საზოგადოება

რას (ვერ) აკეთებს ბავშვთა ქორწინების წინააღმდეგ სახელმწიფო

4 დეკემბერი, 2023 • 871
რას (ვერ) აკეთებს ბავშვთა ქორწინების წინააღმდეგ სახელმწიფო

ადრეული ქორწინება საქართველოში ბავშვთა უფლებათა დაცვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. როგორ ცდილობენ სახელმწიფო უწყებები ამ საზიანო პრაქტიკასთან გამკლავებას და რა გამოწვევები აქვთ ამ გზაზე?

პირველ დეკემბერს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა ბავშვთა ქორწინების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებსა და პრობლემის მოგვარების პერსპექტივებზე ისაუბრეს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ორგანიზებულ ღონისძიებაზე თბილისში.

პრობლემა

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინფორმაციით, საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ბავშვობის ასაკში ქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის ქვეყნებს შორისაა.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ 2022 წელს 815 არასრულწლოვანი ორსული აღრიცხა. ამავე მონაცემებით, გასულ წელს 434-მა არასრულწლოვანმა იმშობიარა. ამავე პერიოდის მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადრეულ ასაკში ქორწინების 171 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ 2022 წელს ადრეულ ასაკში ქორწინების 400 შემთხვევა შეისწავლა. უწყების ცნობით, ეს მონაცემი მკვეთრად აღემატება წინა წლებში შესწავლილი საქმეების რაოდენობას. საქსტატის ბოლო მონაცემებით, 16-დან 19 წლამდე ასაკში 1 571 გოგო და 258 ბიჭია დაქორწინებული.

UNFPA-ის საქართველოს ოფისის ინფორმაციით კი 20-24 წლის ქალების 13.9% ბავშვობის ასაკშია დაქორწინებული.

ბავშვთა ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით ეროვნული ვალდებულებების შესრულების დაჩქარება – UNFPA-ს კონფერენცია (01.12.2023)

“მოზარდები ჯერ კიდევ არ ფლობენ ინფორმაციას მხარდამჭერი სამსახურების შესახებ, რომლებსაც უნდა მიმართონ საჭიროების დროს; საჯარო დაწესებულებები ეფექტიანად არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევათა დროული გამოვლენისა და აღკვეთის მიმართულებით; სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის კოორდინირების მექანიზმი გაუმჯობესებას საჭიროებს პრობლემისადმი ჰოლისტური მიდგომის უზრუნველსაყოფად; იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები არ მოგვარდება, მოზარდი გოგონები მუდმივად საფრთხის ქვეშ იქნებიან”, — ასე აფასებს ბავშვთა ქორწინების საზიანო პრაქტიკას UNFPA.

რას ამბობენ სახელმწიფო უწყებები?

პარლამენტი

დეპუტატი, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრი, ბაია კვიციანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებობს საკმარისი ინსტრუმენტები, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე, ადრეული ქორწინების აღმოსაფხვრელად. თუმცა ამბობს, რომ საჭიროა “გავაღვიძოთ” ეს ინსტრუმენტები და ეფექტიანად გამოვიყენოთ.

ბაია კვიციანი, დეპუტატი – გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი

“იმდენი მექანიზმია დანერგილი და იმდენი ინსტრუმენტი არსებობს, თუნდაც, რეფერირების ინსტრუმენტი, მაგრამ, საქმე რაშია — რა ინსტრუმენტებიც გვაქვს, ამას იყენებენ? დირექტორები იყენებენ ამას? არ იყენებენ. რაც არ უნდა დაწერო, იმ ადამიანს თუ უნდა, რომ რამე დამალოს, აუცილებლად, კარს მიღმა, ამას დამალავს. ხომ არ სჯობს, ამ ინსტრუმენტებზე ცნობიერების ამაღლებაზე ვიმუშაოთ?! ბევრი ჩანაწერი გვაქვს და ის ჩანაწერები რომ გავაღვიძოთ, რაც გვაქვს და ავათვისებინოთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდება, იქნება ბევრად უფრო ეფექტიანი”, — თქვა ბაია კვიციანმა კონფერენციაზე.

დეპუტატმა ისაუბრა გენდერული საბჭოს საქმიანობაზე და აღნიშნეს, რომ აქტიურად ატარებენ შეხვედრებს რეგიონებში ახალგაზრდებთან. კვიციანის აზრით, ახალგაზრდების უკვე აქვთ საკმარისი ინფორმაცია და ცნობიერების ამაღლება ახლა უკვე მშობლებს სჭირდებათ.

“ჩვენ რომ ჩავდივართ რეგიონებში, ძალიან ხშირად მოდის ხოლმე აგრესია ახალგაზრდებისგან, რომლებიც წინააღმდეგობას გვიწევენ და შეურაცხყოფად იღებენ, როცა ამაზე ელაპარაკები. გეუბნება, რომ მე უკვე ვიცი, რომ ეს არ არის მისაღები. აქედან გამომდინარე, ე.ი. შედეგი დადგა. მაგრამ, ახლა უკვე ვეხებით პრობლემას მშობლებთან. ვფიქრობ, ყურადღებიდან გამოგვრჩნენ მშობლები. ანალოგიურად უნდა გვემუშავა უფროს თაობაზე. უბრალოდ, მათთან კავშირის დამყარება არ არის ისეთი მარტივი, როგორც, მაგალითად, სკოლებში შესვლა და ბავშვებთან კონტაქტი. ამიტომ მგონია, რომ ახლა ანალოგიური მოტივირებულობით უნდა მივუდგეთ სხვა ჯგუფების ცნობიერების ამაღლებას. ამაში ვხედავ გენდერული საბჭოს დიდ როლს”, — განაცხადა დეპუტატმა.

ბაია კვიციანიის თქმით, პრობლემა კომპლექსურია და მის გადასაჭრელად სისტემური მიდგომაა საჭირო.

განათლების სამინისტრო

განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა ჩამოთვალა ის საგნები, რომლებიც მოცემულია ინფორმაცია რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ადრეული ქორწინებისა და ზოგადად, ადამიანის უფლებების შესახებ შესახებ — “მე და საზოგადოება”, “ბიოლოგია”, “მოქალაქეობა”. მისივე თქმით, ამ თემებზე ცნობიერების ამაღლებისთვის მუშაობს არაფორმალური განათლების მიმართულებითაც. თამარ მახარაშვილი ირწმუნება, რომ უწყებას აქვს ძლიერი რეფერირების მექანიზმი.

თამარ მახარაშვილი – განათლების მინისტრის მოადგილე

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა სკოლებში ე.წ. ექიმის საათის საპილოტე პროექტზე და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით მშობლების დამოკიდებულება არაერთგვაროვანი იყო. მახარაშვილის თქმით, სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ გაიზარდოს მშობელთა მიმღებლობა ამ პროექტის მიმართ.

მინისტრის მოადგილემ დააანონსა, რომ სამინისტრო აპირებს გამოიკვლიოს, რა მიზეზით წყვეტენ სკოლაში სწავლას გოგონები 9 კლასის შემდეგ. გარდა ამისა, იგეგმება სკოლებში პროფესიული განათლების ინტეგრირება — 9 კლასის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, სასკოლო სივრცეშივე მიიღონ პროფესიული განათლება. თამარ მახარაშვილის ინფორმაციით, პროექტი თავდაპირველად საპილოტე რეჟიმში, 50 სკოლაში ამოქმედდება.

“ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თვალი გავუსწოროთ არსებულ პრობლემებს, რომლებიც მოგვყვება ტრადიციულად. კულტურის ცვლილებაზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ, მენტალობის, დამოკიდებულების ცვლილებაზე კონკრეტული საკითხისადმი. ეს მოითხოვს მუხლჩაუხრელ შრომას, ძალიან მნიშვნელოვანი კოორდინირებით ყველა უწყებისგან. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მხოლოდ სკოლის კედლებში არ არის საკმარისი”, — განაცხადა თამარ მახარაშვილმა.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა, რუსუდან კოხოძემ ისაუბრა ადრეული ქორწინების პრევენციის, იდენტიფიცირებისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების პროცესში სოციალური მუშაკების როლზე. კოხოძე ჰყვება, როგორ მართავს სააგენტოში დასაქმებული 200-მდე სოციალური მუშაკი ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებულ შემთხვევებს.

“როგორც კი ჩვენთან შემოვა ინფორმაცია ადრეული ქორწინების სავარაუდო შემთხვევის შესახებ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სწრაფი ჩარევა. ამისთვის სოციალურ მუშაკს რამდენიმე ეტაპის სამუშაო აქვს ჩასატარებელი. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ დაამყაროს კომუნიკაცია თავად ბავშვთან, ოჯახთან, მოიპოვოს ნდობა და შემდგე უკვე აწონ-დაწონოს, რა რისკები არსებობს და აქედან გამომდინარე დაგეგმოს შესაბამისი ინტერვენცია.

როდესაც დასტურდება ფაქტი, სოციალური მუშაკები მიმართავენ ქვეყანაში არსებულ ყველა მექანიზმს იმისთვის, რომ შემთხვევაზე მოხდეს რეაგირება. თუმცა, არის შემთხვევები, როცა საქმეების იდენტიფიცირება არის ცოტა დაგვიანებული. სოციალური მუშაკები მთელ ამ პროცესში ითვალისწინებენ ბავშვების აზრს, მათ შეხედულებებს საკუთარი ცხოვრების შესახებ”, — განმარტავს კოხოძე.

რუსუდან კოხოძე – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი

მისი თქმით, მსგავსი ფაქტების შემდეგ სოციალური მუშაკი პერიოდულად ამოწმებს ბავშვის მდგომარეობას ოჯახში. იმ შემთხვევაში კი, თუ გამოიკვეთა ზრუნვასთან დაკავშირებული რისკები, ბავშვი გამოჰყავთ ოჯახიდან. ამის შემდეგ ბავშვები მიჰყავთ თავშესაფარში, სადაც საცხოვრებლის გარდა, საჭიროების შემთხვევაში, მათთვის ხელმისაწვდომია ფსიქოლოგიური და სამართლებრივი მხარდაჭერა. გარდა ამისა, არსებობს ალტერნატიული ზრუნვის ფორმები — მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლები და ა.შ.

რუსუდან კოხოძის განმარტებით, ზრუნვის სააგენტომდე ადრეული ქორწინების შესახებ ინფორმაცია, ძირითადად, შინაგან საქმეთა სამინისტროდან ან სამედიცინო დაწესებულებიდან – როცა არასრულწლოვანი იმშობიარებს, რეფერალის შედეგად აღწევს. ამ შემთხვევაში სოციალური მუშაკებს უკვე მომხდარ ფაქტზე უწევთ რეაგირება. საუკეთესო შემთხვევაში, უწყებამ უნდა შეძლოს პრევენცია.

რუსუდან კოხოძემ ისაუბრა გამოწვევებზეც. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მან დაასახელა სოციალური მუშაკების კვალიფიკაცია.

“მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი ძალისხმევა იყო ჩადებული წლების განმავლობაში სოციალური მუშაკების გაძლიერებისთვის, კადრების სიმწირიდან გამომდინარე, გადინებიდან გამომდინარე, ხშირად ვდგებით კვალიფიკაციის პრობლემის წინაშე. ყველა სოციალური მუშაკი, რომელიც ამ პროცესში არის ჩართული, არ არის სპეციალიზებული ამ მიმართულებით, რაც პრობლემაა, იმიტომ, რომ მათ ძალიან სენსიტიურ საკითხთან უწევთ შეხება და უნდა ჰქონდეთ შესაბამისი უნარები და კომპეტენცია, რომ ბავშვს სწორად მიაწოდონ ინფორმაცია და შეძლონ მათი უფლებების დაცვა”, — ამბობს კოხოძე.

მისი თქმით, ადამიანური რესურსების სიმწირის გამო სოციალური მუშაკები ზოგჯერ ვერ ახერხებენ, იდენტიფიცირებულ პრობლემას მიჰყვნენ ბოლომდე და მოაგვარონ. კოხოძემ ერთ-ერთ გამოწვევად დაასახელა ენის ბარიერი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგონებში, რაც ურთულებს სოციალური მუშაკებს, პოტენციურ ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრების ნდობა მოიპოვონ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

UNFPA-ს კონფერენციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოადგენდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ოსაძე. გამოსვლისას მან ძირითადი ყურადღება გაამახვილა მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებზე.

გიორგი ოსაძე – შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი

“საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ უწყებებთან ერთად არაერთი შეხვედრა გავმართეთ […] მიმდინარე კამპანიის დროს, 2302 სკოლაში — როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებში- განათლების სამინისტროსთან თანამშორომლობით გავაკარით პოსტერები, სადაც დეტალურად არის გადმოცემული ინფორმაცია სახელმწიფოში არსებულ მექანიზმებზე, ქორწინების იძულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ რეგულაციებზე და იმ საზიანო პრაქტიკებზე, რასაც ბავშვობის ასაკში ქორწინება იწვევს. ეს არის ერთ-ერთი კარგი გზა, რომ მივიდეთ აბსოლუტურად ყველა ბავშვამდე.

გარდა ამისა, ალბათ, თითოეულ თქვენგანს მოგივიდათ მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომლითაც ერთგვარი რეკლამას ვუკეთებთ 112-ის აპლიკაციას, რომელიც არის ძალიან კარგი პრევენციული საშუალება, რაც მსხვერპლს აძლევს საშუალებას, სწრაფად დაუკავშირდეს პოლიციას”, – განაცხადა ოსაძემ.

ბავშვთა ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე შსს-სთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ოსაძემ გამოძიებასთან თანამშრომლობისგან, ზოგადად, პოლიციისთვის მიმართვისგან თავის შეკავება დაასახელა. ოსაძის თქმით, ეს პრობლემას ქმნის როგორც პრევენციის ეტაპზე, ისე უშუალოდ გამოძიებისას – როცა მოწმე, რომელსაც კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაციის გაცემა შეუძლია, ამა თუ იმ მიზეზით უარს ამბობს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.

გამოძიების ხარისხის დეპარტამენტის დირექტორმა ისაუბრა გამოძიების ხარისხზეც, რასაც პირველ რიგში, სამართალდამცველთა კვალიფიკაცია განსაზღვრავს. მისი ინფორმაციით, მომავალი წლიდან პოლიციის აკადემიის ბაზაზე დაემატება ტრენინგ-კურსები სქესობრივი დანაშაულებისა და ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. ორივე კურსის ფარგლებში ინტეგრირებულია ბავშვთა ქორწინებასთან დაკავშირებული საკითხები. შსს-ს მოქმედი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის კი, ოსაძის თქმით, მუდმივად ტარდება ტრენინგები.

პროკურატურა

გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლინდა ბიჭიკაშვილი აცხადებს, რომ უწყებისთვის ქალთა მიმართ ძალადობა, კონკრეტულად კი, არასრულწლოვან გოგონათა ქორწინება ერთ-ერთი პრიორიტეტია. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა. განსაკუთრებით, სქესობრივი დანაშაულებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაზეც ბიჭიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა, არის სისხლის სამართლის 140-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. ამ მუხლით გამოძიება მიმდინარეობს მაშინ, თუ არასრულწლოვანი იტყვის, რომ სქესობრივ კავშირზე თანახმა იყო და ძალადობას ადგილი არ ჰქონია. უფლებადამცველები დიდი ხანია ამ მუხლის საერთოდ გაუქმებას ითხოვენ, რადგან მიიჩნევა, რომ 16 წელს მიუღწეველ არასრულწლოვანს არ შეუძლია თავისუფალი ნების საფუძველზე თანხმობის გაცემა და სრულწლოვნის მიერ ამ ასაკის ბავშვთან სქესობრივი კავშირი აპრიორი ძალადობაა. ბიჭიკაშვილის თქმით, საქმეებზე, სადაც დაზარალებული 12 წლამდე ბავშვია, პროკურატურა ცდილობს საქმე 140-დან 137-ე – გაუპატიურების მუხლზე გადააკვალიფიციროს.

ლონდა ბიჭიკაშვილი – გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

“ყურადღება მინდა გავამახვილო პროკურატურის, ჩემი შეფასებით, პროგრესულ მიდგომაზე იმასთან დაკავშირებით, რომ 12 წლამდე არასრულწლოვანთან მიმართებით ე.წ. ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი არ კვალიფიცირდება სსკ-ის 140-ე მუხლით და ნებისმიერი ასეთ შემთხვევა ჩენი პრაქტიკით უკვე გადაკვალიფიცრებულია, როგორც გაუპატიურება. ეს, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი გახლავთ, ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემის”, – განაცხადა ბიჭიკაშვილმა.

უფრო მეტიც, მისი თქმით, პროკურატურა აკვირდება, როგორია უკვე სასამართლოს მიდგომები ამგვარ საქმეებზე. ბიჭიკაშვილის ინფორმაციით, უმეტეს შემთხვევაში სასამართლო იზიარებს პროკურატურის პოზიციას და 12 წლამდე პირთან ე.წ. ნებაყოფლობით სქესობრივ კავშირს გაუპატიურებად აფასებს.

გარდა ამისა, ბიჭიკაშვილი ინფორმაციით, ბოლო 6 თვის განმავლობაში პროკურატურას არ გაუფორმებია 140-ე მუხლით გათვალისწინებულ ოჯახურ დანაშაულებზე საპროცესო შეთანხმება.

რაც შეეხება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ბიჭიკაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმის ცოდნა, რომ ესა თუ ის ქმედება დასჯადია, არამედ უფრო მეტად ის, თუ რატომ არის საზიანო ადრეულ ასაკში ქორწინება.

“არა მხოლოდ კანონის შიშით, არამედ ბავშვების უკეთესი მომავლის შექმნის მოტივაციით უნდა იხელმძღვანელოს თითოეულმა ადამიანმა”, — განაცხადა ლონდა ბიჭიკაშვილმა.

მთავრობა

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი საკუთარი როლს უწყებათაშორის კოორდინაციის გამუჯობესებაში ხედავს. სწორედ კოორდინაცია დაასახელა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ყველა სხვა უწყების წარმომადგენელმა.

ნიკო თათულაშვილი – პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში

“ჩვენ გვაქვს საკოორდინაციო ფუნქცია. კოორდინაცია გულისხმობს იმ უწყებების ჩართულობას, რომლებზეც გადანაწილებულია როგორც პრევენციის, ისე რეაგირების ვალდებულებები. ამის გარდა, ჩვენი მთავარი როლი არის პოლიტიკის დოკუმენტების შექმნა და მათი განხორციელების ხელშეწყობა”, — განაცხადა ნიკო თათულაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ინფორმაციით, მთავრობა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, მუშაობს პრევენციის სამოქმედო გეგმაზე. ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რას გულისხმობს ეს მექანიზმი, თუმცა თათულაშვილი ამბობს, რომ მას “ხელშესახები შედეგები ექნება”.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ყურადღება გაამახვილა 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმაზეც. დოკუმენტზე მუშაობა ჯერ დასრულებული არ არის. უფრო მეტიც, უფლებადამცველები მასში არსებითი ცვლილებების შეტანას მოითხოვენ. თუმცა თათულაშვილი ირწმუნება, რომ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დასრულდება და 2024 წლიდან უკვე მისი პრაქტიკაში დანერგვაც დაიწყება.

სამოქალაქო სექტორი

ქალთა უფლებადამცველი აქტივისტი, თოზუ გულმამედი, მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია პრევენცია. თოზუს შეფასებით, პოსტფაქტუმ ყურადღება გადადის დამნაშავეების დასჯაზე, რაც სამართლიანია, მაგრამ ვერ შველის იმ გოგონებს, რომლებიც უკვე გადაიტანეს ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ სექსუალური ძალადობა. განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა არ არსებობს გამართული მექანიზმები მსხვერპლი გოგონების მხარდაჭერისთვის.

“ვთქვათ, ადრეული ან იძულებითი ქორწინება იყო, შსს-ს ჰქონდა რეაგირება, დამნაშავე დაისაჯა. გოგონას რას ვთავაზობთ? ხშირად ის რჩება “ქმრის” სახლში, ან საკუთარ ოჯახში ბრუნდება — იქ, სადაც ქორწინება აიძულეს. თავშესაფრები არსებობს, მაგრამ გოგონები იქ თავს დაცულად და კომფორტულად ვერ გრძნობენ, ამიტომ ბრუნდებიან ოჯახში. ჩვენ გვჭირდება ისეთი მექანიზმი, რომ ამ ბავშვმა თავი მარტო არ იგრძნოს”, — ჰყვება თოზუ.

თოზუ გულმამედლი – აქტივისტი

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაზეც აქტივისტი ყურადღებას ამახვილებს, პასუხისმგებლობის არასრულწლოვან გოგონებზე გადატანაა — მისი თქმით, არ უნდა ველოდოთ ბავშვებს, როდის დარეკავენ პოლიციაში, შეეწინააღმდეგებიან ოჯახს და გარემოცვას, მისცემენ ჩვენებას ახლობლების წინააღმდეგ და ა.შ. თოზუს თქმით, მსგავს შემთხვევებში სახელმწიფო პროაქტიულად უნდა ჩაერიოს საქმეში და დაიცვას გოგონები.

“ჩვენ ისეთი სისტემა გვინდა, გოგონებისთვის ისეთი პირობები უნდა შევქმნათ, რომ არ ვაიძულოთ, ოჯახის წინააღმდეგ პოლიციას მიმართოს. ხომ ხვდებით, რომ ეს ძალიან რთული პასუხისმგებლობაა ბავშვისთვის?! მასწავლებელს დავაკისროთ პასუხისმგებლობა”, – ამბობს თოზუ გულმამედლი.

აქტივისტი გამოეხმაურა სამართალდამცველი უწყებების მიერ დასახელებულ პრობლემას გამოძიებასთან თანამშრომლობის შესახებ, თოზუ ფიქრობს, რომ უწყებები პასუხისმგებლობას მოსახლეობას, ხშირად დაზარალებულებს ანიჭებენ მაშინ, როცა პრობლემა მათ კვალიფიკაციაშია.

“გოგო რომ ტირილით მირეკავს და მე მთხოვს დახმარებას, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში უარყოფს [იძულებას], რას ნიშნავს ეს? იმას, რომ პოლიციის თანამშრომლებს არ აქვთ ის კვალიფიკაცია, რომ ამ ბავშვებს ისეთი პირობები შეუქმნას, რომ მათ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და თამამად ისაუბრონ”, — ამბობს თოზუ.

UNFPA-ის შეფასებით, ბავშვობის ასაკში ქორწინების განმაპირობებელ ფაქტორებს შორისაა სიღარიბე, მოზარდი გოგონების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა განათლებასა და განვითარების შესაძლებლობებზე, დისკრიმინაციული სოციალური ნორმები და სხვა.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი