საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება თბილისში, კეკელიძის ქუჩის პირველ ნომერში ოჯახის გამოსახლების პროცესს და აცხადებს, რომ ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია:
„ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! ადამიანის უფლებები თუ ევროპული ღირებულებები სხვა კი არაფერია“, — დაწერა სალომე ზურაბიშვილმა პირად ფეისბუკ გვერდზე.
მოგვიანებით, პრეზიდენტმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ მიუღებელია ადამიანების გამოსახლება ზამთარში და თოვლში, მათი საკუთრების დაზიანება, ღირსების შელახვა და მევახშეების წახალისება:
„მიუღებელია ადამიანების გამოსახლება ზამთარში და თოვლში, მათი საკუთრების დაზიანება, მათი ღირსების შელახვა, მევახშეეების წახალისება!“ — აცხადებს პრეზიდენტი.
გამოსახლების პროცედურა თბილისში კეკელიძის ქუჩის 1 ნომერში აღსრულების პოლიციამ დღეს, 23 იანვარს, 10:00 საათზე დაიწყო. აღსრულების პოლიცია ოჯახის გამოსახლებას ცდილობს საცხოვრებელი ბინიდან.
სოლიდარობის გამოსახატად ადგილზე შეკრებილნი არიან ხატიაშვილების ოჯახის მხარდამჭერები. პოლიცია სადარბაზოში შესასვლელი კარის გატეხას ცდილობს. დაკავებულია სახლთან მობილიზებული რამდენიმე მხარდამჭერი.
ფეისბუკით გაშვებული პირდაპირი ეთერის წაყვანისას, პოლიციელებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს “მაუწყებლის” ჟურნალისტი მისი კუთვნილი მანქანიდან და მისთვის ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა სცადეს.
თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახის გამოსახლების მოწინააღმდეგე რამდენიმე აქტივისტი, სავარაუდოდ, დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის გიორგი ღვინჯილია და ირაკლი კაკაბაძე არიან. „ნეტგაზეთი“ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას ამ წუთებში [12:15] საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
კეკელიძის N1-ში მცხოვრები ოჯახის წევრების განცხადებით, კერძო მევალეს, საერთო ჯამში, დამატებითი სარგებლის ჩათვლით, უკვე იმაზე მეტი გადაუხადეს, ვიდრე ისესხეს და ბინის დათმობას არ აპირებენ.
ხვალ, 24 იანვარს, გამოსახლების პროცედურა დაგეგმილია შალვა დადიანის ქუჩაზე, ხოლო 26 იანვარს – ზანდუკელის ქუჩაზეც.