საზოგადოება

სკოლის ბუფეტში ჩიფსის, კევის, შოკოლადის გაყიდვა აიკრძალა

24 ნოემბერი, 2023 • 6481
სკოლის ბუფეტში ჩიფსის, კევის, შოკოლადის გაყიდვა აიკრძალა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, მათი ინიციატივით, დარგობრივი სამინისტროების, დაინტერესებულ მშობელთა აქტიური ჩართულობით, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები“ დამტკიცდა.

სამინისტროს ცნობით, დოკუმენტში ასახულია სკოლის კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების რეკომენდაციები – აკრძალული მზა კვების პროდუქტები და ინგრედიენტები, სკოლის კვების ობიექტის თანამშრომელთა პირადი ჰიგიენის მოთხოვნები და სხვა.

რაც შეეხება იმას, ვინ გააკონტროლებს, თუ რამდენად დაიცავს სკოლაში ბუფეტის მოწყობაზე პასუხისმგებელი ბიზნესოპერატორი ზემოხსენებულ მოთხოვნებს, სამინისტრო აცხადებს:

“შესაბამისი სახელმწიფო უწყებების გარდა, სკოლის კვების ობიექტს ყოველდღიურ მონიტორინგს გაუწევს სკოლის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საბაზო და/ან საშუალო საფეხურის მოსწავლეებით, სკოლის მოსწავლეთა მშობლებით, მასწავლებლებით (სასურველია ბიოლოგიის), სკოლის ექიმი/ექთნით და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებით”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სკოლა უფლებამოსილია, მონიტორინგის ჯგუფში ჩართოს მუნიციპალიტეტში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრისა და მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებიც.

სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოსწავლეებში ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის სკოლის კვების ბლოკში აკრძალულია შემდეგი პროდუქტების გამოყენება:

  • საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, არომატიზებული წასახემსებლები (მაგ.: ჩიფსები, ჟელიბონი და სხვა);
  • მარილიანი, შაქრიანი ან ცხიმით დამუშავებული თხილეული, ხილი და ბოსტნეული;
  • მაიონეზი და მაიონეზით შეზავებული პროდუქტები;
  • დაკონსერვებული პროდუქტები;
  • თერმულად დაუმუშავებელი კვერცხი;
  • სოკო ნებისმიერი ფორმით;
  • კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი;
  • ტკბილი გაზიანი სასმელები;
  • ყავა.

“არაგადამდებ დაავადებათა განვითარების რისკის შემცირებისა და სიმსუქნის პრევენციის მიზნით, შერჩეული უნდა იქნეს შაქრის ნაკლები შემცველობის სურსათი, მათ შორის სასმელი. დაუშვებელია ტკბილი და გაზიანი სასმელების შეტანა (მათ შორის ხილის სასმელების, გაზიანი/უალკოჰოლო სასმელების, აღდგენილი სასმელების, ენერგეტიკული სასმელების) და გამოყენება.  კვებისათვის შერჩეული უნდა იქნეს დაბალი ცხიმის შემცველობის სურსათი. მიზანშეწონილია, ნაჯერი ცხიმები ჩანაცვლებულ იქნეს უჯერი ცხიმებით. შერჩეული უნდა იქნეს მარილის/ნატრიუმის ნაკლები შემცველობის სურსათი. ახალი პური წარმოადგენს თითოეული კვების აუცილებელ ნაწილს. ის შეიძლება შეიცვალოს ორცხობილით (დაუმტკბარი) ან მჭადით”, – ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტს- „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები“ –  სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც განათლების სამინისტრო სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი საკვების შეტანას კრძალავს. მსგავსი გადაწყვეტილება 2017 წელსაც მიიღეს, თუმცა მას რეკომენდაციის ხასიათი ჰქონდა და უცნობია, იქონია თუ არა დადებითი ეფექტი. ერთ-ერთი საჯარო სკოლის მაგალითზე “ბათუმელების” დაკვირვებით, მაშინ მოსწავლეები სკოლის გარეთ მაინც ახერხებდნენ შაქრიანი სასმელებისა და წასახემსებლების ყიდვას, უშუალოდ სკოლის ბუფეტში კი მხოლოდ ცომეული იყიდებოდა. მოგვიანებით ზოგიერთ ბუფეტში “აკრძალული” პროდუქციაც დაბრუნდა.

საქართველოში დიდი ხანია საინიციატივო ჯგუფები და პოლიტიკური პარტიების ნაწილიც ითხოვს სახელმწიფო პროგრამის ჩამოყალიბებას, რათა სკოლამ/სამინისტრომ თავად დანერგოს ბავშვებისთვის ჯანსაღი საჭმლის მიწოდების სერვისი, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს და მოსწავლეებისთვის უფასო იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი