ახალი ამბები

112-ის მობილურ აპლიკაციას დაემატა ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაცია

7 მარტი, 2019 • 2040
112-ის მობილურ აპლიკაციას დაემატა ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაცია

112-ის მობილურ აპლიკაციას დაემატა ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაცია და სასარგებლო რჩევები. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, ცვლილება აპლიკაციაში მათი მხარდაჭერით მოხდა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ამიერიდან ოჯახში ძალადობის განყოფილების დახმარებით დაინტერესებული პირები მარტივად მოიძიებენ ინფორმაციას, თუ რა არის ოჯახში ძალადობა და როგორია მისი ფორმები, ასევე, როგორ მოიქცნენ, თუ ოჯახში ძალადობის პრობლემა აქვთ, ან იციან ამგვარი შემთხვევები შესახებ.

აპლიკაცია მათ აწვდის ინფორმაციას ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის არსებული სახელმწიფო მომსახურებების – თავშესაფრების, კრიზისული ცენტრებისა და ცხელი ხაზის (116 006) შესახებაც. ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა ხელმისაწვდომი.

აპლიკაციას, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან უფრო სწრაფი რეაგირებისთვის არის განკუთვნილი, ადგილმდებარეობის განსაზღვრა შეუძლია. მას ჩუმი განგაშისა (SOS) და ჩატის ფუნქციები აქვს ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოქალაქეს საუბარი არ შეუძლია, ან დარეკვით საფრთხე ექმნება.

“აღნიშნული ფუნქციონალი განსაკუთრებით ოჯახში ძალადობის შემთხვევების დროსაა მნიშვნელოვანი. აღსანიშნავია, რომ SOS ღილაკზე დაჭერით 112-ის ოპერატორთან მოქალაქის ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი GPS კოორდინატები იგზავნება, დაფიქსირებულ ადგილზე კი პოლიცია მიდის. აპლიკაცია უფასოა და ხელმისაწვდომია ანდროიდისა და iOS-ის მომხმარებლებისთვის,” – წერს გაეროს ქალთა ორგანიზაცია.

ინიციატივა პროექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის მიზანს წარმოადგენს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენცია, მისი გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების აღმოფხვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი