ახალი ამბები

ონლაინმედიის ჟურნალისტებზე სპეცრაზმის თავდასხმის გამო გამოძიება მიმდინარეობს

19 აპრილი, 2024 • 823
ონლაინმედიის ჟურნალისტებზე სპეცრაზმის თავდასხმის გამო გამოძიება მიმდინარეობს

17 აპრილს, გამთენიისას, როცა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციაზე მდგომარეობა დაიძაბა, სპეცრაზმი მიმდებარე ვიწრო ქუჩებში დევნიდა და ფიზიკურად უსწორდებოდა აქციის მონაწილეებს. მათი თავდასხმის ობიექტი გახდა ონლაინ მედიის 3 ჟურნალისტიც.

ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმის გამო გამოძიება დაიწყო. როგორც მათი ინტერესების დამცველი, “მედიაომბუდსმენის” წარმომადგენელი ილონა დიასამიძე ნეტგაზეთს ეუბნება, გამოძიება არა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით, არამედ ზოგადი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით მიმდინარეობს.

“მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მოხდა 17 აპრილს, გამთენიისას, გამოკითხვაზე დაგვიბარეს თითქმის ორი დღის მერე.

საქმე ის არის რომ გამოძიება არ მიმდინარეობს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ესადაგება სპეციალური მუხლი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით [სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება] მიმდინარეობს. გვეუბნებიან, რომ გადააკვალიფიცირებენ.

“მედიაომბუდსმენი” 21 ჟურნალისტის უფლებებს იცავს, რომლებიც გასული წლის 2-3 და 7-9 მარტს დაზარალდნენ. არცერთი საქმე არ დაძრულა და თაროზეა შემოდებული. იგივე მოლოდინი შეიძლება მქონდეს ამჯერადაც, მაგრამ რაც შესაძლებელია, ყველაფერს გავაკეთებთ”, – ამბობს ნეტგაზეთთან ილონა დიასამიძე.

როგორც გიორგი ბასხაჯაური, გამოცემა “აპრილის” ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინებოდა, მას სამართალდამცავებმა სცემეს და ჰომოფობიური ნიშნით “პი*****ტს“ ეძახდნენ.

„მცემეს, პი*****ტს მეძახდნენ, გაა*ვი აქედანო, წავიქეცი და ზემოდან მირტყამდა რამდენიმე რობოკოპი. წაქცეული რომ ვიყავი და მირტყამდნენ, ვეუბნებოდი, რომ ჟურნალისტი ვარ. პი*****ტს მეძახდნენ, მეუბნებოდნენ, რომ ჭკუას ვისწავლი და მერე გამომიშვეს“, — ამბობდა გიორგი ბასხაჯაური.

მისივე თქმით, სპეცრაზმმა ძალადობა მაშინ დაიწყო, როცა არანაირ დაძაბულობას ან დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და ტერიტორიაზე ცოტა ხალხი იყო დარჩენილი.

მანამდე, ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანდა, როგორ სცემენ სპეცრაზმელები გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილს, რომელიც ასევე პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა:

„რომ გამოვიდნენ და დაიწყეს დაკავებები, მეც უკან მივყვებოდი, ვიღებდი. უკან რომ გამოვიხედე, მომყვებოდნენ სპეცრაზმელები, რომლებმაც ხელი შემიშალეს მუშაობაში. ერთმა ტელეფონი წამართვა, მეორემ სახეში დამარტყა.

ვუხსნიდი, რომ ჟურნალისტი ვიყავი. თავიდან არ ესმოდათ, მერე როგორღაც გაიგეს და ტელეფონი დამიბრუნეს”, – თქვა ქეშელაშვილმა იმავე დღეს.

ნეტგაზეთთან მომხდარს იხსენებს “ტაბულას” ჟურნალისტი გიორგი ბადრიძეც:

“მოულოდნელად და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე წამოვიდა სპეცრაზმი ხალხზე. მეც ვეცადე, რომ უკან წავსულიყავი, თან ვიდეოს გადაღება დავიწყე. ერთი ხელში მეცა და ტელეფონი წამგლიჯა. დანარჩენებმა დამაგდეს ძირს, ცოტა სიღრმეში შემათრიეს და მირტყამდნენ. მერე რაღაც ეტაპზე თავი დამანებეს. მუშაობა სამსახურის ტელეფონით გავაგრძელე”, – გვეუბნება გიორგი ბადრიძე.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ საპროტესტო აქციებზე მონაწილეთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე გამოძიება დაწყებულია, მაგრამ უწყება არ აკონკრეტებს, რამდენ და კონკრეტულად რომელ შემთხვევებზე.

ამავე თემაზე:

პოლიციამ იძალადა ყველაზე, ვინც „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს — DRI

აქციებზე პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასა და ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

შემაშფოთებელია ინფორმაცია, სპეცრაზმის მიერ აქციის მონაწილეთა მიმართ ძალის გამოყენების შესახებ – ევროპარლამენტარები

მასალების გადაბეჭდვის წესი