საზოგადოება

შეიცვალა წესი, რომელსაც წლის ბოლომდე ათასობით ორგანიზაცია შეეძლო გაეუქმებინა

4 დეკემბერი, 2023 • 4191
შეიცვალა წესი, რომელსაც წლის ბოლომდე ათასობით ორგანიზაცია შეეძლო გაეუქმებინა

მეწარმეთა შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ საწარმოებს სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება 1 წლით, 2025 წლის 1 იანვრამდე გაუხანგრძლივდებათ, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს კი ეს ვალდებულება საერთოდ მოეხსნებათ.

აქამდე არსებული წესით, ორგანიზაციებს დოკუმენტები კანონის ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში წესრიგში უნდა მოეყვანათ მიმდინარე წლის ბოლომდე, ანუ 2024 წლის 1 იანვრამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ორგანიზაცია გაუქმებულიყო.

2021 წლის 2 აგვისტოს მიღებული იქნა საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, რომელიც ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, ახლებურად აწესრიგებს მეწარმის სამართლებრივ ფორმებს, მათი დაფუძნებისა და რეგისტრაციის პროცედურებს და მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. პარლამენტის განმარტებით, აღნიშნული კანონის მიღებით უზრუნველყოფილ იქნა სამეწარმეო ურთიერთობებში კანონის როლისა და დანიშნულების გაძლიერება, უკეთ მოწესრიგდა კორპორაციული ურთიერთობები, გაიზარდა კორპორაციული გამჭვირვალობა და დაინერგა სხვა არაერთი სიახლე, რომელიც ემსახურება მეწარმე სუბიექტების შესაძლებლობების გაძლიერებას.

თუმცა სიახლეების დანერგვამ წარმოშვა მითითებული კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული ორგანიზაციების მხრიდან სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა:

„აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონის გარდამავალი რეგულირების თანახმად, ახალი კანონის ამოქმედებამდე, ანუ 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული საწარმოს მიმართ დაწესდა ვალდებულება, სარეგისტრაციო მონაცემები შესაბამისობაში მოიყვანოს ამავე კანონის მოთხოვნებთან მისი ძალაში შესვლიდან 2 წლის ვადაში, ანუ 2024 წლის 1 იანვრამდე. იმავდროულად, მარეგისტრირებელი ორგანოს – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა უფლებამოსილება, ამ ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეწარმეს განუსაზღვროს დამატებითი 3-თვიანი ვადა, ხოლო ხარვეზის ამ ვადაშიც აღმოუფხვრელობის შემთხვევაში ასეთი საწარმოს რეგისტრაცია გაუქმებულად მიიჩნევა“ ,— ნათქვამი იყო კანონის წინა რედაქციაში.

ვინაიდან კანონის გარდამავალი ნორმით დადგენილი ზემოაღნიშნული ვადა იწურებოდა, დეპუტატებმა შეისწავლეს ამავე ნორმით საწამოების მიმართ დაწესებული ვალდებულების შესრულების მდგომარეობა.

შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ ამ დროისთვის სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა დარეგისტრირდა 16 667 სუბიექტის შემთხვევაში. დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში არ არის მოყვანილი 776 375 სუბიექტის მონაცემები.

ცვლილებების ავტორები მიიჩნევენ, რომ 1 წლით ცვლილებების რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივება ამ პრობლემას აღმოფხვრის.

რაც შეეხება არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირებს, მათთვის სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა არ იქნება სავალდებულო ხასიათის და ეს იქნება მისი უფლებამოსილება, რომელსაც ნებაყოფლობით, სურვილის შემთხვევაში განახორციელებს.

ხოლო იმ საწარმოებს, რომლებსაც 2025 წლის 1 იანვრამდე 15 წლის განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანოსთვის არ მიუმართავს და რაიმე სახის აქტივობა არ განუხორციელებიათ, ამასთან, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მათ სახელზე არ არის დარეგისტრირებული ნივთი ანდა არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ან სატრანსპორტო საშუალება და წარდგენილი არ აქვთ საგადასახადო დეკლარაცია, მარეგისტრირებელი ორგანო დამატებით ვადის დადგენის გარეშე გააუქმებს ასეთი საწარმოს რეგისტრაციას.

ვრცლად – ნახეთ რა ცვლილებები შევიდა კანონში.

მასალების გადაბეჭდვის წესი