსულიან ოჯახში ცხოვრობს ხანდაზმული ქალი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამაკაცი, ორსული ქალი, 5 წლის ბავშვი. ოჯახისთვის სახლი, სადაც გუჯა ბალახაძე გაიზარდა, ერთადერთი საცხოვრებელი ადგილია და, როგორც ამბობენ, წასასვლელი არსად აქვთ. 

გუჯა ბალახაძემ “რიკო ექსპრესიდან” სესხი ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 2016 წელს აიღო. მისი თქმით, ოჯახის საცხოვრებელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ აუქციონზე გაიტანა და თავად ორგანიზაციამ შეისყიდა 17 000 ლარად. ბალახაძეების ოჯახი აცხადებს, რომ სესხის პროცენტებს იხდიან და ახლაც მზად არიან კრედიტის დასაფარად, სახლის გამოსასყიდად, მაგრამ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მოლაპარაკებებზე მათთან არ მოდის.

8 ნოემბერს, 13:00 საათზე ბალახაძეების ოჯახის მხარდასაჭერად მათ საცხოვრებელ სახლთან ათობით ადამიანი შეიკრიბა. რამდენიმე საათის განმავლობაში პერიოდულად პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა შეხლა-შემოხლა და დაპირისპირება ოჯახის მხარდამჭერებსა და აღსრულების პოლიციის წარმომადგენლებს შორის. 

“გამოსახლება არ შედგა, შევაჩერეთ. ბონუსების გარეშე დარჩენილი აღსრულების პოლიცია მუქარით გაეცალა ზანდუკელის #2-ის ეზოს. ვაგროვებთ ვიდეომასალას, სადაც აღსრულების პოლიციის ძალის გადამეტებაა ასახული, გვინდა სარჩელები მოვამზადოთ”, – წერს ბალახაძეების სახლთან მხარდამჭერი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბექა წიქარიშვილი.

საცხოვრებლიდან ოჯახის გამოსახლების გამო ვნებათაღელვამ 9 ნოემბერს უკვე ქობულეთში, ბეჟანიძეების ოჯახის სახლთან გადაინაცვლა. გუჯა ბალახაძეს ნეტგაზეთი სწორედ მაშინ დაუკავშირდა, როცა ის ქობულეთში ბეჟანიძეების ოჯახის მხარდასაჭერად ჩავიდა. 

თუმცა 9 ნოემბერს ასევე გადაიდო ქობულეთში ბეჟანიძეების ოჯახის გამოსახლებაც. როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში ნეტგაზეთს უთხრეს, ბეჟანიძეების სახლთან კრედიტორის მხარე არ გამოჩენილა და გამოსახლების გადადების საფუძველი ეს გახდა. 

“აქ ისეთი მუხტია ახლა, რომ იცოდეთ. ეს ქნა ჩვენმა გუშინდელმა პრეცედენტმა. ხალხმა უნდა ამოიღოს ხმა. მასობრივ პროტესტს დავიწყებთ თბილისში, ეს ხალხიც შემოგვიერთდება, ვინც ახლა ქობულეთშია. არაფრით დავიხევთ უკან. რამდენიმე თვით გადაიდო ჩემი გამოსახლებაც, მაგრამ გუშინ თუ რამდენიმე ათეული დავხვდით აღსრულების პოლიციას, მომდევნო ჯერზე რომ მომადგებიან, ასობით ადამიანი დავხვდებით. სახალხო მოძრაობას დავიწყებთ, რომ პარლამენტმა მიიღოს ისეთი კანონი, რაც ჩვენს ინტერესებს გაითვალისწინებს.

“რიკო ექსპრესის” წარმომადგენელი იურისტი საერთოდ არ შემოვიდა გუშინ, იქ იყო, მაგრამ არ დამლაპარაკებია. მოუწევთ, რომ მოლაპარაკებაზე წამოვიდნენ, სხვა გზას არ დავუტოვებ”, – ამბობს ნეტგაზეთთან გუჯა ბალახაძე.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტი მარიამ ჯანიაშვილი ნეტგაზეთთან აფასებს გამოსახლებებთან დაკავშირებით არსებულ პოლიტიკას, რომელიც, მისი თქმით, სრულებით უგულებელყოფს გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების მდგომარეობასა და ინტერესებს. 

“წლების წინ სასამართლოს გვერდის ავლით ხდებოდა გამოსახლება, პოლიციის ძალით. ვითარება შეიცვალა და სასამართლოს რგოლი გაჩნდა. დღეს გამოსახლება სასამართლოს განჩინების საფუძველზე ხდება მხოლოდ, მაგრამ სასამართლო ფაქტობრივად ნოტარიუსის როლშია, მხედველობაში არ იღებს და არ ითვალისწინებს არანაირ გარემოებას, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, იმას, რომ შეიძლება უკანასკნელ საცხოვრებელს ართმევდნენ ოჯახებს, სადაც შეიძლება შშმ პირები, არასრულწლოვნები ცხოვრობდნენ. სასამართლოს რაც დღეს შეუძლია, ისაა მხოლოდ, რომ დროებით შეაყოვნოს გამოსახლების პროცესი, მაგრამ ადრე თუ გვიან გამოსახლების გადაწყვეტილებას იღებს”, – გვეუბნება მარიამ ჯანიაშვილი.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტის თქმით, საერთაშორისო პრაქტიკა გვასწავლის, რომ გარდა სასამართლოს მხრიდან გამოსასახლებელი ოჯახების მოწყვლადობის გათვალისწინებისა, იმ შემთხვევაში, თუ მიიღება გადაწყვეტილება გამოსახლების შესახებ, შესაბამის ორგანოებს უნდა დაევალოთ ოჯახის ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფა. თუმცა ქართულ რეალობაში სისტემა ცალსახად მესაკუთრის ინტერესებს ანიჭებს უპირატესობას.

“ერთ მხარეს არის საკუთრების უფლება და მეორე მხარეს არის სათანადო საცხოვრებლის უფლება. ამ ორ უფლებას შორის სამართლიანი ბალანსი უნდა იქნას დაცული. დღეს ჩვენთან მკვეთრი დისბალანსია და ცალსახად მესაკუთრის უფლებებია დაცული”, – ეუბნება ნეტგაზეთს ჯანიაშვილი.

იურისტი გვეუბნება, რომ დღეს საქართველოში პოლიტიკური ნება არ არსებობს მსგავსი პრობლემების აღმოსაფხვრელად და სახელმწიფო ორგანოები, იქნება ეს ხელისუფლების საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი შტოები, პრობლემას და თავის როლს მის მოსაგვარებლად ვერც კი ხედავენ.

“კანონმდებლობაში არავითარი დაცვის გარანტია გამოსახლებას დაქვემდებარებული პირებისთვის არ გვაქვს, არც გამოსახლების პრევენციის ნაწილში, არც გამოსახლების პროცესში და არც გამოსახლების შემდგომ. სამივე დონეზე კანონმდებლობაში გაწერილი და გათვალისწინებული უნდა იყოს ადამიანის, ოჯახების ინტერესები და, მეორე მხრივ, უნდა არსებობდეს შესაბამისი სერვისები, მათ შორის მუნიციპალიტეტის მხრიდან. მინიმალური სტანდარტებიც კი არ არის დაცული ჩვენთან, რომ თუნდაც გამოსახლების პროცესში ღირსება არ აყარონ ადამიანებს”, – ამბობს ჯანიაშვილი.

იურისტის შეფასებით, ქართული სისტემის განხილვისას ჩნდება კითხვა, რა არის ძირითადი მიზანი, მსესხებლის მხრიდან ვალდებულების შესრულება, სესხის დაფარვა თუ უძრავი ქონების ხელში ჩაგდება. მისი თქმით, გრძელვადიანი სისტემური ცვლილებების განხორციელებამდე ყველაზე მინიმალური, რაც ახლა სახელმწიფოს შეუძლია, ისაა, რომ მომრიგებლის როლი შეასრულოს გამოსახლებას დაქვემდებარებულ ოჯახებსა და კრედიტორებს შორის.

დღეის მდგომარეობით, აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილება გამოსახლებას დაქვემდებარებულ პირსა და კრედიტორს შორის შუამავლობის თვალსაზრისით, განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოსახლების გადავადებით შემოიფარგლება. საქართველოს კანონი სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, კერძოდ კი, მისი 31-ე მუხლი, აღსრულების ეროვნულ ბიუროს აძლევს შესაძლებლობას, რომ არაუმეტეს 6 თვის ვადით გადადოს აღსრულების ღონისძიება, თუ აღსრულების ადგილზე განსაკუთრებული ვითარებაა შექმნილი (მოვალის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, გარდაცვალება ან სხვა საგანგებო შემთხვევა). აღნიშნული მუხლის თანახმად, ბიურო უფლებამოსილია, თავის მიერ დადგენილი ვადა ერთჯერადად გააგრძელოს კიდევ 6 თვემდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი