საზოგადოება

რას ვერ იღებენ მოსწავლეები რეგიონებში — მასწავლებელი კაზრეთიდან განათლების უთანასწორობაზე

28 ნოემბერი, 2023 • 2429
რას ვერ იღებენ მოსწავლეები რეგიონებში — მასწავლებელი კაზრეთიდან განათლების უთანასწორობაზე

“საქართველოში არის თბილისი და იმის იქით აღარაფერია”, — ეუბნება “ნეტგაზეთს” დაბა კაზრეთის #1 საჯარო სკოლის მასწავლებელი, ნინო მელიქიშვილი. მან ჟურნალისტურ კარიერას თავი რამდენიმე წლის წინ დაანება და კაზრეთში ჯერ მოსწავლეების მომზადება, შემდეგ კი სკოლის პედაგოგობა დაიწყო.

როგორც ის გვიყვება, მასწავლებლობაზე არასდროს უფიქრია, თუმცა პანდემიისას, როდესაც ჟურნალისტობასთან ერთად ინგლისური ენის რეპეტიტორობა დაიწყო, მიხვდა, რომ ამ საქმის კეთება ძალიან მოსწონდა და ბევრი დადებითი საქმის გაკეთებასაც შეძლებდა. სწორედ აქედან დაიწყო მისი, როგორც მასწავლებლის ცხოვრება.

“ჩემი წარმოდგენები მასწავლებლობამდე იმასთან დაკავშირებით, თუ რა ცვლილებები იყო საჭირო და მას შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. მასწავლებლობამ მაჩვენა, რომ რაღაცები, რაც მეგონა მანამდე, რომ შესაცვლელი იყო, თურმე სულაც არ ყოფილა და თურმე ეს ბავშვები ბევრად უფრო მაგრები არიან, ვიდრე ეს მე სადღაც, თბილისიდან წარმომედგინა. თურმე ამ ბავშვებს გაცილებით მეტი შესძლებიათ და გაცილებით მეტი უნდათ, ვიდრე მე მეგონა თბილისიდან”, — ამბობს ნინო და განმარტავს, რომ მოსწავლეების სურვილის მიუხედავად, რეგიონებში მათთვის ბევრად ნაკლები შესაძლებლობებია, ვიდრე ცენტრალურ ქალაქებში.

ნინოს მიზანი მისი მოსწავლეებისთვის განათლებაზე შეძლებისდაგვარად მაქსიმალური თანაბარი ხელმისაწვდომობაა. ამისთვის მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობაში რთავს, რაც მათ საშუალებას მისცემს, კონკურენცია გაუწიონ სხვა თინეიჯერებს არა მხოლოდ რეგიონისა და თბილისის მასშტაბით, არამედ საერთაშორისო დონეზეც. ამჟამად მისი სამი მოსწავლე საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის FLEX-ის ნახევარფინალისტია.

სწორედ ამიტომ, როგორც თავად ამბობს, არ შემოიფარგლება მხოლოდ სკოლაში გატარებული საათებით და მის გარეთ ბავშვებს სრულიად უსასყიდლოდ ამეცადინებს ფრანგულში, ასევე ეხმარება სხვადასხვა უნარის განვითარებაში, როგორიცაა ლიდერობა, გუნდური მუშაობა, კრეატიულობა და სხვა.

„არ ვიცი, მე რამდენად შემიძლია განათლებაზე თანაბარხელმისაწვდომობის შეცვლა, მაგრამ რაც შემიძლია გავაკეთო, არის ის, რომ მათ ჰქონდეთ მაქსიმალური საშუალება, რაც შეიძლება ბევრი პროექტი და აქტივობა გავაკეთოთ, რომ ისინი ჩართული იყვნენ ამ პროცესებში და მათთვის წარმატება არ იყოს მხოლოდ სკოლაში ათიანი”, — განმარტავს ნინო.

ამისთვის მას მოსწავლეები დაჰყავს სხვადასხვა კონფერენციაზე, პერიოდულად ცდილობს  გაკვეთილებზე ბავშვები უცხოეთის სკოლებიდანაც ჩართოს ონლაინ, საჭიროების შემთხვევაში ეხმარება სხვადასხვა გაცვლითი პროგრამისთვის შესაბამისი დოკუმენტების მოწესრიგებაში და ა.შ.

ასევე მოსწავლეებთან ერთად დააფუძნა სასკოლო გამოცემა “კაზრეთი პრესი”, რომელსაც თავად მოსწავლეები მართავენ. ისინი არიან რედაქტორები, რეპორტიორები და მულტიმედია ჟურნალისტები. “კაზრეთი პრესი” ძირითადად სკოლის სიახლეებს აშუქებს, მაგრამ ბავშვებს სურთ, რომ წერონ მათ დაბაში არსებულ პრობლემებზეც და ამ გზით მიიტანონ ხალხის ხმა იმ ადამიანებამდე, ვისაც რეალური ცვლილებები შეუძლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი